ზაზა ფაჩულიამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია ჟურნალისტმა, დევიდ პიკმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე გაავრცელა.
"როგორ ჩანს, ეს დასასრულია. შესანიშნავი ათწლეული გავატარე საქართველოს ნაკრებში და ჩემი ქვეყანა წარმოვაჩინე. ძალიან ბევრი კარგი მოგონება მაკავშირებს და გვქონდა დიდებული გამარჯვებებიც. რა თქმა უნდა, იყო დამარცხებებიც, მაგრამ ყველაფერი გახლდათ პოზიტიური. ვწუხვარ, რომ ტრავმის გამო ჩემი ქვეყნის ნაკრებს ისე ვერ დავეხმარე, როგორც საჭირო იყო. ჩვენ დავიწყეთ B დივიზიონიდან და ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე – ეს არის სრული სიგიჟე.
ჩვენ გავიზარდეთ ინდივიდუალურად და ასევე, როგორც გუნდი. მოხარული ვარ, რომ შევადგენდი ამ გუნდის ნაწილს. ვფიქრობ, შემიძლია წავიდე, რადგან ახალგაზრდა თაობას დავუთმო გზა. საქართველოს ნაკრებმა კი უნდა იბრძოლოს, უკეთეს შედეგებს რომ მიაღწიოს.
კარგი ზაფხული იყო, თუმცა არ დასრულდა ისე, როგორც ჩვენ გვინდოდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ევროპის ჩემპიონატის ორგანიზატორებს და მასპინძელ ისრაელს. აქ საოცარი ატმოსფერო გახლდათ”, - თქვა ზაზამ დევიდ პიკთან საუბრისას.
33 წლის კალათბურთელისთვის სანაკრებო კარიერა მაჟორულ ნოტზე არ დასრულებულა. დასასრული არ გამოვიდა ისეთი, როგორსაც ზაზა ნამდვილად იმსახურებდა. მისთვის ბოლო შეხვედრა საქართველოს ნაკრების რიგებში იტალიის წინააღმდეგ შედგა, რომელშიც ფაჩულიამ 9 ქულა, 12 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა გუნდს.
ზაზა ფაჩულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გამორჩეული მოთამაშეა. მისი კაპიტნობით ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ ოთხ ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.