ფეხბურთი

22:30 | 26.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

სამწუხარო მარცხი: სავიომ საქართველო ევროპაზე არ გაუშვა

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო-2018-ის ფლეი-ოფში წააგო რუმინეთთან. გასვლაზე 2:2-ის შემდეგ, ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილები შინ 4:7 დამარცხდნენ. არადა, იყო მონაკვეთი, როცა ქართველებს მიჰყავდათ თამაში და ორი ბურთის სხვაობით იგებდნენ.

სამწუხაროდ, 12-გუნდიანი ფინალური ეტაპი განზე დარჩა. ერთი ნაბიჯიღა გვაკლდა, მაგრამ...

თავიდან რუმინელებმა გაიტანეს: პირველ შეხვედრაში დუბლის ავტორმა სავიომ ცაციით შეაგდო. თუმცა ქართველებმა ამის შემდეგ საშინელ დღეში ჩააგდეს სტუმართა მეკარე იანკუ. ორი ერთნაირი კომბინაციით გატანილი გოლი შორიდან... მურთაზ კაკაბაძემ და არჩილ სებისკვერაძემ დააქუხეს. გარდა ამისა, სებისკვერაძემ კონტრშეტევაზეც უძლიერესი დარტყმით გაუტანა იანკუს.

3:1 ვიგებდით და მალევე, აქეთ გავუშვით, ხოლო ტაიმის ბოლო წამზე (!) სტოიკამ ქუსლით გაგვიტანა. მეტი კონცენტრაცია იყო საჭირო. ერთი წამი იყო დარჩენილი, მეტოქეს უცებ გათამაშებისა და ზუსტი დარტმის საშუალება მივეცით.

მეორე ტაიმი კი პირწმინდად წავაგეთ. ათამაშდა სავიო, რომელმაც მთლიანობაში დღეს ოთხი გოლი გაგვიტანა. ორი რუმინეთშიც შეაგდო და შეიძლება ითქვას, სწორედ მან გადაწყვიტა ორივე მატჩის ბედი. მართლაც მაგარი ბრაზილიელი ჰყავს რუმინეთს.

და მაინც, საქართველოს ფუტსალის ნაკრების მიმართ ქების მეტი რა გვეთქმის. ნაკრებმა დიდი პროგრესი განიცადა.

ევრო-2018-ის ფლეი-ოფი

თბილისი. თბილისის ოლიმპიური სასახლე

საქართველო-რუმინეთი 4:7 (3:3)

საქართველო: კუპატაძე, ჭანუყვაძე, რონინიო, ბობოხიძე, სებისკვერაძე; ბუკია, კაკაბაძე, ლუკავა, თოფურია, კობაიძე, თოდუა, მაისაია, კურტანიძე, ფუმასა

მწვრთნელი: ავთანდილ ასათიანი

რუმინეთი: იანკუ, ფ.მატეი, პაულუ ფერეირა, იგნატი, სავიო; ტონიცა, მ.მატეი, რადუკუ, ლუპუ, ვიანა, სტოიკა, შიოჩი, ჩომა. პანზარუ

მწვრთნელი: რობერტ ლუპუ

გოლები: 0:1 სავიო (4), 1;1 კაკაბაძე (6), 2:1 სებისკვერაძე (7), 3:1 სებისკვერაძე (12), 3:2 პაულუ ფერეირა (13), 3:3 სტოიკა (20), 3:4 სავიო (22), 4:4 კურტანიძე (24), 4:5 სავიო (28), 4:6 რადუკუ (35), 4:7 სავიო (39)

მსაჯი: ჩერნი (ჩეხეთი)

0.122909