ჭადრაკი

10:44 | 27.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიო თასის მფლობელს ტაი-ბრეიქი გამოავლენს

თბილისში მიმდინარე ვაჟ მოჭადრაკეთა მსოფლიო თასის ფინალში ლევონ არონიანს (სომხეთი 2802) და დინ ლირენს (ჩინეთი 2771) შორის გამართული დასკვნითი, მეოთხე პარტიაც ყაიმით დასრულდა და გამარჯვებულს ტაი-ბრეიქი გამოავლენს.

გუშინდელი პარტია შავი ფერის ფიგურებით მოთამაშე ლევონ არონიანის დომინირებით წარიმართა და სომეხ დიდოსტატს მოგებამდე ერთი ნაბიჯი აშორებდა, მაგრამ აუღელვებელი დინი, როგორც ყოველთვის, მედგრად იცავდა თავს.

შეხვედრაში რაგოზინის დაცვა გათამაშდა და შავებმა იოლად გაათანაბრეს. არონიანმა შუა თამაშში კარგად გამოიყენა მეტოქის მცირე უზუსტობები და ენდშპილში ზედმეტი პაიკით გადავიდა. თუმცა, შემდგომში რეალიზაცია გაუჭირდა და საბოლოოდ ყაიმს დასჯერდა.

ამრიგად, ძირითადი მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა და დღეს, დამატებით ტაი-ბრეიქში გამოვლინდება მსოფლიო თასის მფლობელი.

gcf.org.ge

0.113629