ძიუდო

20:25 | 17.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

აზერბაიჯანული რევანში და ვერცხლის ფინიში

საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა სლოვენიის ქალაქ მარიბორში გამართული ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლაშა გუჯეჯიანის გაწვრთნელი გუნდი ფინალში შარშანდელი ევროპირველობის მსგავსად, ისევ აზერბაიჯანს დაუპირისპირდა, მაგრამ ამჯერად ვეღარ აჯობა.

ვაჟთა ევროკონკურენციაში სულ 17 ქვეყნის ნაკრები ჩაება. ევროპის მოქმედი ჩემპიონის რანგში მოჭიდავე საქართველოს ნაკრები პირველ ნომრად იყო განთესილი. საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო და შვეიცარიას 4:1 მოუგო. მეოთხედფინალში ჩერნოგორიას კიდევ უფრო ადვილად გაუსწორდა – 5:0 და ნახევარფინალში ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტს – რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.

ფინალის საგზურის ბედი საწყისი სამი შეხვედრის შემდეგ უკვე გადაწყვეტილი იყო. 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილმა აიუბ ხაჟალიევი შებოჭა. 73 კილოგრამში, ევროპის ინდივიდუალური პირველობის ბრინჯაოს პრიზიორების – ტატო გრიგალაშვილისა და დავიდ გამოსოვის შეხვედრა ასევე შებოჭვით დაგვირგვინდა, ისევ ჩვენებურის შესრულებით. 81 კილოგრამში კი, ევროპის ჩემპიონატის ფინალისტმა ლუკა მაისურაძემ არამ გრიგორიანს "ოქროს დროში” შესრულებული ვაზარით აჯობა და საერთო ანგარიში 3:0 გახადა.

ბოლო ორ დაპირისპირებაში გამარჯვება რუსებს დარჩათ. ნიკა სიდამონიძე (90 კგ) იური ბოჟასთან ვაზარით დამარცხდა. ევროპის ბრინჯაოს პრიზიორმა მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა კი ევროპის ჩემპიონ ინალ ტასოევთან ვაზარის უპირატესობა ვერ შეინარჩუნა, ბეჭებზე დავარდა და საქართველოს ნაკრებმა 3:2 იმარჯვა.

ქართულ-აზერბაიჯანული ფინალი ბაგრატ ნინიაშვილისა და იაკუბ ჯავადოვის დაჭიდებით გაიხსნა და ჯავადოვმა საერთო ანგარიში ვაზარით გახსნა. ცოტა ხანში კი აზერბაიჯანელები ორქულიანი უპირატესობით დაწინაურდნენ - ტატო გრიგალაშვილი მიმდინარე ჩემპიონატზე მეორედ შეხვდა ევროპის მოქმედ ჩემპიონ ჰიდაიატ ჰეიდაროვს და ამჯერადაც წააგო.

ლუკა ზაქარიაძემ მურატ ფატიევი შებოჭა და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა (1:2), მაგრამ აზერბაიჯანელებმა ჩემპიონობა მაინც ვადაზე ადრე გაინაღდეს, მას შემდეგ, რაც ნიკა სიდამონიძე აზარ იაგუბოვთან ვაზარით დამარცხდა. ფინალის მეხუთე ბრძოლაში გელა ზაალიშვილმა ინდივიდუალური პირველობის მოქმედი ჩემპიონი ზელიმ კოცოევი შებოჭა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 2:3.

ვაჟებში პოდიუმის მესამე საფეხურზე რუსეთისა და ბრიტანეთის ნაკრებები ავიდნენ. რეპეშაჟის ფინალში რუსებმა გერმანელებს აჯობეს (3:2), ბრიტანელებმა – იტალიელებს (4:1).

გოგონათა შორის ევროპის ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გახდა, ფინალში ჰოლანდიის ძლევით (3:2). მესამე საპრიზო ადგილები კი რუსეთმა და გერმანიამ დაიკავეს.

0.111665