დორტმუნდის “ბორუსიას” მთავარი მწვრთნელი პეტერ ბოში აღიარებს, რომ “რეალმა” გამარჯვება (3:1) დაიმსახურა. ჰოლანდიელი სპეციალისტის თქმით, მართალია მსაჯი სერხიო რამოსის ეპიზოდში შეცდა, თუმცა “სამეფო კლუბმა” დამსახურებულად გაიმარჯვა.
“ჩვენი მარცხი მხოლოდ დაცვის ბრალი არაა – გვყავდა ძალიან ძლიერი მეტოქე, რომელიც თითქმის ყველა კომპონენტში ჩვენზე ერთი ნაბიჯით წინ იყო. დაცვაში თამაში მომავალში აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. გვიჭირს, როდესაც ჩვენს საჯარიმოსთან ზეწოლა დიდია.
პენალტი? – რამოსმა ხელით ითამაშა, მსაჯს თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა, მაგრამ ჩვენ დამსახურებულად წავაგეთ”, - განაცხადა ბოშმა.
შეგახსენებთ, “რეალმა” დორტმუნდში პირველად შეძლო გამარჯვება. ამაში დიდი წვლილი კრიშტიანუ რონალდუმ შეიტანა, რომელმაც დუბლი შეასრულა. “რეალს” ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს, ხოლო გერმანულ გუნდს ჯერ ქულა არ მოუპოვებია.