გთავაზობთ საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩების სტატისტიკას როგორც შესარჩევ ციკლში, ასევე მთლიანობაშიც. ბოლო წელიწადში, რა თქმა უნდა, ვერაფერი შეიცვლებოდა და ყოველმხრივ უარყოფითი ბალანსი გვაქვს.
6 ოქტომბერს უელსს ვუმასპინძლებთ, ხოლო 9-ში სერბეთთან გველის გასვლითი თამაში. უელსთან ტკბილი მოგონებები გვაკავშირებს, აქამდე ოთხჯერ დავუპირისპირდით, სამი მოვუგეთ და ერთშიც ფრეზე გავეყარეთ. შარშანაც სასწაულად გადარჩნენ ბრიტანელები, ვლადიმირ ვაისის გუნდს არაერთი საგოლე მომენტი ჰქონდა და ფაქტობრივად, ის ქულა მასპინძლებმა მოიპოვეს, ჩვენ კი ორი ქულა დავკარგეთ.
ასეა თუ ისე, უელსი მუნდიალზე გასასვლელად იბრძვის.
საქართველოს შესარჩევში სულ 25 მატჩი აქვს მოგებული და პირველად ეს მოხდა 1994 წელს, თბილისში უელსთან – 5:0. ბოლო გამარჯვება კი შარშანწინ, ასევე თბილისში მოვიპოვეთ გიბრალტარის ნაკრებთან – 4:0. ვნახოთ, გავიჯახუნებთ თუ არა კარს ამ შესარჩევში.
ნაკრების ყველა მატჩი
217 მატჩი - 62 მოგება, 45 ფრე, 110 წაგება, ბურთები 246:322
მხოლოდ შესარჩევები
შინ: 57 მატჩი - 18 მოგება, 15 ფრე, 24 წაგება, ბურთები 61:66, ქულა 69
სტუმრად: 57 მატჩი - 7 მოგება, 9 ფრე, 41 წაგება, ბურთები 53:108, ქულა 30
სულ: 114 მატჩი - 25 მოგება, 24 ფრე, 65 წაგება, ბურთები 114:174, ქულა 99