25-57 (მე-12 ადგილი)
40-42 (მე-7 ადგილი)
48-34 (მე-5 ადგილი)
53-29 (1-ლი ადგილი)
ეს ის შედეგებია, რომლებიც აღმოსავლეთის ერთ-ერთმა გუნდმა უკანასკნელი 4 რეგულარულის განმავლობაში აჩვენა. იმ 4 სეზონის, რომელიც მან თავისი ლეგენდის გარეშე ჩაატარა. 2013 წელს პოლ პირსი "ბრუკლინში", "ბოსტონი" კი ფსკერისაკენ წავიდა, მაგრამ ორივე მხოლოდ 1 წლით. 2014-15 წლების სეზონში გუნდმა აღმასვლა დაიწყო და NBA-ს ორი საუკეთესო გუნდიდან ერთი დაბრუნდა.
მუდმივი პროგრესი...
ძალიან კარგი სატრანსფერო პოლიტიკა...
ნაკლებად გაპიარებული, მაგრამ ძალიან მაღალი დონის ახალგაზრდა მწვრთნელი ახალგაზრდა კალათბურთელებით...
მებრძოლი სული...
ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიზეზებისა, რამაც მე-12 პოზიციიდან 1-ზე ასვლა განაპირობა და ამ ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ 3 სეზონი დასჭირდა. თუ ვინმეს გაინტერესებთ, რამდენად რთულია ამის მიღწევა, წარმოიდგინეთ, რომ მომავალ წელს დასავლეთ კონფერენციას "დენვერი" მოიგებს, ან აღმოსავლეთს - "პისტონსი". შეუძლებელია.
როდესაც ჩემი ბლოგი იქმნებოდა, რთულად წარმომედგინა, თუ ასე მოკლე დროში "სელტიქსზე" დავწერდი. არავინ მიწყინოთ, "ლეიკერსის" გულშემატკივარი ვარ. თუმცა, ჩემთვის ნამდვილი გულშემატკივრობა სწორედ ისაა, როდესაც პრინციპულ მეტოქეს უდიდეს პატივს სცემ და თუ ვინმეს ეჭვი გეპარებათ, მეჯიქისა და ლარის ურთიერთობა გაიხსენეთ - "დაუძინებელი მტრების" ლიდერები მოედნის გარეთ საუკეთესო მეგობრები იყვნენ.
"ლეიკერსი" - "ბოსტონი" ცალკე თემაა და ოდესმე ამაზე ცალკე დავწერ, ახლა კი მხოლოდ TD GARDEN-ის ბინადრებზე...
ყველაფრის მიუხედავად, "ბოსტონი" ის გუნდია, რომელსაც ყოველთვის ვგულშემატკივრობდი, ის NBA-ს და ზოგადად კალათბურთის სახეა. რა თქმა უნდა, მასზე აუცილებლად დავწერდი, მაგრამ დღეს მე სხვა რაიმე მამოძრავებს - როდესაც "ლეიკერსსა" და მის მომავალზე დავწერე, ერთ-ერთმა ადამიანმა მთხოვა, რომ მის საყვარელ გუნდზეც შემექმნა მსგავსი თემა. მისი არც სახელი ვიცი და არც გვარი, თუმცა, იმედი მაქვს, რომ ამ სტატიას წაიკითხავს და ისიამოვნებს.
მწვანე მაისურის მორგება ნებისმიერისთვის განსაკუთრებული მოვლენაა. როდესაც NBA-ს ყველა დროის საუკეთესო გუნდში გადადიხარ, უნდა იაზრებდე, რომ ეს გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ კალათბურთელობა. ასეთი შანსი ცხოვრებაში ერთხელ გეძლევა და ლეგენდარულ პარკეტზე საკუთარ თავს უნდა აჯობო. იმედი მაქვს, ჭორები გამართლდება და მომავალ სეზონში ამ მაისურით თოკოსაც ვიხილავთ და თუ ლიგაში ქართული ფინალიც შედგება, გურულების არ იყოს, "თლა უკეთესი".
