თბილისში მიმდინარე საჭადრაკო მსოფლიოს თასის გათამაშების მესამე წრეში მოასპარეზე კანადელმა ანტონ კოვალოვმა ტურნირი, რამდენიმე დღის წინ, დროზე ადრე დატოვა. როგორც შემდეგ გაირკვა, მიზეზი არასათანადო ჩაცმულობა გახდა.
მთავარმა მსაჯმა ტომაშ დელეგამ სატურნირო რეგლამენტით გათვალისწინებული დრესკოდის დარღვევის გამო კანადელს შენიშვნა მისცა, რომლის შემდგომაც მოჭადრაკემ მისი გამოსწორება არ ინდომა და პარტიის გაგრძელებაზე უარი თქვა, რის გამოც ავტომატიურად წაგება ჩაეთვალა. თბილისიდან გამგზავრების შემდეგ კოვალიოვმა განაცხადა, რომ ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა მას შეურაცხყოფა მიაყენა.
ამ თემასთან დაკავშირებით, დღეს, სასტუმრო ჰუალინგში გამართულ პრესკონფერენციაზე ზურაბ აზმაიფარაშვილმა განცხადება გააკეთა და ის უსიამოვნო შემთხვევა განიხილა, რამაც არასასურველი შედეგები მოუტანა მსოფლიო თასის გათამაშებას. ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზატორებისა და კოლეგებისადმი გამოვლენილი უპატივცემულობის გამო კოვალოვისგან ბოდიშის მოხდას ელის.
აქვე გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
“2012 წლიდან, როდესაც საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გავხდი, დღემდე ჭადრაკისთვის 20 მილიონი დოლარის მოძიება შევძელი. ამ თანხით საქართველოში გავმართეთ ვაჟთა გრან-პრი, ქალთა გრან-პრი (ორჯერ), ქალთა და ვაჟთა ინდივიდუალური ევროპის ჩემპიონატები, ევროპის ახალგაზრდული და მსოფლიო კადეტთა ჩემპიონატი, მსოფლიო თასი და მომავალ წელს ოლიმპიადის ორგანიზებისთვის ვემზადებით...
როდესაც ჩვენი ქვეყანა და კერძო სპონსორები ასეთ დიდ თანხას დებენ ჭადრაკში, ბუნებრივია, რომ საჭადრაკო სამყარო და განსაკუთრებით პროფესიონალი მოჭადრაკეები პატივისცემით უნდა მოექცნენ მათ, ვინც ყველაფერი გააკეთა საპრიზო ფონდის ბენეფიციარებისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია FIDE-ს მსოფლიო თასი, რომლის მაღალ დონეზე გამართვისათვის ყველაფერი გავაკეთეთ (საბანკო სესხიც კი ავიღეთ) და მოჭადრაკეთა საპრიზო ფონდი 4 თვით ადრე უზრუნველვყავით. ამგვარად, პროფესიონალი მოჭადრაკეები ვალდებულნიც კი არიან, სულ მცირე, პატივი სცენ ორგანიზატორებს, მასპინძელ ქვეყანასა და კერძო სექტორს.
მოჭადრაკეს არ ამართლებს ის ფაქტი, რომ ის სულ ორი დღით ჩამოვიდა, თან არაფერი ჰქონდა ერთი შორტის გარდა და მზადაა, დატოვოს ტურნირი, რადგან მას სხვა, ბევრად მნიშვნელოვანი საქმეები ელოდება.საბოლოოდ, მან დატოვა კიდეც ასპარეზობა ისე, როგორც განაცხადა.
უნდა აღვნიშნოთ, რომ მსოფლიო თასი ჭადრაკში ეს არის ყველაზე მაღალი დონის ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 1,6 მილიონი დოლარია და ეს არის მსოფლიო ჩემპიონატის ციკლის ნაწილი.
ეს არ არის კერძო ან ადგილობრივი ტურნირი! ეს არ არის ახალგაზრდული ღონისძიება დამწყებთათვის!
ასეთი დამოკიდებულება ზიანს აყენებს თავად ჭადრაკსა და ჭადრაკისთვის ინვესტიციების მოზიდვას, მით უფრო, როცა მედიასაშუალებების მხრიდან ხდება ფაქტის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტააციით გაშუქება.
