სხვა

19:54 | 20.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ხელბურთის ფედერაციის საქმიანობა პარლამენტში განიხილეს

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები მოისმინეს 19 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტში, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე.

საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ზურაბ კაკაბაძემ ფედერაციაში არსებული მდგომარეობა გააცნო კომიტეტს და საქართველოს ხელბურთელ ქალთა, ვაჟთა და ბავშვთა გუნდების სხვადასხვა ჩემპიონატებსა თუ ფესტივალებზე მიღწეული შედეგების შესახებ ისაუბრა. მან თავის მოხსენებაში აღნიშნა იმ პრობლემების შესახებ, რაც დღეს ხელბურთის ფედერაციისა და სპორტსმენების წინაშე დგას.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას მან პირველ რიგში აღნიშნა, რომ საჭიროა ამოქმედდეს კლუბების მხარდაჭერის პროგრამა, განვითარდეს და მასობრივი გახდეს სკოლის, მინი და ქუჩის ხელბურთი. პროგრამის ამოცანაა შეიქმნას სტრუქტურა „სპორტი-სკოლა-ხელბურთის კლუბი“.

ანგარიშში აისახა ფედერაციის კიდევ ერთი მიმართულება - ხელბურთის აკადემიის საქმიანობა, რომელიც თავის ბაზაზე ამზადებს ახალგაზრდა პერსპექტიულ სპორტსმენებს, ასევე ამყარებს საერთაშორისო კავშირებს ევროპის სპორტულ ორგანიზაციებთან და მათთან თანამშრომლობს.

გაწეული საქმიანობის ანგარიშთან და სამომავლო გეგმებთან ერთად სხდომაზე წარმოდგენილი იყოს ჭაბუკ ხელბურთელთა 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემაჯამებელი ბუკლეტი და ქართული ხელბურთის განვითარების 2018-2020 წლების კონცეფცია.

მომხსენებელმა უპასუხა კომიტეტის წევრთა შეკითხვებს.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა დადებითად შეაფასა ხელბურთის ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობა.

„პარლამენტის და სპორტის სამინისტროს პრიორიტეტია განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, რათა სპორტი გავხადოთ მასობრივი. განათლების სფეროში უნდა მოვახდინოთ, ასე ვთქვათ, რევოლუცია, რომ იქ დაიწყოს ამ ყველაფერზე ზრუნვა. ყველა სპორტის სახეობა იწყება დაბალი ასაკიდან, იწყება სკოლებში, ბაღებში, ამიტომ იქ უნდა შევუქმნათ ინფრასტრუქტურა, მოვამზადოთ მწვრთნელები და რაც აქ გეგმები გაქვთ წარმოდგენილი ყველაფერში დაგეხმაროთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს და განსაკუთრებით ბავშვებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომობა სპორტთან“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომიტეტმა მოსმენილი ანგარიში ცნობად მიიღო.

კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

http://www.parliament.ge

0.12756