ფეხბურთი

20:22 | 22.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის "დინამომ" გამარჯვების გემო გაიხსენა

საქართველოს ეროვნული ლიგის XXVII ტური სამტრედიაში გაიხსნა, სადაც ფოთის “კოლხეთმა” ბათუმის “დინამოს” უმასპინძლა. აღნიშნულ შეხვედრას ორივე გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სატურნირო ცხრილში ერთმანეთის მეზობლად არიან და რაც ყველაზე ნიშანდობლივია, გავარდნის საფრთხის წინაშე დგანან.

ეს, განსაკუთრებით ფოთელებზე ითქმის, მაგრამ არც აჭარელთა მდგომარეობაა საიმედო. სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებდა ზედიზედ სამი წაგება და მათ შორის, მიჯრით ორი გამანადგურებელი ანგარიშით – 0:5.

შესაბამისად, კონსტანტინ ფროლოვის გუნდს ფეხის დაცდენის უფლება არ ჰქონდა და საბოლოო ჯამში არც დასდენია. “დინამომ” მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და შინ სამი ქულით ხელდამშვენებული დამსახურებულად დაბრუნდა.

ყველაფერი პირველ ტაიმში გაირკვა, როდესაც ოთხწუთიან ინტერვალში “დინამომ” ორჯერ აიღო სეფიაშვილის კარი. ჯერ, ოთარ მარცვალაძემ გაიტანა ახლო მანძილიდან მას მერე, რაც მასპინძელთა საჯარიმოში ქაოსი შეიქმნა და “კოლხეთმა” ბურთი ვერა და ვერ გამოიტანა საჯარიმოდან – 0:1. მეორე გოლი 32-ე წუთზე გავიდა: ტვილიდანი ფლანგუს გადაცემას იაროსლავ კვასოვი გამოეხმაურა და უკრაინელმა შემტევმა მერვე გოლი გაიტანა ეროვნულ ლიგაში. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და “დინამომ” სამმატჩიანი წარუმატებელი სერია დაასრულა. პლეი-აუთის ზონასაც თავი დააღწია, მაგრამ გორის “დილას” თამაში მარაგში აქვს.

აი, “კოლხეთის” მდგომარეობა ვერაა სახარბიელო – 19 ქულა და ძალიან დიდი ჩამორჩენა სამშვიდობო ზონისგან...

“კოლხეთი” – “დინამო” (ბთ) 0:2 (0:2)

სამტრედია, “ეროსი მანჯგალაძე”

“კოლხეთი”: სეფიაშვილი, კილასონია, კერძევაძე, ბროვკო (ჟიშკარიანი 81), დერებჩინსკი, ოტიენო (ბახია 77), ჯანელიძე, მაჩარია, ბოლქვაძე (შალიკაშვილი 86), კილასონია, ბუხაიძე

მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი

“დინამო”: ტომოფეევი, ფარტენაძე, შონია, თევდორაძე (ქავთარაძე 66), სუხიაშვილი, კვირკველია, გრიგალაშვილი, ტვილდიანი, არზიანი, კვასოვი (ფლამირიონი 76), მარცვალაძე (ჩოგაძე 58)

მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი

გოლები: 0:1 მარცვალაძე (28), 0:2 კვასოვი (32)

გაფრთხილება: კილასონია (33, 90) – სუხიაშვილი (54)

გაძევება: კილასონია (90)

მსაჯი: ბ. ნინუა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109859