გერმანიის ჩემპიონატის მესამე ტურის მესამე სათამაშო დღეს ტრადიციულად ორი მატჩი გაიმართა. გელზეკირხენის "შალკემ" შინ ბუნდესლიგაში დაბრუნებულ "შტუტგარტს" 3:1 მოუგო. მასპინძლებმა მატჩის ბედი ორ წუთში გადაწყვიტეს. 47-ე წუთზე ნალდომ საკუთარ დაბადების დღეზე ანგარიში 2:1 გახადა, ერთ წუთში კი გვიდო ბურგშტალერმა "შტუტგარტს" გამოფხიზლება არ აცადა და მესამე გოლი გაიტანა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ბურთის ფლობის უპირატესობა სტუმრებს ჰქონდათ, თუმცა შედეგიანად ვერ თამაშობდნენ. "შალკემ" მეორე გამარჯვება მოიპოვა და მეხუთე პოზიციაზეა.
ჩემპიონატში პირველი ქულა აიღო "ვერდერმა". გამორჩეული ამ შეხვედრაში მხოლოდ ის იყო, რომ ბუნდესლიგაში პირველად იმსაჯა ქალმა. ბიბიანა შტეინჰაუსმა ყვითელი ბარათი მატჩში მხოლოდ ერთხელ გამოიყენა. თანაბარ შეხვედრაში მასპინძლები 38-ე წუთზე მეთიუ ლეკიმ დააწინაურა, ხოლო ტომას დელეინიმ 59-ე წუთზე გატანილი გოლით ბრემენელებს პირველი ქულა მოუტანა.
ჰერტა - ვერდერი 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 ლეკი (38), 1:1 დელეინი (59)
შალკე - შტუტგარტი 3:1 (1:1)
გოლები: 1:0 ბენტალები (4), 1:1 აკოლო (40), 2:1 ნალდო (47), 3:1 ბურგშტალერი (48)