ფეხბურთი

16:48 | 7.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ორი აზრი და ორი გრძნობა, რა მოგვიტანა ვაისმა?

აზრი ყოველთვის ორად იყოფა, ყველას თავისი მოსაზრება გააჩნია – უნდა დარჩეს თუ არა ვლადიმირ ვაისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად? ეს, ის კითხვაა, რომელიც ბოლო დღეებში ყველაზე აქტუალურია.

სფფ-მ სლოვაკ სპეციალისტს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავა. ერთნი ამას იწონებენ, მეორე მხარეს კი უკვირს – რატომ? საქართველოს ნაკრებს შესარჩევ ციკლში არ მოუგია. საქართველოს ნაკრებს გამარჯვების კომპლექსი აქვს. და მაინც, საქართველოს ნაკრები არ აგებს, ფეხბურთს თამაშობს და იმედი გაჩნდა.

ვაისი და წელიწადნახევარი

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრები ზუსტად წელიწადნახევრის წინ ჩაიბარა. ეს არაა პატარა დრო, მაგრამ არც ძალიან დიდია – ვლადიმირ ვაისის თავკაცობით საქართველოს ნაკრების თამაშში დადებითი ძვრები რომ შეინიშნება, ამაზე დავაც არ ღირს. რაც შეეხება შედეგს, საქართველოს ნაკრებმა მის ხელში სამი თამაში მოიგო და სამივე ამხანაგური. ოფიციალურ მატჩებში კი არ გვაქვს მოგება. გვიჭირს მოგება – არადა, შეიძლებოდა. არადა, უელსთან, ირლანდიასთან ორივე მატჩი და თუნდაც სერბეთთან თბილისური ჯახი არ ყოფილა თამაშის ხარისხით ისეთი, რომ ხსენებული 4 შეხვედრიდან მხოლოდ 2 ქულა გამოგვემუშავებინა.

საქართველოს ნაკრებს ეტყობა, რომ მიმართულებას დაადგა, რაღაცისკენ მიდის. ეს რაღაც ალბათ, გამარჯვებაა, რომელიც ჯერ არ ჩანს, მაგრამ უნდა გამოჩნდეს. საქართველოს ნაკრები არ ყოფილა ძალიან მძიმე ჯგუფში, მაგრამ ისიც ვაღიაროთ, რომ ჩვენი ქვეჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე თანაბრად დაკომპლექტებული იყო სხვებთან შედარებით. არც სერბეთია ესპანეთი და არც ირლანდია საფრანგეთი. არც ავსტრია გერმანია და არც უელსი იტალია. მაგრამ, ისინი საშუალო ევროპულ დონეზე დგანან და ძალიან ბევრ საკითხში ჩვენზე წინ არიან – ერთმნიშვნელოვნად!

ვლადიმირ ვაისს საქართველოს ნაკრებში არ დახვედრია ია-ვარდით მოფენილი გზა. სლოვაკს ბევრი პრობლემა და საფიქრალი ჰქონდა, აქვს. ქართველი ფეხბურთელები დღეს აღარ თამაშობენ ევროპის ტოპ ლიგებში, სადაც თამაშობენ, იქაც სათამაშო პრაქტიკა ჭირს. ვაისს ყოველ შეკრებაზე ბევრი უთამაშებელი ფეხბურთელი ჰყავდა და ვისაც ჰგონია, რომ ეროვნულ ნაკრებში 4-5 დღით ჩამოსულ მოთამაშეს ფიზიკურად მიუახლოვებ ევროპულ სტანდარტებს, ცდება. ეროვნულ ნაკრებში როგორც წესი ფეხბურთელები მზად ჩადიან – ეროვნულ ნაკრებში უბრალოდ თამაშობ იმას, რაც მოცემულ მომენტში შეგიძლია. ვლადიმირ ვაისს აქვს პატარა არჩევანი და არ ჰყავს ბევრი შემსრულებელი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საქართველოს ნაკრებში მინიმუმიდან მაქსიმუმი უნდა გამოწურო. სხვა შემთხვევაში შედეგი არ მოვა. ვაისს ჰყავდა და ჰყავს ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი და ეს კიდევ უფრო ართულებს საქმეს.

