საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა - მაიკლ დიქსონმა, მანუჩარ მარკოიშვილმა და გოგა ბითაძემ თავიანთ კლუბებში მორიგი მატჩები ჩაატარეს.
დიქსონმა „სტრასბურს“ საფრანგეთის ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოაპოვებინა. სტრასბურელებმა პირველი ტურის მატჩი დიქსონის 18 ქულის მიუხედავად „ანტიბთან“ სტუმრად დათმეს, მეორე ტურში კი ასევე გასვლითი შეხვედრა ჩაატარეს „პარი-ლევალუასთან“ და მაიკლის ლიდერობით 83:81 მოიგეს.
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა 10-დან 6 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, ბურთი ერთხელ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ. დიქსონმა 27 წუთში 19 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარება მიითვალა.
დიქსონის გუნდს მე-3 ტურის მატჩი 3 ოქტომბერს ელის, როდესაც შინაურ კედლებში “შალონ-რეიმსს” დაუხვდება.
მანუჩარ მარკოიშვილის “რეჯიო ემილიამ” სერია ა-ს ახალი სეზონის სტარტამდე უკანასკნელი საკონტროლო მატჩი სერია ა2-ის წარმომადგენელ “ “იმოლასთან” გამართა და გამარჯვების მოპოვება არ გასჭირვებია. ქართველი ლეგიონერის ახალმა გუნდმა მეტოქეს 92:60 სძლია.
მარკოიშვილმა 2 სამქულიანი ჩააგდო და გუნდს 6 ქულა შეაშველა, საუკეთესო კი იტალიის ნაკრების წევრი რიკარდო ჩერვი გახლდათ, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო. “რეჯიო ემილია” სერია ა-ს პირველი ტურის მატჩს 2 ოქტომბერს, “სიდიგას აველინოსთან” სტუმრად ჩაატარებს.
წარმატებულ საკლუბო კარიერას განაგრძობს სერბეთში საქართველოს ეროვნული ნაკრების 18 წლის წევრი გოგა ბითაძე. მისმა „მეგა ბიმაქსმა“ საკონტროლო შეხვედრაში თანაქალაქელი „ბეოგრადი“ 100:74 გაანადგურა.
გამარჯვებულთაგან 6 კალათბურთელმა და მათ შორის ბითაძემაც მიაღწია 10-ქულიან ზღვარს. ახალგაზრდა ქართველმა 10 ქულა დააგროვა. ბითაძის გუნდს ოფიციალური შეხვედრა 1 ოქტომბერს ელის, როდესაც ადრიატიკის ლიგის ეგიდით, ზაგრების “ციბონას” დაუხვდება.
gbf.ge