ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელი პაულო დიბალა ლიონელ მესისთან ერთად თამაშის საკითხს რთულად აფასებს. არგენტინელი ფეხბურთელის განცხადებით, მას და ლეოს ერთი სათამაშო პოზიცია აქვთ.
დიბალა ამბობს, რომ “ბარსელონასთან” რთული თამაში იქნება და ახლა უფრო ყურადღებით თამაშია საჭირო, ვიდრე მიმდინარე წლის აპრილში, ამ გუნდების კიდევ ერთ დაპირისპირებაში იყო.
“რა თქმა უნდა, შარშან რაც გავაკეთეთ, ამას არავინ ელოდა. სავარაუდოდ, ახლა უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ. ჩემთვის კი, არაფერი შეცვლილა. თავს კარგად ვგრძნობ და კარგი პერიოდი მაქვს. ამ სტადიონზე თამაში ადვილი არასდროსაა, მაგრამ ასევე, საინტერესოა. დაცვაში ყურადღებით უნდა ვითამაშოთ.
მესი? – მაქვს ბედნიერება, რომ მასთან ერთად ნაკრებში ვითამაშო და ვივარჯიშო. კლუბშიც ერთად? – არ ვიცი, მგონია, რომ ეს რთული იქნება, რადგან ერთ მოედნის ერთი ნაწილი გვაქვს დაკავებული. მომავლის განჭვრეტა კი ახლა არ შემიძლია. გასულ ზაფხულს არავინ დამკავშირებია და “იუვენტუსში” ბედნიერი ვარ. სანამ გუნდის ხელმძღვანელობას არ მოუნდებათ ჩემი გასხვისება, მანამდე ტურინში დავრჩები.
ვფიქრობ, მესი და რონალდუ კიდევ კარგა ხანს იქნებიან თავიანთ სიმაღლეზე. მე კი, ბევრი უნდა ვიშრომო ყოველდღე, რომ გავაუმჯობესო თამაში – ეს ყველაფერი ხვალინდელი საღამოდან უნდა დავიწყო”, - განაცხადა დიბალამ.
"ბარსელონა" "იუვენტუსის" შეხვედრა 12 სექტემბერს, 22:45 საათზე გაიმართება.