ფეხბურთი

3:30 | 21.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: ანდალუსიური სიურპრიზი “სანტიაგო ბერნაბეუზე”

ხმაურიანი სენსაცია დაფიქსირდა “სანტიაგო ბერნაბეუზე”. ლა ლიგის მეხუთე ტურის მატჩში ადგილობრივი “რეალი” “ბეტისს” დაუხვდა და მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნია.

“სამეფო კლუბს” საკუთარ მოედანზე ორივე მატჩში ფრედ ეთამაშა და აუცილებლად მოგება მართებდა, თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა და მასპინძლები საერთოდ უქულოდ დარჩნენ.

შეხვედრა კი საკმაოდ კარგი სანახავი გამოდგა. გასაკვირი არაა, რომ “რეალი” დიდ სათამაშო უპირატესობას ფლობდა და მომენტებიც ბლომად ჰქონდა. თუმცა, უსაქმოდ სტუმრებიც არ ყოფილან. კიკე სეტიენი იმ მწვრთნელების კატეგორიას ნამდვილად არ მიეკუთვნება, რომელიც მხოლოდ დაცვაზე ფიქრობს და შეტევაში არ იყურება.

“ბეტისმა” კონტრშეტევაში პირველივე წუთებზე გამოაჩინა ბრჭყალები და დანიელ კარვახალს ცარიელი კარიდან რომ არ გამოეტანა ბურთი, სანაბრია ანგარიშს გახსნითა. მადრიდელებმაც უმალ შეტევებით უპასუხეს და პირველი ტაიმის განმალობაში რონალდუს, ისკოს და ორჯერ ლუკა მოდრიჩს კარგი მომენტები შეექმნათ, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლეს. ძალიან კარგი ეპიზოდი ჰქონდათ სტუმრებსაც, რომელთა სწრაფი კონტრიერიში ფაბიან რუისმა დააბოლოვა, მაგრამ კეილორ ნავასმა ბრწყინვალე რეაქცია გამოავლინა და ბურთი კუთხურზე გადააგდო. ტაიმი 0:0 დასრულდა. უნდა ითქვას, რომ მე-10 წუთზე მატეუ ლაოსს მარსელოს წაქცევის გამო პენალტის დანიშვნა შეეძლო, მაგრამ ეს ეპიზოდი გაატარა.

მადრიდელებს მეორე ტაიმში მალევე შეეძლოთ დაწინაურება: გარეტ ბეილმა კრიშტიანო რონალდუს კარის გასვრივ მშვენიერი გადაცემა გაუკეთა, მაგრამ პორტუგალიელმა ძალიან ცუდად დაარტყა და დიდი მანძილით ააცილა. ამას სტუმრების მწვავე პასუხი მოჰყვა და ხუთიოდე წუთში კიდევ ერთი კონტრშეტევის შემდეგ, ამჯერად ფრანცის გარეროს შეეძლო გატანა, მაგრამ აშკარად გაუბედავად ითამაშა და ეს პირველ რიგში მის დარტყმას დაეტყო. “რეალი” კონტრშეტევებზე მესამედ გადაურჩა გაშვებულ გოლს. გამოუყენებელი მომენტის გამო, “მწვანეები” რამდენიმე წამში კინაღამ დაისაჯნენ, მაგრამ კარვახალმა ახლო მანძილიდან ბურთი ძელს გაარტყა.

