ფეხბურთი

10:50 | 8.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

უეფას ერთა ლიგა: მეორე გზა ევროპის ჩემპიონატისკენ

უეფას ერთა ლიგას ფორმატი ოფიციალურად დამტკიცდა. ერთა ლიგა 2018 წლის სექტემბერში დაიწყება და აღნიშნული ტურნირი ამხანაგურ მატჩებს ჩაანაცვლებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ერთა ლიგა საშუალებას იძლევა, რომ ითამაშო ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე.

ერთა ლიგაში უეფას წევრი 55 ქვეყნის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას და იგი ოთხ დივიზიონად დაიყოფა. გუნდების განაწილება კი, უეფას რეიტინგის მიხედვით მოხდება. აღსანიშნავია, რომ ევრო 2020-ის საგზურისთვის როგორც აქამდე ხდებოდა, ჩვეულებრივ გაიმართება საკვალიფიკაციო ეტაპი და ევროპის ჩემპიონატის 20 საგზური სწორედ აქედან გათამაშედება. ერთა ლიგა კი, დანარჩენ 4 ადგილს შეავსებს.

ახლა, ცოტა რამ ერთა ლიგის წესების შესახებ:

* 55 გუნდი გადანაწილდება ოთხ დივიზიონში (A-B-C-D) უეფას რეიტინგის მიხედვით. აღნიშნული რეიტინგი კი, * გათვალისწინებული იქნება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგ (11 ოქტომბერი).

* A დივიზიონში 12 ნაკრები თამაშებს, ისევე, როგორც B დივიზიონში. 15 გუნდი იქნება С დივიზიონში, ხოლო D დივიოზიონი ყველაზე წარმომადგენლობითი იქნება – 16 გუნდი.

* A და B დივიზიონში შეიქმნება ოთხი სამგუნდიანი ჯგუფი.

* C დივიზიონი სამი ოთხგუნდიანი და ერთი სამ გუნდიანი ჯგუფით დაკომპლექტდება.

* რაც შეეხება D დივიზიონს, ოთხი ოთხგუნდიანი ჯგუფი შეიკვრება.

ყველაფერი ზემოხსენებული წილისყრის შედეგად გაირკვევა, მაგრამ ჯერჯერობით თუ როდის გაიმართება აღნიშნული წილისყრა, უცნობია.

ამ დროისთვის რა თქმა უნდა, გუნდების რეიტინგი საბოლოო არაა, მაგრამ ერთა ლიგა დღეს რომ იწყებოდეს, დივიზიონები შემდეგნაირად დაკომპლექტდებოდა:

A დივიზიონი: გერმანია, პორტუგალია, ბელგია, შვეიცარია, ესპანეთი, საფრანგეთი, ინგლისი, იტალია, პოლონეთი, ხორვატია, ისლანდია, უელსი.

B დივიზიონი: რუსეთი, ჩრდ. ირლანდია, სლოვაკეთი, შვედეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ბოსნია, ავსტრია, თურქეთი, ირლანდია, დანია, უნგრეთი.

C დივიზიონი: სლოვენია, ალბანეთი, მონტენეგრო, სერბეთი, შოტლანდია, ჩეხეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი, ისრაელი, ნორვეგია, კვიპროსი, ფინეთი, ესტონეთი, აზერბაიჯანი.

D დივიზიონი: ლიტვა, ბელორუსი, საქართველო, სომხეთი, მაკედონია, ფარერები, ლუქსემბურგი, ლატვია, მოლდოვა, ყაზახეთი, ლიხტენშტეინი, ანდორა, მალტა, კოსოვო, სან მარინო, გირბალტარი.

თუმცა, აღნიშნული დივიზიონები ჯერ საბოლოო სახის არ გახლავთ, შესაძლოა, რომ მასში ცვლილებები მოხდეს უეფას რეიტინგიდან გამომდინარე.

განმარტება: აქვე გეტყვით, რომ რუსეთი და უკრაინა, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთ ქვეჯგუფში ვერ მოხვდებიან.

ჩვენთვის, ყველაზე საინტერესო D დივიზიონია, სადაც დიდი ალბათობით საქართველოს ნაკრები განთავსდება. აღნიშნული დივიზიონის გამარჯვებული 2020 წლის მარტში პლეი-ოფის შედეგად გამოვლინდება და სწორედ გამარჯვებული მიიღებს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლებას.

შესაბამისად, ერთა ლიგა ორმაგი შანსია – გარდა შესარჩევი ციკლისა, გუნდებს სწორედ ერთა ლიგიდან შეეძლებათ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა. აღსანიშნავია, რომ თუ რომელიმე ნაკრებს უკვე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ექნება ევრო 2020-ის საგზური გაფორმებული და ერთა ლიგის რომელიმე დივიზიონშიც გაიმარჯვებს, მაშინ საგზური რეიტინგით მის ქვემოთ მყოფ საუკეთესო შედეგის მქონე გუნდს გადაეცემა.

რაც შეეხება შესარჩევი ციკლის ფორმატს იგი უცვლელი დარჩება - შეიქმნება 10 ქვეჯგუფი და მასში პირველ-მეორე ადგილზე გუნდები ავტომატურად მიიღებენ ევროპის ჩემპიონატის საგზურს.

ერთა ლიგის ფინალური ეტაპი 2019 წელს დაიწყება და მასში მონაწილეობას თითოეული დივიზიონიდან ოთხი გუნდი მიიღებს – ჯგუფებში გამარჯვებული გუნდები შექმნიან ერთ ოთხგუნდიან ჯგუფს და სწორედ იქედან გაირკვევა ევროპის ჩემპიონატის საგზურის მფლობელის ვინაობაც.

ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმიდან. ამ ეტაპზე D დივიზიონში გამარჯვება სულაც არ ჩანს შეუძლებელი...

0.114662