კალათბურთი

20:55 | 19.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" ევროტურნირებზე მარცხით დაბრუნდა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებლად ჩაერთო თბილისის “დინამო”. ქართული კლუბი ევროტურნირებს დიდი ხნის პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და ბუნებრივია, რომ მატჩის წინ ფავორიტად ესპანური “ხუვენტუტი” მიიჩნეოდა.

ირაკლი ხოშტარიას გუნდმა პირინელებს წინააღმდეგობა სამი პერიოდის განმავლობაში გაუწია, მაგრამ გადამწყვეტ მეოთხედში მეტოქეს გაქცევის საშუალება მისცა და შეხვედრაც დათმო – 60:72.

არადა, გადამწყვეტი ათწუთეულის წინ ასეთ სხვაობას არაფერი მოასწავებდა. მართალია, “დინამო” წინ გასვლას თითქმის მთელი თამაშის ვერ ახეხებდა, მაგრამ არც ესპანურ კლუბს აძლევდა მაინც და მაინც კომფორტულად დაწინაურების საშუალებას. მეოთხე პერიოდი წინ “ხუვენტუტი” ორი ქულით იგებდა და შესაბამისად, თამაშის მოგების რეალური შანსი ჰქონდა თბილისურ კლუბს, მაგრამ ბოლო პერიოდი გუნდმა ცუდად დაიწყო: ესპანელებმა გაქცევა მოაწყვეს (8:0) და მოპოვებული უპირატესობა საფინალო სირენამდე შეინარჩუნეს.

“დინამოს” რიგებში საუკეთესო ნიკოლოზ ცქიტიშვილი გახლდათ, რომელმაც გუნდს 23 ქულა მოუტანა. მას მხარი სერბმა ლეგიონერმა ნიკოლა გაჩეშამაც აუბა – 17 ქულა. თუმცა, აი, დანარჩენები რბილად რომ ვთქვათ კარგად არ გარჯილან და ათქულიან ზღვართან ახლოსაც კი არავინ ყოფილა.

მოკლედ, საპასუხო თამაშის წინ “დინამოს” მდგომარეობა რთულია. 12 ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ადვილი რომ არ იქნება, ნათელია. ხსენებული მატჩი კი, 21 სექტემბერს ესპანეთში გაიმართება.

“დინამო” – “ხუვენტუტი” 60:72 (17:17, 12:13, 16:17, 15:25)

0.117369