წინა სეზონში კელტებს აშკარად არ გაუმართლათ, როდესაც აიზეას ჯერ პლეი-ოფის დაწყებამდე და გარდაეცვალა, შემდეგ კი აღმოსავლეთის ფინალურ სერიაში უმძიმესი ტრავმა მიიღო. გუნდმა მებრძოლი სული სწორედ ამ დროს გამოავლინა, როდესაც ყველაფრის მიუხედავად ჯერ "ჩიკაგოსთან" საკუთარ დარბაზში 2 მატჩის წაგების შემდეგ სერია მოატრიალა, შემდეგ ვერც ჯონ ვოლის საოცარმა სამქულიანმა გატეხა და "ვიზარდსს" მე-7 მატჩი მაინც მოუგო, ბოლოს კი უდავო ლიდერის გარეშე "კლივლენდს" ერთი მარცხი მაინც აგემა.
ზაფხულში ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის გუნდის ლიდერიც. ამასთან, დენი ეინჯმა კიდევ ერთი გონივრული გაცვლა გააკეთა - დრაფტის პირველი არჩევანი "ფილადელფიას" წლევანდელი მესამე და 2018 ან 2019 წლის პირველი რაუნდის პიკებში გაუცვალა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, "ბოსტონი" ფულცის ან ლონზოს არჩევას მაინც არ აპირებდა. შედეგი - ჯეისონ ტატუმი + დამატებითი ბონუსები. შუალედში კი გუნდმა გორდონ ჰეივორდის სახით ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო Two-way player დაიმატა.
გაუშვეს ტომასი და ბევრის აზრით (მათ შორის ჩემი), აიზეას ეს არ დაუმსახურებია. ის თითოეულ თამაშში ბოლომდე იხარჯებოდა და კარიერის "სელტიქსში" დასრულების სურვილიც არაერთხელ გამოთქვა. ზედ მიაყოლეს კრაუდერი, ზიზიჩი და 2018 და 2020 წლის პიკები. ზიზიჩის რა მოგახსენოთ, აი დრედებიანი მსუბუქი ფორვარდი კი კელტებისთვის ნამდვილად დიდი დანაკლისია. შეიძლება, შეტევაში არც ისე შთამბეჭდავია (არა შთამბეჭდავი, მაგრამ საკმაოდ კარგი), მაგრამ დაცვაში და შავი სამუშაოს შესრულებაში მხოლოდ ბრედლი თუ შეედრებოდა. სიტყვამ მოიტანა, და არც ეივერი ბრედლი აღმოჩნდა ხელშეუხებელი - პირველივე შესაძლებლობისას გუნდმა ის "დეტროიტში" მარკუს მორისის სანაცვლოდ გაუშვა.
წავიდნენ - ტომასი, ბრედლი, კრაუდერი, ჯერალდ გრინი, იერებკო, ამირ ჯონსონი, კელი ოლინიკი, ტაილერ ზელერი
მოვიდნენ - ირვინგი, ტატუმი, ჰეივორდი, მარკუს მორისი, ლარკინი (აღარ დავწვრილმანდები)
ირვინგი - ჰეივორდი - ტატუმი - მორისი - ჰორფორდი
სავარაუდოდ, სწორედ ასეთი იქნება "ბოსტონის" იდეალური სასტარტო ხუთეული. თუ ვერ შენიშნეთ, ხუთიდან ოთხი ახალწვეულია და შეთამაშებას დრო დასჭირდება. ეჭვი მეპარება, ეს პროცესი ისეთი ხანმოკლე აღმოჩნდეს, რომ მათ რეგულარულის მოგება შეძლონ. თუმცა კიდევ უფრო საეჭვოა ის, რომ ეს მათ საერთოდ მოინდომონ, რადგან მთავარი მაინც პლეი-ოფია და მოედნის უპირატესობის მოპოვება ამ შემადგენლობას ნებისმიერ გუნდთან შეუძლია. "სელტიქსი" იმ მცირერიცხოვან გუნდებს მიეკუთვნება, რომლისთვისაც სულ ერთია, 82 მატჩის შემდეგ რომელ ადგილს დაიკავებენ, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სამეულში შევლენ.
ძირითადი შემადგენლობა მართლაც მადისაღმძვრელად გამოიყურება, მაგრამ სკამის გარეშე რომ ვერც ერთი გუნდი ვერაფერს გახდება, ეს უკვე არაერთხელ დამტკიცდა. როგორია გუნდის სკამი?