მსურს, ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნო, რომ ბატონი კოვალიოვი არავის გაუძევებია სათამაშო დარბაზიდან და არც არავის აუკრძალავს მისთვის თამაში. FIDE-ს რეგულაციის თანახმად, მას არასათანადო ჩაცმულობაზე მიუთითეს - ჯერ ტურნირის მთავარმა არბიტრმა, შემდეგ კი ორგანიზატორებმა, თუმცა მოჭადრაკემ არ მიიღო შენიშვნა. არადა, შეეძლო, მარტივად, ეთხოვა დახმარება - გამოვყოფდით მანქანას და შევუძენდით ტანსაცმელს ან პარტიის შემდეგ თავად კოვალიოვს მივცემდით საშუალებას, წასულიყო და სასურველი სამოსი შეერჩია. არა მგონია, რთული ყოფილიყო, ორგანიზატორების მიმართ ცოტაოდენი პატივისცემა გამოეჩინა.
თუ შენიშვნის მიცემისას ვუთხარი რაიმე ისეთი, რასაც ბატონი კოვალიოვი შეურაცხყოფად მიიჩნევს, მზად ვარ, ბოდიში მოვუხადო და ზუსტად იგივეს გავაკეთებდი იმ წუთებშიც, ზურგი რომ არ ექცია და პარტიის თამაში გაეგრძელებინა, რაც მას მოეთხოვებოდა. ცხოვრებაში არასდროს მქონია შეცდომის გამოსწორებისა და ბოდიშის მოხდის პრობლემა.
თუმცა, სიმართლე ისაა, რომ ჩვენთვის არავის უთქვამს აღნიშნული პრობლემის შესახებ, არავის გავუფრთხილებივართ, რომ აღარ ითამაშებდა და არავინ გვითხრა, ტურნირი რომ დატოვა. ეს იყო მისი თავდაპირველი განზრახვა, რომელიც ერთი დღით გაამჟღავნა და სისრულეშიც მოიყვანა.
ასე რომ, ფაქტი ასეთია - ბატონმა კოვალიოვმა დატოვა ცარიელი დაფა, მოწინააღმდეგის მომლოდინე მეტოქე და შეურაცხყოფილი კოლეგები, ორგანიზატორები, სპონსორები - მთლიანად მსოფლიო თასი.
სოციალურ ქსელებში ამ ფაქტს ჩემთვის სრულიად გაუგებარი შეფასებები მოყვა და შეთქმულების თეორიაც კი გაჟღერდა - თითქოს ყველაფერი ეს იყო მიზეზი, ბატონ კოვალიოვს ტურნირი დაეტოვებინა. ეს აბსურდია და ამაზე კომენტარიც კი ზედმეტია. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა მონაწილეს და ბუნებრივია, მათი მხრიდანაც მოვითხოვთ ორგანიზატორებისადმი სწორ დამოკიდებულებასა და კოლეგებისადმი პატივისცემას. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი კოვალიოვის დამოკიდებულება თავიდანვე არასერიოზული იყო ამგვარი პრესტიჟული ტურნირისადმი (ჩამოფრენის თარიღის შეცვლა ფორსმაჟორულ სიტუაციაში), მისთვის შენიშვნაც კი არავის მიუცია.
ბატონი კოვალიოვისგან ორგანიზატორებისა და კოლეგებისადმი გამოვლენილი უპატივცემულობის გამო ბოდიშის მოხდას ველოდები. ბოდიში უნდა მოიხადოს იმის გამოც, რა არასასურველი შედეგებიც მოუტანა ყველაფერმა ამან მსოფლიო თასს.
მინდა, ვკითხო ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს - თქვენი აზრით, უღირთ თუ არა სპონსორებს დიდი თანხის გაღება მოჭადრაკეების მხრიდან ამგვარი ქცევებისა და დამოკიდებულების სანაცვლოდ?!
აქვე აღვნიშნავ, რომ თუ ბატონი კოვალიოვი უარს იტყვის ფულადი პრიზის აღებაზე, ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ჩვენი მხრიდან FIDE-ს ანგარიშზე მთლიანი საპრიზო ფონდი - 1, 776 მილიონი დოლარია გადარიცხული.
ბოლოს კი დავსძენ - ყველაფერს გავაკეთებ, რათა სპორტის ამ სახეობის იმიჯი კიდევ უფრო ამაღლდეს და პრესტიჟული საჭადრაკო ღონისძიებები მაქსიმალურად გაშუქდეს მასმედიის, მათ შორის, ტელევიზიის, საშუალებით.
თუ გვსურს, რომ სპონსორები და ქვეყანა გვერდით დაგვიდგეს, ყველანი ვალდებულნი ვართ, დავიცვათ ჩაცმის დრესკოდი, მით უფრო ისეთ ღონისძიებაზე როგორიც FIDE-ს მსოფლიო თასია”, - განაცხადა აზმაიფარაშვილმა.