სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

14:28 | 11.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

დავაფასოთ ეს ბიჭი

გიორგი ცინცაძე წავა საქართველოს ნაკრებიდან. ან, არ წავა. და ითამაშებს. შეშუპებული კოჭით. ან, დამცხრალი, ჩვეულებრივი კოჭით. რა მნიშვნელობა აქვს. ბუ ნაკრებში ყოველთვის თამაშობდა.

მოედანზე ცინცაძე სხვაზე სწრაფად ფიქრობს და მერე ეგრევე იღებს გადაწყვეტილებას. მისი თამაში არის იმპროვიზაცია და რისკი. მისი თამაში არის შეცდომებიც და იქ, სადაც რისკია, შეცდომებიც სეირნობენ. ამის გარეშე არ შეიძლება. ერთი მეორეს ავსებს. და ცინცაძე საქართველოს ნაკრებს, მთელ ქართულ კალათბურთს ჯადოსნური პასებით და საოცარი, არასტანდარტული კალათბურთით ავსებდა.

ევროპის ჩემპიონატზე ბუმ მიიღო ტრავმა. ლიტვასთან. ის თამაში გიორგის გარეშე წამოვიღეთ და შემდეგ, ოთხიდან სამი ტესტი ცინცაძესთან ერთად წავაგეთ. და ეს ტექსტი, რომ „ლიტვასთან ბუს გარეშე მოვიგეთ და შემდეგ, გიორგისთან ერთად წავაგეთ“ ქართულ სამზარეულოში ყველაზე პოპულარული თემა გახდა. სამწუხაროდ.

და მე ყოველთვის შევხედავ იმ ერთ ფოტოს. ჩაშავებული, შეშუპებული, დეფორმირებული ფეხის ფოტო. ეს გიორგი ცინცაძის ფეხია. და იმ ფეხით ბუმ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.

ალბათ, ექიმებმა და მწვრთნელებმა ჩათვალეს საჭიროდ, რომ გიორგის უნდა დაესვენა და დარწმუნებული ვარ, ცინცაძემ თქვა - არა, მე ვთამაშობ. და ეს არ ყოფილა ეგოიზმის მომენტი. ეს უფრო პატრიოტული თემა იყო. ბიჭი იქ, ისრაელში ნაკრებისთვის ჩავიდა და უნდა ეთამაშა. და არ გაგვიმართლა, რომ გიორგისთან ერთად მერვედფინალში ვერ გავედით და იგორ კოკოშკოვს ან რომელიმე სხვა ნაკრებს ვერ დაველაპარაკეთ.

გიორგის ხასიათიდან გამომდინარე, ცინცაძე ტრავმითაც ითამაშებდა. უბრალოდ, კალათბურთი გიოსთვის ზედმეტად მნიშვნელოვანი, ფასდაუდებელი თემაა და ტკივილს ეს სურვილი, ეს ლტოლვა ფარავს.

ნაკრებმა მიიღო ოდნავ შენელებული, ოდნავ შეცვლილი ცინცაძე და ამ, ნახევარი გამთამაშებლით მაინც ძაან ახლოს ვიყავით შემდეგ დონესთან.

ბევრ რამეს, ბევრ ვინმეს მასთან განშორების შემდეგ უფრო ვაფასებთ და მოდით რა, ერთხელ და (თუ შევძლებთ) სამუდამოდ, შევცვალოთ ეს მიდგომა. ეს არასწორია. დავაფასოთ ის, რაც გვქონდა და თუ გვექნება, სითბო და ყურადღება არ მოვაკლოთ.

დავაფასოთ ეს ნაკრები.

და დავაფასოთ გიორგი ცინცაძე. ნაკრები და ბუ ამას იმსახურებენ.

ჩვენი სპონსორია Crocobet.

საქართველოს ნაკრების ოფიციალური ფან-კლუბის სპონსორია Crocobet.

ზურა თალაკვაძე

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115258