თანამედროვე ტურბო-ჰიბრიდული ძრავების და აეროდინამიკის წყალობით, ფორმულა 1-ის ავტომობილების სიჩქარე არნახულად გაიზარდა. მაგრამ ამ ძრავებმა ვერაფრით მოიპოვა პოპულარობა. წინა ატმოსფერულებთან შედარებით ისინი ნაკლები ხმაურით გამოირჩევიან, რაც ფ1-ის ფანებს არ მოსწონთ. გარდა ამისა, ახალი ტექნოლოგია მეტისმეტად ძვირია, რაც ფ1-ში დიდი კომპანიების მოსვლას უშლის ხელს. ლაპარაკი აღარაა შედარებით პატარა კომპანიებზე.
მაგრამ ეს სიტუაცია მალე ალბათ შეიცვლება. 2021 წლის სეზონიდან ძრავების ახალი რეგლამენტი შევა ძალაში, რომელმაც ეს ორი ძირიტად პრობლემა უნდა მოაგვაროს. და ამ დროს რამდენიმე კომპანია მოუთმენლად ელის. მათ შორისაა „ასტონ მარტინი“, რომელიც ამჟამად ფ1-ში მხოლოდ „რედ ბულის“ სპონსორის სახითაა წარმოდგენილი, თუმცა მისი ხელმძღვანელობა არ მალავს, რომ ბრიტანული კომპანია ფ1-ის ძრავების წარმოებით არის დაინტერესებული.
სკაი სპორტსის რეპორტიორთან, წარსულში ფ1-ის პილოტ მარტინ ბრანდლთან რბოლის წინ, სასტარტო რიგში საუბრისას, „ასტონ მარტინის“ შეფმა ენდი პალმერმა განაცხადა, რომ თავისი კომპანიის ფ1-ში უფრო მეტი ჩართულობა სურს, ვიდრე სპონსორობაა. ის ამბობს, რომ კომპანიის სპეციალისტები, ახალი რეგლამენტის შემუშავების პროცესს აკვირდებიან და სწავლობენ. და თუ ის „ასტონ მარტინისთვის“ მისაღები იქნება, რაც პირველ რიგში, ძრავების ფასების მნიშვნელოვან შეკვეცას გულისხმობს, მაშინ ბრიტანული კომპანია ფ1-ის ძრავის შემუშავებას გადაწყვეტს.
შეგახსენებთ, რომ ახალი რეგლამენტის შემუშავებას ამჟამად „პორშე“ და „კოსუორტიც“ აკვირდებიან, რომლებსაც დიდი პრიზების ცირკში დაბრუნება სურთ. გარდა ამისა, საკუთარი ძრავების წარმოებას არ გამორიცხავს „მაკლარენი“, რომელსაც „რენოსთან“ ახლახანს გაფორმებული კონტრაქტი, სწორედ ახალი რეგლამენტის ამოქმედების წინ უმთავრდება.