სმარტი, როზიე, ბრაუნი - ეს ახალგაზრდა ტრიო ძალიან იმედისმომცემია და საკმარისადაც დაიტვირთება. რაც შეეხება დანარჩენებს, ლარკინის და ბეინსის გამოყენება ეპიზოდებში ძალიან კარგად შეიძლება, დანარჩენებისგან (ნადერი, ოჯელეიე, პიკი, უაითი, იაბუსელე) კი ბევრს არაფერს ველი.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდს ბევრი მაღალი დონის შემსრულებელი ჰყავს, ერთი მინუსი მაინც აშკარაა - ნებისმიერ მეტოქეს, რომელსაც კარგი "მაღლები" ჰყავს, "სელტიქსთან" უპირატესობა ექნება, რადგან მორისისა და ჰორფორდის გარდა, წინახაზელებიდან ვერავის გამოვარჩევ. ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუ არა ეინჯი კიდევ რომელიმე ფორვარდის ან ცენტრის დამატებას, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, კაირი-ჰეივორდის ვარსკვლავურ დუეტს ვარსკვლავების მოწყვეტა გაუჭირდება.
მოდით, თავისუფალ აგენტებს გადავხედოთ და დავფიქრდეთ, ვინ შეიძლება ეს ნახვრეტი შეავსოს.
ბრენდონ ბასი (32 წლის) - ვეტერანს "ბოსტონში" აქამდეც უთამაშია და საკმაოდ კარგადაც. მან ძალიან კარგად იცის კელტების შიდა სამზარეულო და კარგი ვარიანტია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ წლების მატების პარელელურად მისი პროდქტიულობა სულ უფრო მცირდება.
ბორის დიაო (35) - ბოლო წლებში მომრგვალებული ფრანგი ტიპური მძიმე ფორვარდია, თუმცა დღესდღეობით მისი, როგორც კარგი მაღალი მოთამაშის განხილვა ცოტა უადგილოა, რადგან ათლეტურობაში ძალიან მოიკოჭლებს და გუნდს ფარზე ბევრით ვერაფრით დაეხმარება.
ფესტუს ეზელი (27) - ნიგერიელი გასულ ზაფხულს "გოლდენ სტეიტიდან" "პორტლენდში" გადავიდა, მაგრამ ტრავმის გამო მთელი სეზონი გაუცდა, რაც გუნდებს მისი დამატებისგან აფრთხობს, თორემ სათადარიგო ცენტრად ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია.
როი ჰიბერტი (30) - ეს ადამიანი მთელი NBA-ს იმედგაცრუებაა. "პეისერსში" ძალიან კარგი სეზონებისა და დომინაციის შემდეგ, ყველასთვის მოულოდნელად, ძალიან დიდი რეგრესი განიცადა და ეჭვი მეპარება, ოდესმე ფორმის დაბრუნება და ნდობის მოპოვება შეძლოს.
ჯორდან ჰილი (29) - კარგი შეტევაში და გამჭვირვალე დაცვაში. ჰილი ყველაზე კარგი "ლეიკერსში" იყო, თუმცა იმ ფორმაციის გუნდში თავის გამოჩენა ბევრს გაუმარტივდებოდა. კარგი კალათბურთელია, მაგრამ "ბოსტონს" უფრო დაცვითი ცენტრი აკლია.
კრის ჰამფრისი (32) - ყველაზე მეტად სწორედ მისი ხილვა გამიკვირდება მწვანე მაისურით, რადგან ბევრი წელია, მის თამაშს თვალს ვადევნებ და დღემდე ვერ გამიგია, პარკეტზე რა მიზნით დარბის. იმდენად ცუდი კალათბურთელია, რომ როდესაც "დავგუგლე", მის სურათებში საკმაოდ ბევრი ვიქექე, სანამ თამაშის დროს გადაღებულ ფოტო ვიპოვე.
ტერენს ჯონსი (25) - ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტი, რომლისთვის ბრძოლაც ნამდვილად ღირს. საკმაოდ ჭკვიანი, ათლეტური, აგრესიული და ემოციური კალათბურთელი, რომლის ამ დრომდე თავისუფალი აგენტის სტატუსი ძალიან მაკვირვებს. ეინჯის ადგილას, ჯონსთან მოლაპარაკებებს დაუყოვნებლივ დავიწყებდი.