ბევრი ფრე და მონატრებული გამარჯვება

ფრე კარგია, წაგებას სჯობს, თუმცა მოგება ყველაფერზე მაღლა დგას – საქართველოს ნაკრებს დღეს გამარჯვება არ აქვს. არის შანსი, რომ მიმდინარე შესარჩევი ციკლი ასეც დაასრულოს. ვაისმა ირლანდიასთან და ავსტრიასთან ბოლო წუთებში ნამდვილად იმოქმედა პრაგმატულად და არ გარისკა – ყველა მედალს ორი მხარე აქვს და ახლაც ასეა: ვაისი არ წავიდა რისკზე ირლანდიასთან და შემტევის ნაცვლად მცველი გამოიყვანა. ეს, იმით ახსნა, რომ სურდა მეორე სართულზე მოეპოვებინა უპირატესობა. ვაისს ალბათ შეეშინდა, ტრადიციულ სენს თავი არ ეჩინა, ბოლო წუთებზე თამაში არ წაგვეგო და წინ წასვლას, დაცვაში თამაში ამჯობინა. ამას მართლაც აქვს ლოგიკური ახსნა – ირლანდიაც და ავსტრიაც საქართველოს ნაკრებზე მაღალი დონის გუნდები არიან. ირლანდიას აუცილებლად მოგება სჭირდებოდა, ავსტრიასაც. ისინი ფიზიკურად ბევრად ჯანსაღ კონდიციებში არიან, ვიდრე – ჩვენ. ვაისმა იცის თავისი გუნდის შესაძლებლობები ჩვენზე უკეთ და იცის ისიც, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი პრობლემა დღეს ფიზიკური მოუმზადებლობაა. ამაში კი, ყველაზე ნაკლებადაა დამნაშავე – რთულია, როცა კარგა ხნის უთამაშებელ ფეხბურთელს პრემიერლიგაში და ბუნდესლიგაში გამოწვრთნილ ბიჭებს უპირისპირებ. არადა, რატომ უნდა იყოს ცუდი შედეგი ავსტრიაში ქულა? – არამც და არამც. ალბათ ბევრი წინასწარ დასთანხმდებოდა ამ ანგარიშს, მაგრამ არის, მეორე მხარეც – გამარჯვება მოგვენატრა, გამარჯვება გვინდა, გამარჯვებას ვითხოვთ. არ გვინდა პრაგმატიზმი, გვინდა სიხარული.

რა მოგვიტანა ვაისმა?

სლოვაკი სპეციალისტის ხელში საქართველოს ნაკრები არ თამაშობს ყრუ დაცვას – ეს ცხადია. საქართველოს ნაკრები ცდილობს თაშის შექმნას და პირველ ნომრობას. აკონტროლებს ბურთს, კომბინირებს და თქვენ წარმოიდგინეთ, მეტოქის ნახევარზე პრესინგს მიმართავს... დიახ, სწორედ ამ პრესინგის შედეგი იყო გოლი ავსტრიის ნაკრების კარში, გოლი რომელიც იყო ულამაზესი და გოლი, რომელიც გავიტანეთ სწრაფად. ვაისის გათვლა ეფუძნება ბურთის კონტორლს – თუ ბურთს ფლობ, თამაშსაც შენ აკონტროლებ. საქართველოს ნაკრებს უელსთან, ირლანდიასთაან, ავსტრიასთან და სერებთთან ბურთი მეტწილად ჰქონდა, ვიდრე მეტოქეს. საქართველოს ნაკრები ყველასთან ქმნის მომენტებს და არაა სტატისტის როლში. გარდა ამისა, ჩანს პრაგმატულობაც – ვაისს მართლაც არ აქვს დიდი არჩევანი და ალბათ, ამიტომ, მისთვის ყოველი ქულა, თუნდაც მოუგებელ შესარჩევ ციკლში, მნიშვნელოვანია. სწორია თუ არა ეს გათვლა, ამას დრო გვაჩვენებს. და მაინც, ცალსახაა, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს ახლა 5 ქულაზე მეტი უნდა ჰქონდეს. ანუ, იმაზე მეტი, ვიდრე ახლა აქვს.