ულამაზესი მომენტი ვიხილეთ 75-ე წუთზე: გარეტ ბეილი მოძრაობაში ქუსლით ცდილობდა გოლის გატანა, მაგრამ ანტონიო ადანმა ბრწყინვალედ ითამაშა და ყოფილ გუნდს არ გაატანინა. დრო გადიოდა, შეხვედრა რაც უფრო ბოლოსკენ მიდიოდა, მადრიდელთა შტურმი მით უფრო გაუსაძლისი ხდებოდა. ანდალუსიელები ბურთს იოლად კარგავდნენ, მეტოქის ნახევარზე გადასვლა ძალიან უჭირდათ და მუდმივად მათი შეტევების მოგერიება უწევდათ. ასეთ დროს, მშვენიერი ტაქტიკური სვლა განახორციელა სტუმართა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა. მან მე-80 წუთზე მოედანზე გამოცდილი ხოაკინ სანჩესი შემოუშვა, რომელიც უჩვეულოდ უკანდახეული თამაშობდა და ამის მიზეზი მალევე გამოჩნდა. მან და ანდრეს გუარდადომ, კრისტიან ტელოსა და რიად ბუდებუზისგან განსხვავებით, ბურთის მოპოვება, შენარჩუნება და კარგად განაწილება მოახერხეს. გარდა იმისა, რომ ისინი დიდხანს ინარჩუნებდნენ ბურთს, ჭკვიანური თამაშის წყალობით, წინ აწეული “რეალის”წინააღმდეგ დიდ სივრცეებს ქმნიდნენ და 90-ე წუთზე შეტევის ასეთი კარგი გაშლის შემდეგ, ანტონიო სანაბრიამ გოლის გატანაც მოახერხა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და მასპინძლები გადარჩნენ. თუმცა, იგივე მოხდა ხუთიოდე წუთშიც: სტუმრებმა მარცხენა ფლანგიდან შეტევა კარგად გაშალეს, შემდეგ კი ფრთა შეცვალეს და ანტონიო ბარაგანს გადააწოდეს ბურთი, რომელმაც უზუსტესი ჩაწოდებით ანტონიო სანაბრიას თავზე დაასვა ბურთი და ამ უკანასკნელმა კეილორ ნავასი უშანსოდ დატოვა – 0:1.

“რეალმა” კი ბრწყინვალე სერია შეწყვიტა: 73 მატჩის შემდეგ გოლის გატანა პირველად ვერ შეძლო და “სანტოსის” რეკორდი ვეღარ მოხსნა. ამრიგად, ანტონიო ადანი 2016 წლის 26 აპრილის შემდეგ პირველი მეკარეა, რომელმაც “რეალთან” მატჩში კარი მშრალად შეინახა. უკანასკნელად ამის გაკეთება “მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში ჯო ჰარტმა მოახერხა.

ცნობისთვის, უკანასკნელი ოცი წლის განმალობაში “რეალს” ყველაზე ცუდი საშინაო სტარტი აქვს ლა ლიგაში. 1995/1996 წლების სეზონში “ბლანკოსს” საწყის სამ საშინაო მატჩში ორი წაეგო და ერთი ფრედ ეთამაშა.

სამაგიეროდ, უდანაკარგოდ ასპარეზობს მადრიდელთა მთავარი კონკურენტი “ბარსელონა”. კატალონიური გრანდი შინ “ეიბარს” ეთამაშა და უმარტივესი 3 ქულა მოიპოვა. ანგარიში მე-20 წუთზე ლიონელ მესიმ პენალტით გახსნა, ხოლო 38-ე წუთზე მასპინძელთა ახალწვეულმა პაულინიომ ზედიზედ მეორე მატჩში მოახერხა გოლის გატანა და ტაიმი 2:0 დასრულდა.

53-ე წუთზე პაულინიო მიბაძა დენის სუარესმა, რომელმაც დამატებაზე ითამაშა კარგად და ბრაზილიელის მსგავსად, ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. 57-ე წუთზე სერხი ენრიჩმა პრესტიჟის ბურთის გატანა მოახერხა, რამაც მასპინძლები გააბრაზა და დარჩენილ დროში ბასკებს კიდევ სამი გოლი გაუტანეს. უფრო სწორედ კი, გაუტანა – მესიმ. არგენტინელმა ფეხბურთელმა 59-ე, 61-ე და 87-ე წუთებზე კოხტა გოლები შეაგდო, პოკერი გაიფორმა და მიმდინარე ლა ლიგაში უკვე ცხრა გოლი დაუგროვდა – 6:1.

კატალონიელთა უახლოესი მდევარი ჯერჯერობით “სევილიაა”, რომელსაც ორი ქულით ნაკლები აქვს. ანდალუსიელებმა “სანჩეს პისხუანზე” “ლას პალმასს” უმასპინძლეს და მათი წინააღმდეგობის გატეხვა 83-ე წუთზე მოახერხეს. გამარჯვების მომტანი გოლი ხესუს ნავასს ძალიან ლამაზი და ამავდროულად უცნაური გამოუვიდა – 1:0.