დევიდ ლი (34) - ძალიან ეჭვი მეპარება, ლიმ გუნდში დაბრუნება მოინდომოს, რადგან ბოსტონში გატარებული პერიოდი მისი კარიერის ყველაზე ცუდი მონაკვეთია.
დონატას მოტეიუნასი (26) - ნორმალური ფორვარდი მაღალი ინტელექტით და ნულოვანი სტაბილურობით. არამგონია, რამეში გამოიყენონ.
ლუის სკოლა (37) - ზედმეტად ვეტერანი.
ტიაგო სპლიტერი (32) - ჰამფრისისა და სკოლას ნარევი.
ჯარედ სალინჯერი (25) - აბსოლუტურად გაუგებარია, თუ რატომ გაუშვა "ბოსტონმა" ის თავის დროზე. ახალგაზრდა მძიმე ფორვარდის კარიერა სწორედ ამის მერე აირია და თუ ორივე მხარე წყენას დაივიწყებს, ჯარედი გუნდს ძალიან გამოადგება.
დერიკ უილიამსი (26) - არანაირი დაცვა. მეტად აღარ განვავრცობ.
როგორც ხედავთ, არჩევანი არც ისე დიდია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი პირადად ჩემთვის სრულიად გაუგებარია, თუ რატომ არ იბრძოლა "ბოსტონმა" ენდრიუ ბოგუტისთვის, რომელიც რამდენიმე დღის წინ "ლეიკერსმა" ვეტერანის მინიმალურ ხელფასზე დაითანხმა.
სამწამიანის გარდა, დაცვისას გუნდს პრობლემები პერიმეტრზეც ექნება. რეალურად, "სელტიქსის" დაცვა წინა სეზონში ბრედლისა და კრაუდერზე იყო აგებული, დღეს კი მათ ნაცვლად ტატუმსა და ჰეივორდს ვხედავთ და ორივეს მიმართ დიდი პატივისცემისა, დაცვა აშკარად შესუსტებულია.
და მაინც, რას უნდა ველოდოთ "სელტიქსისგან" მომავალ სეზონში? გადაჭრით თქმა რთულია, მაგრამ პროგნოზის გაკეთება რომ გაგვიმარტივდეს, აღმოსავლეთის სხვა გუნდებს გადავხედოთ და დავფიქრდეთ, ვისთან მოუწევს ყველაზე ტიტულოვან გუნდს პირველობისთვის ბრძოლა.
ორლანდო, ინდიანა, ატლანტა, ნიუ-იორკი, ბრუკლინი, ჩიკაგო - უშანსოდ
შარლოტი, მაიამი, ტორონტო, დეტროიტი - არასტაბილური გუნდები, რომელთა მაქსიმუმი, სავარაუდოდ, პლეი-ოფის პირველი რაუნდია
ფილადელფია, მილუოკი - ორი ყველაზე დამაინტრიგებელი და პერსპექტიული გუნდი, მაგრამ, არამგონია, მომავალ სეზონში ფინალებისკენ გაიწიონ.
დარჩა მხოლოდ "ვიზარდსი" და რაღა თქმა უნდა, მეფის "კლივლენდი".
"ვაშინგტონთან" წლევანდელი სერია ყველას კარგად ახსოვს. ბევრი ითქვა და დაიწერა იმის შესახებ, რომ დედაქალაქურ გუნდს ლებრონთან და კაირისთან მეტი შანსი ექნებოდა, ვიდრე "ბოსტონს", მაგრამ ეს არავინ იცის. არც ის ვიცით, როგორ დასრულდებოდა სერია, მოედნის უპირატესობა რომ "ვიზარდსს" ჰქონოდა, თუმცა ეს განვლილი სეზონია, ჩვენ კი მომავალი გვაინტერესებს.
