კალათბურთი

21:50 | 6.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

დრამატული მარცხი იტალიასთან: ჩვენს ბედს ახლა სხვა განაგებს

ისრაელის ნაკრებმა უნდა მოიგოს, ისრაელის ნაკრებს დღეს სრულიად საქართველომ უნდა უგულშემატკივროს – საქართველოს საკალათბურთო ნაკრები იტალიასთან დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის საკითხი ძალზე სათუო გახდა. ისრაელს გამარჯვება არაფერში სჭირდება სატურნირო ცხრილით თუ ვიმსჯელებთ, მაგრამ იქნებ, კარი გაიჯახუნოს, მასპინძელია, საკუთარი გულშემატკივირს თვალწინ თამაშობს – გააკეთებს თუ არა ისრაელი ჩვენს გასაკეთებელს, ეს დაახლოებით 2 საათში გვეცოდინება.

იქამდე, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი (იმედია მხოლოდ ჯგუფური ეტაპი...) დრამატული მარცხით დაასრულა. მართლაც დუღდა ემოციები თელ-ავივის დარბაზში, მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობს და, ვაღიაროთ, რომ ილიას ზუროსის გუნდს გამარჯვება დღეს არ დაუმსახურებია.

საქართველოს ნაკრები წინ მთელი თამაშის განმავლობაში ერთადერთხელ(!) გავიდა, მაშინ, როდესაც საფინალო სირენამდე 58 წამი რჩებოდა. მაიკლ დიქსონმა სამქულიანების კასკადით საშუალება მოგვცა 13 ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრის და სწორედ მან გაიყვანა ასევე სამქულიანით პირველად და უკანასკნელად საქართველო წინ. რთულია გამარჯვება, როდესაც 39 წუთის განმავლობაში მეტოქეს უკან მიჰყვები და ხან 3 ქულის ამოღებას ცდილობ, ხანაც 19-ის... მაიკლ დიქსონმა იფრინა, დიქსონმა ჩასაგდებიც ჩააგდო და უფრო მეტიც. დიქსონმა გადამწყვეტი სამქულიანი ვერ ჩააგდო, მაგრამ მის მიმართ კარგის მეტი არაფერი გვეთქმის. სამწუხარო ისაა, რომ მხარი ვერავინ აუბა – თორნიკე შენგელია, დუდა სანაძე, მანუჩარ მარკოიშვილი და ზაზა ფაჩულია თავდასხმაში ძალზე უფერულად გაისარჯნენ. ჩვენი ნაკრების ლიდერმა, თორნიკემ, მხოლოდ 12 ქულა შეგვმატა და მაშინ, როდესაც იგი მოედანზე იყო, იტალიამ 15 ქულით მეტი ჩააგდო, ვიდრე ჩვენ. კიდევ უფრო ამაზრზენი სტატისტიკა ჰქონდა გიორგი ცინცაძეს – მას ტრავმა აწუხებს, მტკივანი ფეხით თამაშობს, მაგრამ ვაღიაროთ, რომ მას არ უნდა ეთამაშა: -30 ქულა იმ 20 წუთში, რომელიც “ბუმ” ითამაშა. რა თქმა უნდა, ჯოხს ორ კალათბურთელზე ვერ გადავტეხავთ და არც ვიქნებით მართალნი – საქართველოს ნაკრებმა გუნდურად, ისე, როგორც ეს ისრაელთან გააკეთა, ვერ ითამაშა, საქართველოს ნაკრებმა წააგო და არა, რომელიმე კონკრეტულმა მოთამაშემ. მაგრამ, საქართველოს ნაკრების თამაში დღეს მხოლოდ ინდივიდუალური გახლდათ.

საბოლოოდ, მატჩის შედეგზე ყველაზე დიდი გავლენა პირველმა მეოთხედმა იქონია, რომელიც ილიას ზუროსის გუნდს არ უთამაშია – დიახ, პირველ ათ წუთში საქართველო მოედანზე ფორმალურად იყო: პირველ 6 წუთში 2 ქულა ავიღეთ, პერიოდი კი 10:27 დავთმეთ. იტალია წინ გაიჭრა და თან, სერიოზულად, თუმცა, მეორე პერიოდმა იმედი ჩაგვისახა – სხვაობაც სამ ქულამდე დავიდა (30:33), მაგრამ ამის შემდეგ ანგარიში 2 წუთზე დიდ ხანს არ შეცვლილა. იტალიამ შანსი მოგვცა გათანაბრების, მაგრამ შეტევაში ცუდი თამაშის გამო ვერ მოავხერხეთ და საბოლოოდ, ტაიმი რვა ქულით, 30:38 წავაგეთ.