რთული შეხვედრა ჰქონდა “ატლეტიკოსაც”. დიეგო სიმეონეს გუნდი ბასკეთში “ბილბაოს” ეწვია და დაძაბულ მატჩში იმარჯვა. მადრიდელებს გაუმართლათ, რომ 41-ე წუთზე არიც ადურისმა იან ობლაკს ვერ აჯობა და პენალტი ვერ გაიტანა, თორემ ძალიან გაუჭირდებოდათ. ისე კი, ამ მომენტში მსაჯი აშკარად შეცდა და თუ წესების დარღვევას აფიქსირებდა, ჯარიმა უნდა დაენიშნა, რადგან კონტაქტი ნამდვილად საჯარიმოს გარეთ იყო.

სტუმრებმა დაწინაურება 55-ე წუთზე ძალიან ლამაზი გოლით შეძლეს: გრიზმანი-კოკე-კორეა მშვენიერი სამსვლიანი კომბინაცია არგენტინელი ფეხბურთელის გოლით დასრულდა. 73-ე წუთზე გრიზმანის შესანიშნავი გადაცემა უკვე იანიკ ფერეირა კარასკომ შეირგო და სხვაობა გაზარდა, ხოლო მსაჯის მიერ მეორე დამატებულ წუთზე ყოფილ გუნდს რაულ გარსიამ გაუტანა და ანგარიში შეამცირა - 1:2.

ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა “ვალენსიამ”, რომელმაც “მესტალიაზე” ბოლო ადგილოსან “მალაგას” კუდით ქვა ასროლინა. “ღამურებმა” პირველი ტაიმი სანტი მინას ზუსტი თავურით მოიგეს, ხოლო მეორე ნახევარში მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს და კიდევ ერთი მაგდენის გატანა შეეძლოთ. რვაწუთიან მონაკვეთში ჰეთ-თრიკი გაიფორმა სიმონე ძაძამ, ხოლო ბოლოსკენ როდრიგო მორენომ გონსალო გუედეშს ქუსლით გაკეთებული საოცარი გადაცემა დაუფასა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 5:0.

“მალაგას” მსგავსად, მეხუთე მატჩი წააგო “ალავესმაც”, რომელსაც ჯერჯერობით გოლიც არ აქვს გატანილი. ბასკური კლუბი გასვლაზე “დეპორტივოსთან” მინიმალური სხვაობით დამარცხდა, ხოლო “ლეგანესის” და “ხირონას” პატარა კასტილიურ-კატალონიური დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

ვალენსია – მალაგა 5:0 (1:0)

ვალენსია, “მესტალია”

ვალენსია (4-4-2): ნეტო, მურილიო, პაულისტა, ლატო, მონტოია, კონდოგბია (ა.პერეირა 65), პარეხო (მაქსიმოვიჩი 73), სოლერი, გუედეში, ძაძა (როდრიგო 67), მინა.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

მალაგა (4-1-4-1): რ.ხიმენესი, დ.გონსალესი (ბაისე 70), ლ.ერნანდესი, რიკა, კიფუ, როლონი (ონტივეროსი 61), რესიო, კუზმანოვიჩი, მულა (ხუანპი 61), ხონი, როლანი.
მწვრთნელი: მიჩელი

გოლები: 1:0 მინა (17), 2:0, 3:0, 4:0 ძაძა (55; 60; 63), 5:0 როდრიგო (86)
გაფრთხილებები: რიკა
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო

ბარსელონა – ეიბარი 6:1 (2:0)

ბარსელონა, “ნოუ კამპი”

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, პიკე, მასკერანო, დინიე, სემედუ, ბუსკეტსი (რაკიტიჩი 65), ინიესტა (რობერტო 63), პაულინიო, დეულოფეუ (ა.ვიდალი 75), დ.სუარესი, მესი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ეიბარი (4-2-3-1): დმიტროვიჩი, გალვესი, ოლივეირა, არბილია, ხუნსა, ესკალანტე, დ.გარსია (რივერა 77), კაპა (ინუი 65), ხორდანი, ინუი, ენრიჩი (ჩარლესი 72).
მწვრთნელი: ხოსე ლუის მენდილიბარი

გოლები: 1:0, 4:1, 5:1, 6:1 მესი (20 პენ; 59; 62; 87), 2:0 პაულინიო (38), 3:0 დ.სუარესი (53), 3:1 ენრიჩი (57)
გაფრთხილებები: კაპა, გალვესი
მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

ბილბაო – ატლეტიკო 1:2 (0:0)

ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): არიზაბალაგა, ლაპორტე, ნუნესი, ლეკუე, ბალენსიაგა, იტურასპე (ბენიატი 56), სან ხოსე, სუსაეტა (უილიამსი 56), რ.გარსია, მუნიაინი, ადურისი (კორდობა 79).
მწვრთნელი: ხოსე ანხელ ზიგანდა

