ბრაზილიელი ნეიმარი და მისი "ბარსელონადან" პსჟ-ში ტრანსფერი ზაფხულის მთავარი თემა იყო. ახლაც ასეა, ნეიმარი ისევ ყურადღების ცენტრშია, ოღონდ ცოტა სხვა კონტექსტით. ცნობილი ფაქტია, რომ "პარი სენ ჟერმენში" ორი სამხრეთამერიკელი, ურგვაელი ედინსონ კავანი და ბრაზილიელი ნეიმარი ლიდერის ფუნქციას ვერა და ვერ იყოფენ.
მათ უკვე ორჯერ საჯაროდ მოასწრეს წაკამათება პენალტის შეასრულების გამო. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ პარიზული გუნდის პრეზიდენტმა კავანის პენალტის დათმობის სანაცვლოდ 1 მილიონი შესთავაზა, თუმცა "ელ მატადორი" აღნიშნულ თანხაზე არ გაიყიდა (საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ უფრო დიდ თანხაზე დაფიქრდებოდა მაინც...). დაიწერა და ითქვა, რომ ფეხბურთელებმა პრობლემები მოაგვარეს და ასეთი რამ არ განმეორდება, მაგრამ ფაქტია, ნეიმარი კავანის ჩრდილში ყოფნას ვერ ეგეუბა და პარიზში ამისთვის საერთოდ არ ჩასულა. თავის მხრივ, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ჩრდილიდან გამოსვლის მერე არც ურუგვაელს სურს წარსულში დაბრუნება.
მოკლედ, ფაქტია, ნეიმარსა და კავანის შორის არცთუ ისე კარგი დამოკიდებულება სუფევს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს ნამდვილად არაა ის ურთიერთობა, რაც თანაგუნდელებს უნდა ჰქონდეთ. ედინსონისა და ნეიმარის ძიძგილაობაზე და რბილად რომ ვთქვათ, არც ისე კაცურ ქმედებაზე ერთი პატარა ისტორია გამახსენდა, რომელიც ნათლად ასახავს განსხვავებას დიდ ფეხბურთელებს, მეგობრებს, თანაგუნდელებს, ადამიანებსა და ფულის მოყვარულ ბიჭუნებს შორის. რახან ფული ვახსენეთ, იმასაც ვიტყვი, რომ ვერავინ დამაჯერებს, რომ ბრაზილიელმა ყველა ფეხბურთელისთვის საოცნებო "კამპ ნოუ" "პარკ დე პრენსზე" წმინდა საფეხბურთო კუთხით გაცვალა და არა ევროების გამო. თითიდან გამოწოვილი თემა მგონია ისიც, რომ თითქოს ნეიმარს ლიონელ მესის ჩრდილ ქვეშ ყოფნა მობეზრდა. ნეიმარი არ ყოფილა მესისგან დაჩრდილული და ისიც ბევრჯერ გვინახავს, რომ ლიონელს მისთვის პენალტის დარტყმა დაუნებებია. კავანი მესი არაა და ნეიმარი გაუგებრობაშიც მოხვდა.
გარდა ამისა, ერთხელ ალესანდრო დელ პიერომ ძალიან ბევრის მთქმელი სიტყვები წარმოსთქვა: "ნამდვილი კავალერი არასდროს ტოვებს თავის ქალბატონს" - ამ სიტყვებში იმდენადაა სიმართლის მარცვალი, რამდენადაც ის, რომ კავანი და ნეიმარი ბურთს ვერ იყოფენ.
ზემოთ ვახსენეთ, მესისგან დათმობილი თერთმეტრიანები ბრაზილიელისთვის და სწორედ ასეთი ფაქტი გამახსენდა, რომელიც წეღან ვახსენე. თუმცა, ამჯერად ნეიმარისა და ლიონელის შესახებ არა.
ბევრი რომ არ გავაგრძელო, 2007-2008 წლების სეზონის იტალიის სერია A-ს ბოლო ტურში, "იუვენტუსი" "სამპდორიას" სტუმრობდა. ამ შეხვედრას სატურნირო ცხრილი თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა ძალიან დაძაბული ბრძოლა იყო ბომბარდირთა დავაში. ალესანდრო დელ პიეროს, დავიდ ტრეზეგესა და მარკო ბორიელოს 19-19 გოლი ჰქონდათ ბოლო ტურის წინ გატანილი და შესაბამისად, გასარკვევი იყო, ვინ გახდებოდა "კაპოკანონიერე". თავიდანვე გეტყვით, რომ ბორიელომ ბოლო ტურში გატანა ვერ შეძლო და ბრძოლას გამოეთიშა.
დარჩა ორი ვარიანტი: ტრეზეგე და დელ პიერო. ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ამ ორი ადამიანის დუეტი "ბებერი ქალბატონის" შეტევაში წლების განმავლობაში შიშის ზარს სცემდა მეტოქეებს. საინტერესოა, რომ იქამდე ბომბარდირის ტიტული ტრეზეგეს (2002 წელს) მოგებული ჰქონდა, მაგრამ იტალიელს - არა. "სამპასთან" შეხვედრა დელ პიეროს სწრაფი გოლით დაიწყო და გარდა იმისა, რომ ანგარიში გაიხსნა, ალექსი ბომბარდირთა რბოლაში დაწინაურდა. მალევე, დელ პიერომ საჯარიმოში გენულ მცველს თავბრუ დაახვია და მეტოქეს ისღა დარჩენოდა წაექცია, დაინიშნა პენალტი. თითქოს, არაფერი საინტერესო: დელ პიერო "იუვენტუსში" პენალტებს წლების განმავლობაში ასრულებდა და ახლაც ის უნდა მისულიყო ბურთთან, თვითონ გამოიმუშავა და გოლიც ძალიან სჭირდებოდა... მაგრამ, ალექსი მოიქცა, როგორც ადამიანი და როგორც თანაგუნდელი. იტალიელს უბრალოდ არ ახასიათებდა ეგოიზმი. "პინტურიკიო" ფრანგ ფორვარდთან მივიდა და მერე ბურთის მოშორებით დადგა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ალექსმა ყველაზე საჭირო მომენტში უარი თქვა პირად მიზანზე და ტრეზეგემ გაიტანა. ტრეზეგე დელ პიეროს გაუტოლდა ბომბარდითა დავაში - ეს ნამდვილად იყო სამაგალითო საქციელი და დიდი ეჭვი მაქვს, ამის შესახებ კავანის ან თუნდაც ნეიმარს არაფერი სმენიათ. ყოველ შემთხვევაში მათი ბავშვური საქციელი ამაზე მიუთითებს.
ვისაც გაინტერესებთ გეტყვით, რომ ალესანდრო დელ პიერომ მეორე ნახევარში პენალტი კიდევ ერთხელ მოიპოვა და ამჯერად თავად შეასრულა ზუსტად. იტალიელი 21 გოლით სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანი ის საქციელი იყო, რაც შეხვედრის მე-16 წუთზე მოხდა.
როდესაც ეს ისტორია მახსენდება, მაშინვე ერთი აზრი ამომიტივტიდება თავში: ზუსტად ანალოგიური სიტუაცია "პარი სენ ჟერმენში" რომ იყოს, ნეიმარი და კავანი ბომბარდირის ტიტულისთვის იბრძოდნენ... რა მოხდებოდა მაშინ მოედანზე? დაახლოებით ვიცი და წარმოდგენასაც არ გირჩევთ...