მეორე ტაიმიც ცუდად დაიწყო საქართველოს ნაკრებისთვის და ეტორე მესინას გუნდს თამაშიც წაუვიდა. სხვაობამ 14 ქულასაც მიაღწია. თუმცა, პერიოდის ბოლოსკენ საქართველომ ისევ გამოიღვიძა – და მაინც, დასკვნითი პერიოდის წინ, თითქმის უიმედო მდგომარეობაში ვიყავით: -11 ქულა. ეს არაა აღმოუფხვრელი სხვაობა კალათბურთში, მაგრამ საქართველოს შეტევაში თამაში მხოლოდ ეპიზოდურად გამოსდიოდა. თუმცა, ყველაფერი წინ იყო – ბოლო ათწუთეულში საქართველოს ნაკრებმა ფანტასტიკური კალათბურთი ითამაშა, მეტწილად დაცვაში და მეტოქეს მხოლოდ 13 ქულა ჩააგდებინა. დაფრინავდა მაიკლ დიქსონი. დიქსონმა ნაკრებს ულიდერა და 5 სამქულიანი ჩააგდო. თამაშის დასრულებამდე 58 წამით ადრე, სხვაობა ორ ქულამდე რომ იყო დასული, მაიკლმა რთული სამქულიანი გაუშვა, ჩავარდა და საქართველოს ნაკრები წინ გავიდა. წინ გავიდა პირველად ამ შეხვედრაში. თუმცა, სიხარული ნაადრევი გამოდგა. იტალიამ მომდევნო შეტევა შედეგიანად დაასრულა – დანიელ ჰაკეტს ფარქვეშ ხელი ვერავინ შეუშალა – 68:69. მაიკლ დიქსონმა სამქულიანების გარდა, 6-დან 6 ორქულიანი გამოიყენა და გადამწყვეტი სამქულიანიც რომ ჩაეგდო, მატჩის დასრულებამდე 8 წამით ადრე, უსათუოდ გმირი გახდებოდა. გმირის გმირული მოქმედება, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში გვემახსოვრებოდა. მაგრამ არ გამოვიდა... საქართველომ ჯარიმების აღება დაიწყო, არადორიმ ორიდან ერთი ჩააგდო, შანსი დაგვიტოვა. მაგრამ დანიელ ჰაკეტმა სამქულიანის სროლა დიქსონს არ დააცადა, წესები დაარღვია (ისე, მაიკლმა სასტვენის შემდეგ შორი დისტანციიდან მაინც ისროლა და ჩააგდო, მაგრამ...). ორი ჯარიმიდან ჩვენმა სამიანმა პირველი გამოიყენა, მეორე განზრახ ააცილა – ზაზამ ბურთი მოხსნა, არ ან ვერ ესროლა, პასი შერმადინზე, მაგრამ... გიორგის ჯიჯი დატომემ ორჯერ დაუფარა და დროც გათავდა – საქართველომ წააგო. ახლა მხოლოდ ისრაელი – უკრაინის მატჩზე ვართ დამოკიდებული. ახლა, ზუსტი პასუხი, გაგრძელდება თუ არა, ჩვენთვის ევრობასკეტი, 2 საათში გვეცოდინება. მანამდე, აზრიც არაა იმაზე საუბარს, ვინ ელოდება B ჯგუფის მეოთხეადგილოსანს მერვედფინალში...

და კიდევ - რაც უნდა სამწუხარო იყოს, ბევრის მოლოდინი გამართლდა. მოკლე სკამმა თავი იქ იჩინა, სადაც არ ეჩინა. მოთამაშეებს დღეს დაღლა ეტყობოდათ. ეს გასაგებიცაა - ძირითადი ჯოხი 6-7 კალათბურთელზე ტყდება და კიდევ უფრო რთულია, როცა ისრაელთან მატჩის შემდეგ ბიჭებს დასვენებისთვის ერთი სრული დღეც რომ არ ჰქონიათ. როგორც უნდა დასრულდეს, ჩვენთვის ახლა უკვე, ასე საინტერესო ისრაელი - უკრიანის შეხვედრა, საქართველოს ნაკრები შექებას იმსახურებს. საქართველოს ნაკრებს თავი არ დაუზოგავს და ყველაფერი გაიღო იმისთვის, რომ წარმატებისთვის მიეღწია! - ახლა, ვნახოთ, რას მოგვცემს ისრაელი...

საქართველო – იტალია 69:71 (10:27, 20:11, 17:20, 22:13)

საქართველო: დიქსონი (34:31 წთ, 29 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი, 4 ჩაჭრა). ფაჩულია (27:19 წთ, 9 ქულა, 12 მოხსნა, 1 პასი). ციცნაძე (20:17 წთ, 2 პასი). შერმადინი (20:51 წთ, 11 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი). სანაძე (30:19 წთ, 5 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა). მარკოიშვილი (34:48 წთ, 3 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა). ბერიშვილი (00:02 წთ). შენგელია (31:53 წთ, 12 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა).

ქულა ჯამში: 69, ორქულიანი: 18/34, სამქულიანი: 7/27, საჯარიმო: 12/16, მოხსნა ჯამში: 40, მოხსნა შეტევაში: 10, მოხსნა დაცვაში: 30, პასი: 10, ჩაჭრა: 8, დაფარება: 0.

ისრაელი: ჰაკეტი (19:52 წთ, 7 ქულა, 2 პასი, 1 ჩაჭრა). ბელინელი (35:17 წთ, 15 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 3 ჩაჭრა). არადორი (20:30 წთ, 12 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა). ფილოი (20:08 წთ, 9 ქულა, 4 პასი, 1 ჩაჭრა). ბილია (18:48 წთ, 4 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი, 1 ჩაჭრა). მელი (31:12 წთ, 6 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება). კუზინი (23:33 წთ, 2 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა, 2 დაფარება). როსი (05:51 წთ, 2 ქულა, 1 პასი). დატომე (24:49 წთ, 14 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 2 დაფარება).

ქულა ჯამში: 71, ორქულიანი: 17/32, სამქულიანი: 10/30, საჯარიმო: 7/16, მოხსნა ჯამში: 33, მოხსნა შეტევაში: 8, მოხსნა დაცვაში: 25, პასი: 20, ჩაჭრა: 10, დაფარება: 5.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.762808