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, გოდინი, სავიჩი, ხუანფრანი, ლუისი (ლუკასი 79), ტეიე, საული, კოკე, გაიტანი (კარასკო 60), ა.კორეა (გაბი 72), გრიზმანი.
მწვრთნელი: დიეგო სომეონე

გოლები: 0:1 ა.კორეა (55), 0:2 კარასკო (73), 1:2 რ.გარსია (92)
გაფრთხილებები: ტეიე, ლუისი
მსაჯი: ხავიერ ესტრადა ფერნანდესი

41-ე წუთზე ადურისმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

ლეგანესი – ხირონა 0:0

ლეგანესი, “ესტადიო მუნიციპალ დე ბუტარქე”

ლეგანესი (4-2-3-1): კუელარი, სიოვასი, მანტოვანი, ზალდუა, დ.რიკო, ბრასანაჩი (ომარი 59), რ.პერესი, ერასო, გაბრიელი, შიმანოვსკი (ამრაბატი 67), ბივუ (მორანი 83).
მწვრთნელი: ასიერ გარიტანო

ხირონა (3-4-1-2): ირაისოსი, მუნიესა (ესპინოსა 60), ალკალა, ხუანპე, გრანელი (ლუისი 72), პონსი, მატეო, მოჯიკა, ბ.გარსია, კაიოდე (პორტუ 83), სტუანი.
მწვრთნელი: პაბლო მაჩინი

გაფრთხილებები: რ.პერესი, ზალდუა – სტუანი, ხუანპე, ლუისი
მსაჯი: მელერო ლოპესი

დეპორტივო – ალავესი 1:0 (1:0)

ლა კორუნია, “რიასორი”

დეპორტივო (4-3-3): პანტილიმონი, შარი, არიბასი, ლუისინიო, ხუანფრანი, ბორგესი, გილერმე, ვალვერდე, კარტაბია (გამა 93), ანდონე (ბორხა 89), ლ.პერესი (ჩოლაკი 63).
მწვრთნელი: პეპე მელი

ალავესი (4-2-3-1): პაჩეკო, მარიპანი, ელი, დუარტე, ვიგარაი, მ.გარსია, დ.ტორესი, მედრანი, იბაი, ბურგუი, ელ ჰადადი.
მწვრთნელი: ხავიერ კაბელიო

გოლი: ლუისინიო (45+1)
გაფრთხილებები: ვიგარაი, მარიპანი
მსაჯი: დავიდე მედიე ხიმენესი

სევილია – ლას პალმასი 1:0 (0:0)

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, პარეხა, კიაერი, ესკუდერო, მერკადო, კრონ-დელი (ბანეგა 76), ნ’ზონზი, ხ.კორეა (სარაბია 70), ნავასი, განსო (ფ.ვაზკესი 62), ბენ იედერი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო

ლას პალმასი (4-2-3-1): ჩიჩიზოლა, აიტამი, დ.გარსია, ხ.ნავარო, მიჩელი, ერნანი (ტოლედო 85), აკვილანი (ვ.გომესი 66), ვიტოლო (მომო 58), ვიერა, პლასერესი, კალერი.
მწვრთნელი: მანოლო მარკესი

გოლი: ნავასი (83)
გაფრთხილებები: მერკადო, ნავასი – დ.გარსია, მომო
მსაჯი: გონსალეს გონსალესი

რეალი – ბეტისი 0:1 (0:0)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”

რეალი (4-3-3): ნავასი, ვარანი, რამოსი, მარსელო (ლ.ვაზკესი 73), კარვახალი, კასემირო, მოდრიჩი (მაიორალი 72), კროოსი, ბეილი, ისკო (ასენსიო 67), რონალდუ.
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

ბეტისი (4-3-3): ადანი, ფედალი, მანდი, დურმისი, ბარაგანი, ხ.გარსია, ფ.რუისი (ხოაკინი 80), კამარასა (გუარდადო 44), ტელო, გერერო (ბუდებუზი 61), სანაბრია.
მწვრთნელი: კიკე სეტიენი

გოლი: სანაბრია (94)
გაფრთხილებები: ტელო, მანდი, ფედალი
მსაჯი: მატეუ ლაოსი

თეგებილა ლიგა
0.268518