საქართველოს ნაკრების საუკეთესო თამაში ალბათ კარდიფში იყო. ვისაც ახსოვს უელსთან მატჩი, ალბათ დაგვეთანმხმება. საქართველოს ნაკრებმა ითამაშა ლამაზი ფეხბურთი, გაიტანა მარტივი, მაგრამ თანამედროვე კომბინაციით მშვენიერი გოლი და შექმნა ძალიან ბევრი რეალური მომენტი. აქ კი, უკვე შემსრულებელთან მივყავართ – საგოლე მომენტების დაბალი რეალიზაცია, მართლაც სერიოზული პრობლემაა. ამას პატივცემული ვლადიმირი ხვდება და აღნიშნა, რომ მთავარი პრობლემა ერთ თამაშში ერთ გოლზე მეტის ვერგატანაა.

ისე, წმინდა სათამაშო ნიუანსებიდან თუ გამოვალთ, მსაჯების შეცდომების გამოც არ გვაქვს მოგება – გავიხსენოთ: ირლანდიამ თამაშის წესის დარღვევით გაგვიტანა, იგივე მოხდა მანამდე მოლდოვაში. არც სერბების თერთმეტრიანი იყო მაინც და მაინც ეჭვგარეშე. საპასუხოდ, ჩვენს სასარგებლოდ თითქმის ვერაფერს გავიხსენებთ.

პატივისცემა

შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს, შესაძლოა ეს იყო მხოლოდ დიპლომატური ფრაზები, მაგრამ აგერ, სულ ბოლოს, მარტინ ონილმა და მარსელ კოლერმა საქართველოს ნაკრებზე ძალიან კარგად, პატივისცემით ისაუბრეს. ისინი საქართველოს არ მიიჩნევდნენ მაჩანჩალად და ისინი საქართველოსთან თავიდანვე გამარჯვებას არ ზეიმობდნენ. ეს ყველაფერი კი სწორედაც რომ საქართველოს ნაკრების თამაშმა მოიტანა. და, სხვათა შორის, ალბათ იმ ფრეებმაც, ასე რომ გვწყინს.

ერთ წრეზე

მწვრთნელი ყოველთვის შედეგით ფასდება და წმინდა შედეგობრივი კუთხით, ვაისის სამუშაო ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი. მაგრამ, ახალი მწვრთნელი ახალ იდეას მოიტანს. ახალ მწვრთნელს დრო დასჭირდება, ახალი მწვრთნელი თავიდან დაიწყებს – ეს ბევრჯერ გამოგვიცდია და ვიცით. ამას შედეგი არ მოუტანია. იქნებ, მართლაც დროა, რომ სლოვაკს კიდევ მიეცეს ერთი შანსი – დასაკარგი არაფერი გვაქვს. მოდით, გულახდილნი ვიყოთ და საქართველოს ნაკრები დღეს არაა იმ დონის, რომ თუნდაც ჯგუფიდან გასასლველად რეალურად იბრძოდეს. ეს უფრო ჩვენი სურვილია, ეს უფრო ჩვენ გვინდა, ვიდრე რეალობა.

ასეთი გუნდის ჩამოყალიბებას დრო უნდა, მუშაობა უნდა. ასეთი გუნდის შექმნა დღეებში, კვირებში, თვეებში თითქმის არ ხდება. საქართველოს ნაკრები დღეს ბევრი პრობლემითაა და მას მოგვარება სჭირდება. საქართველოს ნაკრები ახლა ფეხბურთის თამაშს სწავლობს – ფეხბურთის თამაშს შედეგი უნდა მოჰყვეს.

გაორებული გრძნობა

კი, ბატონო, დავიღალეთ, კი ბატონო აღარ გვინდა ერთი და იგივე, კი ბატონო, გვინდა გამარჯვება, სიხარული და აღარ გვინდა, გვიჩნდებოდეს გაორებული გრძნობა – გაორებული გრძნობა და მარადიული ფრაზა: კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ (ახლა უკვე, ვერ მოვიგეთ). მაგრამ, საქართველოს ნაკრების თამაში ბოლო პერიოდში ნამდვილად არაა ერთფეროვანი და საქართველოს ნაკრები ფეხბურთს თამაშობს. საქართველოს ნაკრებმა დაიმსახურა მცირე, მაგრამ მაინც პატივისცემა.

0.11844