საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთში მიმდინარე ჩენდუს საერთაშორისო ტურნირის 1/16-ფინალში სერბი ვიქტორ ტროიცკი 6:3, 2:6, 6:2 დაამარცხა (VIDEO). შეხვედრა საათსა და 42 წუთს გაგრძელდა.
პირველი სეტი ნიკამ მარტივად მოიგო. მეორე პარტიასაც 2:0-ს იგებდა და თითქოს სეტი ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მიეყვანა, მაგრამ საბოლოოდ სეტი ჩააგდო და ტროიცკიმ ზედიზედ 6 გეიმი მოიგო. გადამწყვეტ პარტიაში, მიუხედავად იმისა, რომ სერბს ფსიქოლოგიური უპირატესობა ჰქონდა, ქართველი ჩოგბურთელის სასახელად უნდა ითქვას, რომ ნიკოლოზმა მოახერხა და მატჩის დასკვნითი ნაწილი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. ბასილაშვილმა 15 შესაძლებლობიდან 5 ბრეიკი შეასრულა, ხოლო ტროიცკიმ 9-დან 4.
1/8-ფინალში ნიკას მეტოქე მსოფლიო რეიტინგის 94-ე ნომერი, 19 წლის ტეილორ ფრიტცი იქნება. აქამდე ეს ორი ჩოგბურთელი ერთმანეთს არ შეხვედრია. მატჩი 27 სექტემბერს 08:00 საათზეა ჩანიშნული.
ჩენდუს ტურნირის საპრიზო ფონდი 1.1 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ბასილაშვილმა ტროიცკისთან გამარჯვებით 17,570 დოლარი და 20 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა.