ფეხბურთი

13:34 | 27.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: სწორება პარიზისა და მადრიდისკენ

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის დარჩენილ ოთხ ჯგუფში გველოდება საინტერესო მატჩები. განსაკუთრებულ ინტერესს კი ორი შეხვედრა იწვევს: პარიზსა და მადრიდში დღის ორი უდაოდ გამორჩეული მატჩი გაიმართება.

დიდი ჯახი უნდა შედგეს “პარკ დე პრენსზე” – პსჟ-ს ამბიციების შესახებ ყველამ კარგად ვიცით, ჰოდა, მიმდინარე სეზონში პირველი გამოცდა პარიზელებს დღეს აქვთ ჩასაბარებელი, მეტოქე მიუნხენის “ბაიერნია”. კილიან მბაპე და ნეიმარი პარიზული გუნდის ახალწვეულები არიან და ამ გუნდის გაძლიერებაც სწორედ მათ სახელებთან ასოცირდება. პირველ ტურში ორივე გუნდმა ძალზე ადვილი გამარჯვება მოიპოვა, თუმცა შიდა ჩემპიონატების ბოლო ტურში ორივემ წარუმატებლად ითამაშა. ერთმა “მონპელიეს” ვერ მოუგო, მეორემ – “ვოლფსბურგს”. საერთოდ, კარლო ანჩელოტის ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. იტალიელისთვის სერიოზული თავსატეხია მანუელ ნოიერის ტრავმა. იმდენად სერიოზული, რომ “ბაიერნს” ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ფეხბურთიდან ზაფხულში წასული ტომ შტარკეს შეყვანა მოუწია... პრობლემები პსჟ-შიცაა. ნეიმარი და კავანი – მავანთა თქმით, მათ შორის კონფლიქტია, მაგრამ კლუბი ამას უარყოფს. უნაი ემერი დღეს თითქმის არავის მოისაკლისებს, ხოლო ანჩელოტის დანაკლისი ნაწილობრივ უკვე ვახსენეთ: ნოიერის გარდა, ბერნატის თამაშიც გამორიცხულია.

შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ ამ გუნდთა ურთიერთშეხვედრებში უპირატესობას ფრანგები ფლობენ. 4 მოგება, 0 ფრე და 2 წაგება. ბურთების ბალანსი კი თანაბარია – 8:8. ბოლოს პარიზს “ბაიერნი” 2000 წლის 26 სექტემბერს ესტუმრა და 0:1 წააგო. უკანასკნელი შეხვედრაც იმავე წელს შედგა, 18 ოქტომბერს, მიუნხენში გერმანელებმა იმძლავრეს – 2:0.

ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი პირველად გაიჟღერებს “ვანდა მეტროპოლიტანოზე” – მადრიდის ახალ, თანამედროვე სტადიონს პირველად “ჩელსი” სტუმრობს. ძალიან საინტერესო დუელი გველოდება: დიეგო სიმეონე ანტონიო კონტეს პირისპირ. არგენტინელს თუ დავუჯერებთ, იტალიელი უკეთესი სპეციალისტია და პირიქით. მოკლედ, დიდი ამბები გველოდება მადრიდში. “ჩელსის” “ატლეტიკო” კარგად არ უნდა ახსენდებოდეს: 2014 წელს ნახევარფინალში ესპანელებმა იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ. მთლიანობაშიც მცირე უპირატესობას “როხიბლანკო” ფლობს: 2 მოგება, 2 ფრე, 1 წაგება. მიმდინარე სეზონი ორივე გუნდმა თითქმის იდენტურად დაიწყო – ლა ლიგასა და პრემიერლიგაში ვერ ლიდერობენ, მაგრამ ლიდერთა მარაქაში არიან გარეულნი.