ზაფხულში "ვაშინგტონმა" სწორი გეზი აიღო და სკამის გაძლიერებას უთმობს დროს. ჯერ საბოლოო განაცხადი არ დაუკომპლექტებიათ, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ვოლი-ბილი-პორტერი-მორისი-გორტატის ხუთეულს სკამიდან სატორანსკი, ჯოდი მიქსი, მაიკ სკოტი, იან მაინმი და კიდევ რამდენიმე "ფილერი" დაეხმარება, რაც ცუდი შევსება ნამდვილად არაა. რთულია გადაჭრით თქმა, თუ რომელია უფრო ძლიერი, მაგრამ "ვიზარდსს" ორი უპირატესობა ნამდვილად აქვს:
1. ძირითადი შემადგენლობა უცვლელი დარჩა და რაიმე შეთამაშებაზე საუბარი ზედმეტია
2. სამწამიანი
ჯონ ვოლი და მისი ბიჭები ძალიან მომწონს, მაგრამ, ჩემი აზრით, თუ ბოსტონში ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, კაირის საუკეთესოს გამოვლენა ძველ მეგობრებთან მოუწევს, რომლებსაც სათავეში მეფე და აიზეა უდგას, რომელიც ირვინგისთვის წინამორბედიცაა და მემკვდირეც.
რომელი გაიმარჯვებს? აი ამაზე პასუხი კი ნამდვილად არ ვიცი. ვფიქრობ, შანსები 60-40-ზეა "კლივლენდის" სასარგებლოდ, მაგრამ თავს ნამდვილად ვერ დავდებ. რაც შეეხება სუპერფინალს, მაინც ვფიქრობ, რომ წელს აღმოსავლეთის გუნდებს ჩემპიონობის ნაკლები შანსი აქვთ, რადგან "გოლდენ სტეიტს", "ჰიუსტონსა" და "სან ანტონიოს" წელს "ოკლაჰომაც" დაემატა.
დაველოდოთ და ვნახოთ. ვუგულშემატიკვროთ და ვინერვიულოთ. განვიცადოთ და გავიხაროთ. NBA-ს დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალი სეზონი დაუვიწყარი იქნება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მე გთხოვე მაშინ ბოსტონზე დაწერა))) გაიხარე სეხნიავ, ძალიან კარგი სტატიაა თავის ანალიზითურთ)))
მიხარია, რომ მოგეწონა
)))
კლიპერსზე რატომ არავინ არაფერს ამბობ?! ჩემი აზრით ძაან მაგარი გუნიდი იქნება.
მწვრთნელი ყავს ამძაღებული განავალი თორე შემადგენლობით დაიხევს ბევრს... ერთი კაი შუთერი უნდა რედიკისნაირი.. ნუ კი ყავს ლუ უილიამსი მაგრამ ლუ მაინც ზამენიდან იქნება ალბატ.. დოყი ალბათ თავის ბაჩანიკოს დააწინაურებს სასტარტოში...
წინა ხაზი იცოცხლე გალინარი, გრიფინი, დეანდრე... იიიფ
ვეიდი და ლებრონი ისევ ყველა ვერ გაიგებს ეს რა მოხდა.აიზია ვეიდი ლებრონი ლავი ძაან დონე ბევრი ნბას ჟურნალისტი დანამსვულებით წერს რო თებერვლის ტრეიდების ამბავში დემარკუსი კლივლენდში გადმოვა.ვეიდიც ძაან ცოტას იღებს შესაბამისად მომსვლელებს კიდევ უნდა ველოდოთ.ტრისტანი შამპერტი ბრუკლინის პიკი დემარკუსი ეს გამოვა აი თითქმის დარწმუნებული ვარ.აიზია ვეიდი ლებრონა ლავი დემარკუსი ბენჩი კორვერი კრაუდერი კალდერონი როუზი სმიტი იმენა გუნდია
სკამზე კარგი მაღალია საჭირო
აუცილებელი მგონია რო არ იქნება მარა თუ იქნება კაია.მთავარია დემარკუსი მოვიდეს
ძალიან მესიმპატიურებოდა შარშანდელი ბოსტონი, რომელიც ჩემი აზრით არანაირად არ უნდა დაშლილიყო. აიზია, კრაუდერი, ბრედლი, ოლენიკი - კარგ კალათბურთს თამაშობდნენ და ფინალშიც მივიდნენ. ხოდა ამ ჩემთვის სიმპატიურ გუნდს მოუსვეს ხელი და შეცვალეს მთლიანად - ესეთ ტრადიციების მქონე გუნდს ეგ ამბავი ჩემი აზრით არ ეკადრება. ასე რომ ჩემი პროგნოზია წელს ბოსტონი ნაკლებს მიაღწევს ვიდრე შარშან, რადგან კალათბურთში სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია.
