“შახნაი შენჰუას” არგენტინელი თავდამსხმელი კარლოს ტევესი ჩინური ფეხბურთის მომავალს პესიმისტურად უყურებს. გამოცდილი ფეხბურთელის განცხადებით, ჩინეთში ფეხბურთი ძალიან დაბალ დონეზეა და დიდი დრო დასჭირდება, რომ ევროპის დღევანდელ დონეს მიუახლოვდეს.
“სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში ფეხბურთის თამაშს ბავშვობიდანვე სწავლებენ, ჩინეთში კი ასე არაა. მათ არ ჰყავთ ტექნიკურად ძლიერი ფეხბურთელები და ვფიქრობ, ჩინეთისთვის 50 წელი არ იქნება საკმარისი, რომ ევროპული ფეხბურთის სიმაღლეს მიაღწიოს”, - აღნიშნა ტევესმა SFR sport-თან საუბრისას.
კარლოს ტევესი ჩინეთში მშობლიური “ბოკა ხუნიორსიდან” გადავიდა და არაოფიციალური ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელიც გახდა.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ბავშვთა ფეხბურთის განვითარებაში ინვესტირებას ახდენს. მათი გათვლით, 2020 წლისთვის ჩინეთში ფეხბურთი 50 მილიონმა ადამიანმა უნდა ითამაშოს და მათ შორის, 30 მილიონი სკოლის მოსწავლე იქნება. გარდა ამისა, სახელმწიფო პროგრამით საფეხბურთო გაკვეთილები სკოლის სასწავლო გეგმაშიც არის შეტანილი.