დიეგო სიმოენე დღევანდელ შეხვედრაში ფერნადესს, ხოლო კონტე დრინკუოთერს ვერ დაიხმარს. სხვა მხრივ, ორივე გუნდი საბრძოლო განწყობით ხვდება შეხვედრას და ბევრი რომ არ გაგვიგრძელდეს, დიდი ამბები გველის “ვანდა მეტროპოლიტანოდან”.

წეღან ვახსენეთ, რომ “ატლეტიკოს” ახალ სტადიონზე პირველად გაიჟღერებს ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი. იგივე მოხდება ბაქოში, ოლიმპიურ სტადიონზე. “ყარაბაღი” საკუთარ კედლებში პირველ შეხვედრა ჩაატარებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. მეტოქე იტალიური “რომაა”. რა თქმა უნდა, “ჯალოროსი” ფავორიტია და თუ იტალიის ვიცე-ჩემპიონს ჯგუფიდან გასვლაზე პრეტენზია გააჩნია, ბაქოში აუცილებლად უნდა მოიგოს.

კატალონიის “ბარსელონა”, რომელიც უბრალოდ ფანტასტიკურ ფორმაშია და ესპანეთის სუპერთასის მატჩებს თუ არ ჩავთვლით, ყველა თამაში მოიგო, ლისაბონში იმყოფება და “სპორტინგის” დაბრიყვებას აპირებს. “ბარსა” პორტუგალიის დედაქალაქში უსმან დემბელეს გარეშე ჩავიდა, რომელიც დიდი ხნით გამოაკლდა. სხვა მხრივ, ერნესტო ვალვერდე არც საკადრო პრობლემებს უჩივის და არც გუნდის ფორმაში არყოფნას. “ბლაუგრანა” უბრალოდ შეუდარებელია. შეუდარებელია ლიონელ მესი და დიდებული დასაწყისი აქვს პაულინიოს. მოკლედ, “ბარსელონას” ყველანაირი წინაპირობა აქვს, რომ ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდეს. თუმცა, თავის მხრივ, “სპორტინგის” ჩამოწერაც არ ივარგებს – ლისაბონელებმა ათენში იმარჯვეს და მეორე ადგილისთვის აპირებენ ბრძოლას. აქედან გამომდინარე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება საკუთარ მოედანზე გასამართ შეხვედრებს. ჟორჟე ჟესუსი პრობლემებს არ უჩივის და მოედანზე იმ ფეხბურთელების გაყვანა შეუძლია, ვისაც მოისურვებს.

ამავე ჯგუფის მეორე მატჩში “იუვენტუსი” “ოლიმპიაკოსს” უმასპინძლებს. “იუვეს” შანსი რა თქმა უნდა, უფრო ფასობს. მაგრამ, მასიმილიანო ალეგრის გუნდმა პირველ ტურში კატასტროფული ფეხბურთი აჩვენა. სამაგიეროდ, ყველაფერი რიგზეა იტალიის ჩემპიონატში: 6-დან 6 მოგება. პაულო დიბალა კი გამორჩეულ სეზონს ატარებს. ვნახოთ, არგენტინელი ჩემპიონთა ლიგის კომპლექსს დაძლევს თუ არა. “ოლიმპიაკოსმა” კი სამი დღის წინ მოძულე აეკ-თან წააგო და მთავარი მწვრთნელი ბესნიკ ჰასი გაათავისუფლა. დღეს ბერძნებს დროებით მწვრთნელი ტაკის ლემონისი დამოძღვრავთ.

მასიმილიანო ალეგრი მარკიზიოს, ჰიოვედესს, დე შილიოსა და პიაცას ვერ დაიხმარს, ხოლო საბერძნეთის ჩემპიონი კაპინოს და ვუკოვიჩის გარეშე ითამაშებს.

