კალათბურთი

1:53 | 17.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

Air Georgia მიწაზე დაეშვა: მადლობა, ვიქტორ!

ეფექტური გდებებისა და შეუდარებელი პლასტიკის გამო გულშემატკივრმა მას AIR GEORGIA შეარქვა. საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე ის ამ მეტსახელს ამართლებდა და ულამაზესი ჩატენვებითა და თამაშით მაყურებელი აღტაცებაში მოჰყავდა...

ვიქტორ სანიკიძემ ქართულ კალათბურთში ეპოქა შექმნა. მისებრ უნივერსალურობითა და მრავალმხრივად სასარგებლო თამაშით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ვერც ერთი კალათბურთელი ვერ გამოირჩეოდა. სანიკიძეს შეეძლო პერიმეტრიდანაც ჩაეგდო ბურთი, ფარი სწრაფი გარღვევით დაელაშქრა და ყველაზე მაღლაც ამხტარიყო. ეს ნახტომი ვიქტორს საშუალებას აძლევდა, ბურთის მოხსნისთვის ნებისმიერ მეტოქესთან უპირტესობა მოეპოვებინა, ოპონენტისთვის დაეფარებინა და მისი მთავარი, საფირმო ილეთი - ეფექტური გდება, ეგრედ წოდებული ჩატენვა განეხორციელებინა.

ალბათ ეს ფენომენალური ნახტომის უნარი გახდა იმის მიზეზი, რომ ვიქტორ სანიკიძის თამაშის შესახებ წარსულ დროში ვლაპარაკობთ. რაც უფრო მაღლა ხტები, დაშვება უფრო უხერხული და მტკივნეულია. სანიკიძემაც კარიერის მანძილზე არაერთი რთული ტრავმა გადაიტანა, რამდენიმე ოპერაციაც გაიკეთა, მაგრამ კარიერის ნაადრევად დასრულებას მაინც ვერ ასცდა. 31 წლის ასაკში ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა და საკალთბურთო მონაცემებით უხვად დაჯილდოვებულმა კალათბურთელმა კარიერა დაასრულა.

სანიკიძემ ბოლო ტრავმა და ოპერაცია მუხლზე, გასული წლის ოქტომბერში გადაიტანა, რის შემდეგაც რეაბილიტაციას გადიოდა და იმედით უყურებდა ევრობასკეტ 2017-ს. ის ეროვნულ ნაკრებს გაჰყვა კიდეც კონტინენტის პირველობაზე, მაგრამ მხოლოდ გასამხნევებლად - ივლისში მან ექიმების მწარე დიაგნოზი გაიგო: ოპერაციიდან ბარე 9 თვის შემდეგ მის ფეხებს დატვირთვებზე მწვავე რეაქცია ჰქონდა და ვარჯიში გაურკვეველი დროით აეკრძალა. ვიკა საქართველოს ეროვნულ გუნდს საბერძნეთში, აკროპოლისის ტურნირზეც გაჰყვა და ისრაელში - ევრობასეტზეც, თუმცა წინა 3 ევროჩემპიონატისგან განსხვავებით ეს ის შემთხვევა იყო, როცა AIR GEORGIA გუნდს ვერც ჰაერიდან ეხმარებოდა და ვერც ფიცარნაგიდან. სანიკიძე გუნდთან ერთად იყო ყველგან - გარდა მოედნისა, სადაც ჩვენმა ბიჭებმა არაერთი საამაყო ბრძოლა მოიგეს გასულ ზაფხულს.

ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ ვიქტორ სანიკიძემ ყველასთვის სამწუხარო განცხადება გააკეთა კარიერის დასრულების შესახებ. ალბათ სანიკიძეზე მეტად არავის უყვარს კალათბურთი და ქართული კალათბურთისთვისაც სანიკიძე ყველასგან გამორჩეულია. ქართულ კალათბურთს ეცლება თავისი განსაკუთრებული შარმი და უნივერსალურობა სახელად ვიქტორ სანიკიძე, რომელიც ჩვენს ეროვნულ გუნდს ძალიან, ძალიან დააკლდება.

მადლობა, ვიქტორ იმ განუმეორებელი ემოციისთვის, რაც ქართველ გულშემატკივარს, ჩვენს ქვეყანას აჩუქე. ვიცით, რომ ბრწყინვალე კარიერის მანძილზე შეძენილ ფასდაუდებელ გამოცდილებას ყველას გასახარად ახალგაზრდა ქართველ კალათბურთელებს დაახმარ და შენს ცოდნას შენზე უფრო მაგარი ბიჭების გაზრდაში გამოიყენებ და ასწავლი მათ სამშობლოს სიყვარულს, ქვეყნისთვის თავდადებას!!!

GBF.GE

0.114079