აბა ლებრონჩიკ მარკ გასოლი მოიყვანე და ეგააა

როუზი, ვეიდი, ლებრონი, ლავი, მარკი
5 წლის წინ რა იქნებოდა ეს სასტავი?!?!?! მაგრამ ეხლაც მაგარი იქნება
სკამიდან
ოსმანი, შამპერტი, კორვერი, კრაუდერი, გრინი, რჯ, კანტერი, ზიზიჩი, ტავარესი
ჯრ, აიზეა, და ბოსტონის პიკი მარკში გაცვალონ....
ტრისტანა კიდე კანტერში გაცვალონ...
კი, ზუსტად რომ კარგი მაღალი აკლია ამ პატივცემულ საზოგადოებას
ცოტა ასაკოვანი ხუთეული კი იქნება, მაგრამ მაინც მრავლისშემძლე.
პერკინსი ვარჯიშობს კიდე კავალიერსთან ისეთი ვარსკლავები დაიმატეს თითქმის უფასოდ, მაგას იქეთ მიატანინებენ ფულს თუ აიყვანეს
სეზონის გამნმავლობაში ბრუკლინის პიკსაც გამოიყენებენ და თუ ჯანმრთელად იყვნენ გააპობენ გოლდენს
აიყვანა კავალიერსმა ვეიდი 2.3 მილიონად
დაითრია ესეც ხურდა ფულად
მოკლედ,ექსპერტი დღეს ვამბობ ,რომ ოქეისი ჰიუსტონთანაც არ არის ფავორიტი.მითუმეტეს სპურსთან.დაახლოებით ბოლო 2 თანაბარი წყვილია.ასე მგონიაა,თუ ძაან მაღალი ადგილით არ გავიდნენ და ფინალამდე გოლდენს არ აცდნენ შანსები ექნებათ გასვლის კონფერენციის ფინალში გოლდენთან,მოგების კი არაა მისვლის იქამდე.ძაან დიდი ბრძოლები მოუწევთ.წარმოუდგენელია 3 სტარით და 2 კარგი იგროკით ჩემპიონობა.სკამიი ვაფშე არ არი.მსროლელებიც არ არის სკამიდან.დაცვის გაძლიერება არ შეიძლება.ვერანაირად ვერ გაქაჩავენ.ასევე ბურთის გაყოფის პრობლემაც.კავსს რაც შეეხება ვეიდის წლები ჩავლილა.როუზის წლები ჩავლილია.კალდერონის ჩავლილია.კორვერზეც იმავეს ვიტყვი ,მითუმეტეს თუ 6-7 წუთზე მეტს არ დატვირთავენ წელსაც.ტომასი კაცმა არ იცის როგორ შეეწყობა.იანვრიდან დაიწყებს მხოლოდ თამაშს.კროუდერი კაია,დაცვა იცის.რავი,მაინც მგონია,რომ ბოსტონთან ფინალში სერიოზულიი ბრძოლა იქნება.და თუ მოიგებს კავსიი,ისიც 4-3.თავის შეკვლა მოუწევს.წელს გაცილებით კაი სეზონი გვექნება.უფრო სანახაობრივი და დაძაბული იმედია.ჰარდენისა და ვესბრუკას ემვპიობა გამოირიცხა.დარჩა ლეონარდი,კარი,დურანტი,ჯეიმსი.ამ 4-დან ერთი აიღებს.მარა ჯეიმსი უფრო იმიტომ არ მგონია,ამ 4-დან რომ 33 წლისაა უკვე პრაქტიკულად ,რაღა უკლია და ეგ რეგულარულში მთელი ძალით მხოლოდ პრინციპულ თამაშებს თამაშობს.პლეიოფისთვის ინახავს ენერგიას.ვნახოთ რა იქნება.მე ფსონს დურანტის რეგულარულისა და ფინალების ემვიპიზე ჩამოვდივარ.ჩემპიონი თავისთავად გოლდენი გახდება.
ირვინგის მვპობას რატო გამორიცხავ?
