საქართველოში ასაკობრივი ნაკრებების ახალი სისტემა დაინერგა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალგაზრდული ნაკრებების განვითარების ახალ ეტაპს იწყებს. ქართული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ მსოფლიოს წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში აპრობირებული სტრატეგია შეიმუშავა.
ამიერიდან, საქართველოში 15-წლამდე ასაკიდან 21-წლამდე ასაკის ჩათვლით, 7 დამოუკიდებელი ასაკობრივი ნაკრები იქნება. რაც ყველა ასაკობრივ ჯგუფში სანაკრებო შეკრებების ჩატარებას, ამხანაგური მატჩების დაგეგმვას და კონკურენტუნარიანი ნაკრების შექმნას გულისხმობს, რაც თავისთავად გაზრდის შანსს,რომ ასაკობრივ ნაკრებებში დიდი გამოცდილების მქონე მოთამაშეებმა არამხოლოდ ასაკობრივ გუნდს მოუტანონ წარმატება, არამედ საბოლოოდ 21-წლამდელთა და მომავალში ეროვნულ ნაკრებს.
ახალი გეგმის ფარგლებში უკვე ჩამოყალიბდა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელიც ვასილ მაისურაძე იქნება. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული გუნდი იქნება საუკეთესო შანსი იმ მოთამაშეების პროგრესისთვის, რომლებიც 19-წლამდელთა ნაკრებში ასაკობრივი ზღვარის გამო აღარ ითამაშებენ და სწორედ ვასილ მაისურაძის გუნდი იქნება ძირითადი, 21 წლამდელთა ნაკრების საბაზისო გუნდი. აღნიშნულ ნაკრებს ექნება ამხანაგური მატჩები, საწვრთნელი შეკრებები როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
19-წლამდელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდის მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიფიანი უხელმძღვანელებს. ასევე უკვე დაკომპლექტდა 15-დან 18 წლამდე ასაკობრივი ნაკრებების სამწვრთნელო შტაბები.
18-წლამდელთა ნაკრები - მთავარი მწვრთნელი გიორგი მიქაძე
17-წლამდელთა ნაკრები - მთავარი მწვრთნელი გიორგი ნემსაძე
16-წლამდელთა ნაკრები - მთავარი მწვრთნელი ზვიად ჯელაძე
15-წლამდელთა ნაკრები - მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიტაური
სისტემა იყოფა სამ ძირითად ნაწილად,რომელიც ითვალისწინებს ყოველწლიურად 15-დან 17 წლამდე ასაკობრივი ნაკრებების მთავარი მწვრთნელების მონაცვლეობას. აგრეთვე 18 და 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ნაკრებების მთავარი მწვრთნელების იგივე პრინციპით გადაადგილებას.
აღნიშნული გეგმა იქნება გარანტი,იმის,რომ ყველა ასაკობრივ ნაკრებს ჰქონდეს უწყვეტი ჯაჭვი და მწვრთნელები ფლობდნენ სრულ ინფორმაციას მათ გუნდში გამოძახებულ თითოეულ მოთამაშეზე.
gff.ge