“იუვენტუსი” და “ოლიმპიაკოსი” აქამდე 10-ჯერ შეხვედრილან. 6 მატჩი ტურინელებმა მოიგეს, 2 ბერძნებმა, ორიც ფრედ დასრულდა. ბოლოს 2014-2015 წლების სეზონში, ასევე ჯგუფურ ეტაპზე შედგა მათი თამაში: ათენში მასპინძლებმა მოიგეს (1:0), ხოლო ტურინში “იუვენტუსმა” – 3:2. და მაინც, “ბებერ ქალბატონს” “ოლიმპიაკოსი” ძალიან კარგ მოგონებებს უღვიძებს. საქმე ისაა, რომ 2003 წელს მეტოქე 7:0 გააცამტვერა და ეს გამარჯვება “იუვეს” ისტორიაში სარეკორდოა ჩემპიონთა ლიგაზე. ეგ კი არა, მთლიანად რეკორდი იყო 2008 წლამდე, მანამ, სანამ “ლივერპულმა” “ბეშიქთაშს” არ გადაურბინა (8:0).

და ბოლოს, მოსკოვში გასამართ მატჩზეც ვთქვათ: ცსკა – “მანჩესტერ იუნაიტედი”. ჟოზე მოურინიოს გუნდი სეზონის სტარტზე უბრალოდ ფანტასტიკურია და წესით, ცსკა-ს კარგი დღე არ ელის. “მანკუნიანელებს” მიჯრით ოთხი მოგება და პრემიერლიგის ლიდერის სტატუსი უმაგრებთ ზურგს, ხოლო რუსები მაინცდამაინც, ვერ ვარგობენ. მაგრამ, პირველ ტურში ცსკა-მ ლისაბონიდან სამი ქულა წამოიღო და ახლაც უნდა სცადოს სიურპრიზის შეთავაზება მეტოქისთვის.

ჟოზე მოურინიო მოსკოვში პოლ პოგბას, იბრაჰიმოვიჩს, ფელაინისა და როხოს მოისაკლისებს. მაშინ, როდესაც ვიქტორ გონჩარენკო სრული შემადგენლობით დაუხვდება ინგლისურ გრანდს.

ეს გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ შეხვედრილან. ცსკა მოუგებელია: 2 ფრე, 2 წაგება.

A ჯგუფი

ცსკა – “მანჩესტერი”

მოსკოვი, VEB არენა

27 სექტემბერი, 22:45 საათი

ცსკა (5-3-2): აკინფეევი; ნაბაბკინი, ვასინი, ვ. ბერეზუცკი, ა. ბერეზუცკი, შენიკოვი; გოლოვინი, ვერნბლუმი, ძაგოევი; ვიტინიო, ოლანარე

მწვრთნელი: ვიქტორ გონჩარენკო

“მანჩესტერი” (4-2-3-1): დე ხეა; დარმიანი, ბაილი, ჯონსი, ბლინდი; ერერა, მატიჩი; მატა, მხითარიანი, რეშფორდი; ლუკაკუ

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი)

“ბაზელი” – “ბენფიკა”

ბაზელი, “სენტ იაკობს პარკი”

27 სექტემბერი, 22:45 საათი

“ბაზელი” (3-4-1-2): ვაცლიკი; აკანჯი, სუხი, ბალანტა; სტეფენი, ზუფი, ჯაკა, ლანგი; ელიუნუსი; ობერლინი, ვან ვოლფსინკელი

მწვრთნელი: რაფაელ ვიკი

“ბენფიკა” (4-4-2): ჟულიო სეზარი; ანდრე ალმეიდა, ლუიზაო, რუბენ დიასი, გრიმალდო; ფეისა, სალვიო, ჩერვი; ჟონასი, სეფეროვიჩი

მწვრთნელი: რუი ვიტორია

მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)

B ჯგუფი

“პარი სენ ჟერმენი” – “ბაიერნი”

პარიზი, “პარკ დე პრენსი”

27 სექტემბერი, 22:45 საათი

“პარი სენ ჟერმენი” (4-3-3): არეოლა; დანი ალვეში, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კურზავა; ვერატი, ტიაგო მოტა, რაბიო; მბაპე, კავანი, ნეიმარი