არა გამორიცხული არაფერია.მარა ბოსტონის გაყვანა ირვინგს უნდა გაუჭირდეს 1-ელ ადგილზე.თან მარტო ხო არ არი.ჰორფორდი და ჰეივორდი.2 ასეთი სტარი ჰყავს.ჰარდენისა და ვესბრუკას ნაირის სტატი რომ არ ექნება დარწმუნებული ვარ.+50 ანი თამაშებიც შეიძლება ჰქონდეს,მარა მთლიანობაში კაირის რაღაც არანორმალურ რეგულარულს არ ვფიქრობ.ვისაც ჭკუა აქვს პლეიოფისთვის ინახავს ძალებს.1 კაცისგან განსხვავებით.
ოკლაჰომა მაინტერესებს როგორ ითამაშებს....
გამაჟრიალა ვეიდი ლებრონა ისევ
გილოცავ, რასაც შენ ამ ამბავს შენატროდი...
ნაღდია?
კი ნაღდია ხვალ ოფიციალური გახდება გაიხარე
ვეიდი კლივლენდის კალათბურთელიაა აეეეე დაბრინდა დუეტიიიი ჩემეეეე
აღმოსავლეთის და დასავლეთის კონფერენციებზე არ ვფიქრობ რო რამეა შესაცვლელი თუ გონია სასტავს რო სუსტია და ფინალში უეჭველი გავლენ გადმოვიდნენ მერე ყველა დასავლეთში რო გარბის რა დასვენებული ლებრონის ბრალია დდდდ
თუ გადმოვიდნენ, მერე კი არ იქნება სუსტი...დდ
ერთადერთი რაშიც მგონია რო ბოსტონი წელს წარმატებას დადებს ირვინგის მვპ იქნება ძაან დიდი შანსი მიეცემა კაირის
კორბენამ კაი კითხვები დასვა, მეც მაინტერესებს...
სტატიაში ხოშიანად არის წარმოჩენილი გუნდის სუსტი და ძლიერი მხარე და მისი შანსებიც...დაცვა სლაბა ჯერჯერობით, ყველა ამ აზრზეა და მეც...
ირვინგმა დახუია +40 ქულიანი თამაში უნდა დაყაროს ჩემი აზრით და პასებიც 10ანთან ატრიალოს უნდა და რეგულარულის მვპობის პრეტენდენტი მგონია რეალური..
ავტორს მადლობა ძაან საჭირო და ძაან საინტერესო სტატიაა.ბოსტონს რაც შეეხება აღნოსავლეთის ფინალშინ დატოვებს სეზონს დღეს ასე ჩანს ისე კი მართლა ძლიერინგუნდია
ირვინგი - ჰეივორდი კარგი ტანდემი გამოვა სავარაუდოდ . ძალიან დიდი ხანია ბოსტონისგულშემატკივარი ვარ და წელს ფინალი მინდაააააააა
კაირის გადაწყვეტილების გამო კავსი-ბოსტონის ყველა დაპირისპირებას მაგარი მუღამი ექნება ამ სეზონში, პლეიოფში თუ შეხვდნენ ერთმანეთს ხო მითუმეტეს...
დიდი მადლობა ავტორს. ვრცლად გაგვაცნო ნბა-ს წამყვანი გუნდები, მათი პლიუს-მინუსები.
მოხარული ვიქნები, თუ თავის ნააზრევს შემოგვთავაზებს კონფერენციებს შორის ამჟამად არსებული დისბალანსის შესახებ, რაც უფრო და უფრო ღრმავდება დასავლეთის სასარგებლოდ.
ასევე მაინტერესებს, თუ რას ფიქრობს ავტორი პლეიოფის წესის შეცვლის შესახებ. სწორედ ამ დისბალანსის გამო უსამართლობა ხომ არაა, რომ მართლაც უმძლავრესი დასავლეთ კონფერენციიდან ერთი გადის ფინალში და აქ ხუმრობით "ევროლიგას" შედარებული აღმოსავლეთიდანაც ერთი.
მაგარი სტატიაა! ერთს დავამატებდი. დენი ეინჯმა განაცხადა რომ ეს ტრიო იმიტომ შეკრა რომ ლებრონის - სავარაუდოდ დასავლეთ კონფერენციაში წასვლის მერე ლიდერები გახდნენ აღმოსავლეთში დიდი ხნით.