ფეხბურთი

11:19 | 14.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: ოთხი ქართველის მოლოდინში

დღეს ევროპა ლიგის 2017/2018 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი აიღებს სტარტს. ვერ ვიტყვით, რომ ჯგუფები დიდად საინტერესოდაა დაკომპლექტებული. ალბათ ერთადერთი ოთხეული, რომლის გამორჩევაც შეიძლება (ისიც იმიტომ, რომ ხუთი დიდი ქვეყნის სამი წარმომადგენელია ერთად) E ჯგუფია, სადაც “ევერტონი”, “ლიონი”, “ატალანტა” და “აპოლონი” ითამაშებენ. სხვა შემთხვევაში, ჯგუფებით ფეხბურთის მოყვარული მხოლოდ ცალკეული კლუბების (მაგ: “მილანის”, “არსენალის”, “ლაციოს”, “ვილიარეალის”, “ბილბაოს”) გამო თუ დაინტერესდება.

თუმცა, ფეხბურთის ქართველ მოყვარულს ევროპა ლიგაზე სხვა ინტერესიც აქვს, თანაც საკმაოდ მნიშვნელოვანი. რანგით მეორე საკლუბო ევროტურნირზე ოთხი ქართველი იასპარეზებს და უმეტესად აქცენტს სწორედ ქართველი ლეგიონერების კლუბებზე გავაკეთებთ.

F ჯგუფში სოლომონ კვერკველიას “ლოკომოტივი” გასვლაზე “კოპენჰაგენს” დაუპირისპირდება. ამ კლუბების გარდა, ოთხეულს მოკრძალებული “ზლინი” და “შერიფი” ავსებენ. ასე რომ, ნახსენები შეხვედრა შეგვიძლია, ჯგუფის ფავორიტების ჯახად მივიჩნიოთ. ძირითად შემადგენლობაში მოიაზრება საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი.

H ჯგუფში ვაკო გვილიას “ბატე” სტუმრად “ცრვენა ზვეზდას” ეთამაშება. ბრიტანული გამოცემა Teamfeed-ი ვარაუდობს, რომ ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში არ იქნება, თუმცა რას გადაწყვეტს ბელარუსთა მწვრთნელი მეორე საკითხია. ამავე ჯგუფში ლონდონის “არსენალი” შინ “კიოლნს” დაუხვდება. არსენ ვენგერმა ევროპა ლიგაზე მოხვედრისთანავე აღნიშნა, რომ ეს ტურნირი მისთვის პრიორიტეტული არაა და ბევრ მოთამაშეს დასვენების საშუალებას მისცემს, თუმცა “მეთოფეები” მაინც ჯგუფის უპირობო ფავორიტები არიან.

ჩვენთვის ძალიან საინტერესო დაპირისპირდება შედგება K ჯგუფში, სადაც გურამ კაშიას “ვიტესი” რომის “ლაციოს” უმასპინძლებს. არნემელთა კაპიტანი ჰოლანდიის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში “ექსელსიორთან” გასვლაზე მოგებულ (3:0) მატჩში თადარიგში იყო და მთელი რიგი გამოცემები ვარაუდობენ, რომ კაშია ძირითადში ამჯერადაც არ იქნება. ჯგუფის მეორე მატჩში “ვარეგემი” “ნიცას” უმასპინძლებს.

L ჯგუფში ჯაბა ჯიღაურის “ვარდარი” საკუთარ მოედანზე “ზენიტს” დაუხვდება. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი დიდი ალბათობით ძირითად შემადგენლობაში იქნება. “სოსიედადი” კი “ანოეტაზე” “როსენბორგს” უმასპინძლებს.

ზემოხსენებულ E ჯგუფში “ლიონი” კვიპროსში “აპოლონს” ეთამაშება, ხოლო “ატალანტა”, რომელიც ევროთასების ძირითად ბადეს 26-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, “ევერტონს” დაუპირისპირდება.

საკმაოდ იოლ ჯგუფშია ევროტურნირებზე დაბრუნებული “მილანი”. იტალიური გრანდი დღეს “აუსტრიას” ესტუმრება, ხოლო მეორე მატჩში ერთმანეთს “რიეკა” და აეკი დაუპირისპირდებიან.

A ჯგუფი

21:00 სლავია – მაკაბი თელ ავივი
21:00 ვილიარეალი – ასტანა

B ჯგუფი

21:00 იანგ ბოიზი – პარტიზანი
21:00 დინამო (კ) – შკენდერბიუ

C ჯგუფი

21:00 ბაშაქშეჰირი – ლუდოგორეცი
21:00 ჰოფენჰაიმი – ბრაგა

D ჯგუფი

21:00 რიეკა – აეკი
21:00 აუსტრია – მილანი

E ჯგუფი

21:00 აპოლონი – ლიონი
21:00 ატალანტა – ევერტონი

F ჯგუფი

21:00 ზლინი – შერიფი
21:00 კოპენჰაგენი – ლოკომოტივი

G ჯგუფი

23:05 სტიაუა – პლზენი
23:05 ბირ შევა – ლუგანო

H ჯგუფი

23:05 ცრვენა ზვეზდა – ბატე
23:05 არსენალი – კიოლნი

I ჯგუფი

23:05 გიმარაეში – ზალცბურგი
23:05 მარსელი – ქონიასპორი

J ჯგუფი

23:05 ზორია – ოსტერსუნდსი
23:05 ჰერტა – ბილბაო

K ჯგუფი

23:05 ვარეგემი – ნიცა
23:05 ვიტესი – ლაციო

L ჯგუფი

23:05 სოსიედადი – როსენბურგი
23:05 ვარდარი – ზენიტი

0.10802