მწვრთნელი: უნაი ემერი

“ბაიერნი” (4-3-3): ულრაიხი; კიმიხი, ჰუმელსი, ბოატენგი, რაფინია; ხამესი, ალკანტარა, ვიდალი; რობენი, ლევანდოვსკი, რიბერი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

მსაჯი: ანტონიო მატეუ (ესპანეთი)

“ანდერლეხტი” – “სელტიკი”

ბრიუსელი, “ვანდენ სტოკი”

27 სექტემბერი, 22:45 საათი

“ანდერლეხტი” (4-3-3): ბოეკსი; აპია, სპაჰიჩი, დეშახტი, სოვა; ტრებელი, დენდოკერი, სტანჩუ; ჰანი, ბერიჩი, ონიეკურუ

მწვრთნელი: ნიკოლას ფრუტოსი

“სელტიკი” (4-2-3-1): გორდონი; ლუსტიგი, შიმუნოვიჩი, ბოაიტა, ტიერნი; ბრაუნი, ნტჩამი; რობერტსი, არმსტრონგი, სინკლერი, გრიფიტსი

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

მსაჯი: ხესუს ჟილი (ესპანეთი)

C ჯგუფი

“ატლეტიკო” – “ჩელსი”

მადრიდი, “ვანდა მეტროპოლიტანო”

27 სექტემბერი, 22:45 საათი

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუისი; კოკე, გაბი, პარტეი, ნიგეზი; გრიზმანი, კორეა

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

“ჩელსი” (3-4-3): კურტუა; ასპილიკუეტა, ლუისი, კეჰილი; ძაპაკოსტა, კანტე, ბაკაიოკო, ალონსო; ვილიანი, მორატა, პედრო

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

“ყარაბაღი” – “რომა”

ბაქო, “ოლიმპიურ სტადიონი”

27 სექტემბერი, 20:00 საათი

“ყარაბაღი” (4-2-3-1): კანიბოლოცკი; მედვედევი, ჰუსეინოვი, იუნასზადა, რჟენჩინაკი; მიჩელი, რიჩარდ ალმეიდა; ენრიკე, ელიოუნუსი, მადატოვი; ნდლოვუ

მწვრთნელი: გურბნ გურბანოვი

“რომა” (4-3-3): ალისონი; ბრუნო პერესი, მანოლასი, ჟუან ჟესუსი, კოლაროვი; პელეგრინი, დე როსი, ნაინგოლანი; დეფრელი, ჯეკო, ელ შაარავი

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

მსაჯი: არტურ დიასი

D ჯგუფი

“სპორტინგი” – “ბარსელონა”

ლისაბონი, “ჟოზე ალვალადე”

27 სექტემბერი, 22:45 საათი

“სპორტინგი” (4-5-1): რუი პატრისიუ; პიჩინი, მატიე, კოატეში, სილვა; ჟელსონი, ვილიამ კარვალიო, ბატალია, ბრუნო ფერნანდესი, აკუნია; დუმბია

მწვრთნელი: ჟორჟე ჟესუსი

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; სემედუ, პიკე, უმტიტი, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა; მესი, სუარესი, დეულოფეუ

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

“იუვენტუსი” – “ოლიმპიაკოსი”

ტურინი, “ალიანც სთედიუმი”

27 სექტემბერი, 22:45 საათი

“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; სტურარო, ბარძალი, კიელინი, ალექს სანდრო; პიანიჩი, მატუიდი; კუადრადო, დიბალა, მანჯუკიჩი; იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“ოლიმპიაკოსი” (4-3-2-1): პროტო; ელაბდელაუი, ენგელსი, რომაო, ფიგერაში; ჟდილარი, ჟილე, ოჯიჯა; კარსელა-გონსალესი, სება; ჯურჯევიჩი

მწვრთნელი: ტაკის ლემონისი

მსაჯი: ტობიას შტილერი (გერმანია)

0.573621