ფეხბურთი

11:12 | 26.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო - რუმინეთი: ისტორიული შედეგის მოლოდინში

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები დღეს, ევროპის 2018 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის საპასუხო მატჩს გამართავს რუმინეთის ნაკრებთან. თამაში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) 20:30 საათზე დაიწყება.

ავთანდილ ასათიანის გუნდს ისტორიულ შედეგამდე - ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის პირველად მოპოვებამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.

საქართველოს ნაკრებმა ორი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია, პლეი ოფის პირველი შეხვედრა კი ქალაქ დევაში რუმინეთთან ფრედ ითამაშა - 2:2. მიმდინარე წელს გამართული შვიდი ოფიციალური მატჩიდან ჩვენმა გუნდმა სამი მოიგო, ოთხი ფრედ დაასრულა. პლეი ოფში საქართველო-რუმინეთს შორის გამარჯვებული ნაკრები სლოვენიაში ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს ტრავმის გამო გიორგი ნიშნიანიძე ვერ დაეხმარება, მეკარე ზვიად კუპატაძე კი, რომელსაც რუმინეთში გამართულ პირველ შეხვედრაში ტრავმამ არ მისცა თამაშის საშუალება, გამოჯანმრთელდა და მატჩს სრულ მზადყოფნაში ხვდება.

ავთანდილ ასათიანის გუნდმა რუმინეთთან მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გუშინ, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართა. მწვრთნელის განკარგულებაში შემდეგი მოთამაშეები არიან:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი),თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი);

წინა ხაზი: ლევან კობაიძე (ტატიშვილი, თბილისი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), გია ნიყვაშვილი (აგორა, თბილისი), კახა მაისაია (თელასი, თბილისი), ნიკა კურტანიძე (პსპ.თბილისი), დავით ბობოხიძე (ტატიშვილი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელარუსი), რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა), შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი, მალტა), მურთაზ კაკაბაძე (ტატიშვილი, თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე (პოლიტეხი, რუსეთი), როდრიგო ანდრეი სილვა სანტოსი (სუნგუნ ვარზე, ირანი).

საქართველო - რუმინეთის მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს და მისი შეძენა შესაძლებელია როგორც tkt.ge-ზე, ასევე ოლიმპიური სასახლის სალაროებში. მატჩის ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

0.114182