ფეხბურთი

23:37 | 16.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბუნდესლიგა მოულოდნელი ლიდერით

გერმანიის ბუნდესლიგას მეოთხე ტურის შემდეგ მოულოდნელი ლიდერი ჰყავს – “ჰანოვერი”. მართალია, ხვალ კიდევ სამი მატჩია გასამართი, მაგრამ ბუნდესლიგის ახალწვეულის ლიდერობას მაინც არაფერი დაემუქრება. ყველაზე ცუდ შემთხვევაში “დორტმუნდი” თუ გაუტოლდება ქულებით.

“ჰანოვერმა” თავისი მატჩი გუშინ მოიგო და თანაც, დამაჯერებლად “ჰამბურგის” წინააღმდეგ (2:0). დღეს კი, ხუთი შეხვედრა გაიმართა. მუნხენის “ბაიერნმა” ერთი კვირის წინ, ზინსჰეიმში განცდილი მარცხი დაივიწყა. რობერტ ლევანდოვსკიმ კი, მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას გოლებით უპასუხა. თუმცა, სანამ პოლონელი დუბლს გაიფორმებდა, იქამდე უკვე გადაწყვეტილი იყო “ბაიერნისა” და “მაინცის” შეხვედრის ბედი. ტომას მიულერმა, რომელიც ბოლო დროს სათადარიგო სკამს გაუშინაურდა, დასაწყისშივე გახსნა ანგარიში და ნათელი გახლდათ, რომ სტუმრებს კარგი დღე არ მოელოდათ. მალევე, არიენ რობენმა მეორედ შეარხია “მაინცის” კარის ბადე, ხოლო მეორე ტაიმში ლევანდოვსკის სოლო ვიხილეთ. საბოლოოდ, 4:0 და კარლო ანჩელოტის გუნდამ მესამე გამარჯვება მოიპოვა მიმდინარე სეზონში.

ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი “ლაიფციგი” შინ ორჯერ უგებდა “გლადბახს”, მაგრამ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, რომ ქულას დასჯერდა. ტიმო ვერნერისა და ოგუსტინის გოლებს შორის ტორგენ აზარმა გაიტანა და ეს ანგარიში 61-ე წუთამდე ფიქსირდებოდა. იქამდე, სანამ “ლაიფციგის” ორმა ფეხბურთელმა ერთი ბურთი ვერ გაიყო, რომელიც საბოლოოდ ლარს შტინდლ მიუვიდა და გერმანიის ნაკრების შემტევმამ უმალვე გოლად აქცია შეცდომა – 2:2. მერე, ანგარიში აღარ შეცვლილა და “რედ ბულმა” ორმატჩიანი მოგებების სერია შეწყვიტა.

მნიშვნელოვანი სამი ქულა წამოიღო ბრემენიდან “შალკემ” – “ხუმარები” თავიდან აგებდნენ “ვერდერთან”, მაგრამ შემდეგ საქმეს ხელი სერიოზულად მოჰკიდეს და მოიგეს კიდეც. “შალკეს” ცხრა ქულა აქვს და ლიდერთა შორისაა. “შტუტგარტი’ სტუმრად აგებს, სახლში – იგებს. ყოველშემთხვევაში, 4 ტურის თავზე “შვაბთა” სტატისტიკა ასეთია. ამჯერადაც, გერმანიის 2007 წლის ჩემპიონმა “მერსედეს ბენც არენაზე” მორიგი სამი ქულა მოიპოვა – მასპინძლებს აკოკომ მოაგებინა “ვოლფსბურგთან” შეხვედრაში, რომელიც ისევ არადამაჯერებელია, როგორც გასულ სეზონში.

დღევანდელი დღის კიდევ ერთი მატჩი კი, სტუმართა გამარჯვებით დასრულდა: “აუგსბურგმა” ფრანკფურტში, ამბიციური, მაგრამ ცუდ ფორმაში მყოფი “აინტრახტი” დაამარცხა.

“ბაიერნი” – “მაინცი” 4:0 (2:0)

გოლები: 1:0 მიულერი (11), 2:0 რობენი (23), 3:0 ლევანდოვსკი (50), 4:0 ლევანდოვსკი (77)

“აინტრახტი” – “აუგსბურგი” 1:2 (0:1)

გოლები: 0:1 მაქსი (20), 0:2 საიუბი (76), 1:2 იოვიჩი (79)

“შტუტგარტი” – “ვოლფსბურგი” 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 აკოკო (42)

“ვერდერი” – “შალკე” 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 სანე (20), 1:1 ველიკოვიჩი (22, ა.გ), 1:2 გორეცკა (83)

“ლაიფციგი” – “გლადბახი” 2:2 (2:1)

გოლები: 1:0 ვერნერი (17), 1:1 აზარი (25, პენ), 2:1 ოგუსტინი (31), 2:2 სტინდლი (61)

თეგებიბუნდესლიგა
0.457453