კალათბურთი

23:48 | 19.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ცქიტიშვილი: "ვაღიარებ, შეცდომა დავუშვი"

თბილისის “დინამოსა” და “ხუვენტუსის” მატჩი 60:72 დასრულდა, რომლის შემდგომაც საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდის კალათბურთელმა, ნიკოლოზ ცქიტიშვილმა მატჩი შეაფასა. როგორ მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ გუნდთან ერთად სულ რაღაც 3 დღეა ვარჯიშობს, შეიძლებოდა თამაში სხვაგვარად წარმართულიყო.

“ეს ზუსტად ის გუნდია, როგორიც მახსოვს. 4 წელი ვითამაშე ესპანეთში და იგივე დონე დავინახე. ვფიქრობ, ბიჭებმა მაქსიმუმი გააკეთეს. დღეს მართლა შეგვეძლო მატჩი სხვაგვარად წაგვემართა, მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 3 დღეა რაც გუნდთან ერთად ვვარჯიშობ, დანარჩენები კი ბოლო 10 დღეა. მე ვფიქრობ, რომ გუნდმა ითამაშა საუკეთესო კალათბურთი. არ გაგვიმართლა იმიტომ, რომ შეგვხვდა ყველაზე ძლიერი გუნდი, ვინც კი შეიძლებოდა შეგვხვედროდა", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

გარდა ამისა, ნიკა საქართველოს ნაკრების თემას ამჯერადაც შეეხო და იგივე თქვა, რაც ერთი დღის წინ WORLDSPORT.GE-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

"ნაკრებს რაც შეეხება – მე თვითონაც მიკვირს თუ რატომ არ მიძახიან. წინა ინტერვიუშიც ვისაუბრე მიზეზებზე, თუმცა ვაღიარებ, რომ შეცდომა დავუშვი. ზუროსმა შარშან გამომიძახა, უბრალოდ, ამერიკიდან ისეთი შემოთავაზება მქონდა, შეუძლებელი იყო უარი მეთქვა. ვისაუბრე ამ თემაზე ზუროსთან და მეგონა, რომ გამიგო, თუმცა როგორც ჩანს, ეწყინა. ისე მოხდა, რომ ნაკრებს მიღმა დავრჩი. შანსი თუ მომეცემა მე ყველანაირად მზად ვარ, რადგან ძალიან მომენატრა ჩვენს ბიჭებთან თამაში”, - თქვა ცქიტიშვილმა.

ნიკოლოზ ცქიტიშვილი "დინამოსა" და "ხუვენტუტის" მატჩში ყველაზე შედეგიანი იყო. 34 წლის კალათბურთელმა შეხვედრა 23 ქულით დაასრულა.

0.119043