სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
კალათბურთი

12:14 | 6.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულია: “ძირითადში არ უნდა დამთავრებულიყო”

საქართველოს ნაკრებს იდეალური კაპტანი ჰყავს. ზაზა ფაჩულია ჩემპიონია. ზაზა ფაჩულია კარგი ლიდერია. ზაზა ფაჩულიამ იცის მოგება და ზაზა იგებს. ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტესტში საქართველოს უნდა მოეგო. და ზაზა იყო კლდე, რომელმაც დაშალა ისრაელის ლტოლვა და მოტივაცია. ზაზამ ისრაელს ხასიათით, თვალებით, გულით მოუგო.

თამაშის შემდეგ, იქვე, ავტობუსთან ნაკრებს ბევრი, სადღაც, სამასამდე გულშემატკივარი ელოდებოდა. და ბოლო გამოვიდა ფაჩულია. კაპიტანი ფანებთან მივიდა. მანამდე, NBA-ს ჩემპიონს დაველაპარაკეთ.

- ზაზა, მძიმე იყო დღეს აქ, მოტივირებულ ისრაელთან და რამდენიმე ათას გულშემატკივართან თამაში?

- რა თქმა უნდა, მძიმე იყო, მაგრამ ეს ყოველთვის დამატებით მოტივაციას გაძლევს და დღეს ეს მოტივაცია მთელ ნაკრებს ჰქონდა. ჩვენთვის ეს თამაში ბევრს ნიშნავდა. ჩვენთვის ეს თამაში მოსაგები იყო.

- ძირითადი დროის ბოლო წამებზე, შენს წინააღმდეგ ასიანი ფოლი არ დააფიქსირეს...

- თამაში იქ არ უნდა დამთავრებულიყო. თამაში ასე არ უნდა დამთავრებულიყო. ჩვენ მოვიგეთ დამატებითში. კალათბურთით მოვიგეთ. ასე უკეთესი იყო.

- იტალიასთან რთული იქნება?

- რა თქმა უნდა, რთული იქნება. ამ მოგებაზე აღარ ვფიქრობთ. ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ერთი თამაში გვაქვს ჩასატარებელი და ეს არის მნიშნელოვანი.

- იტალია უკვე შემდეგ ეტაპზეა და შეიძლება, უფრო თავისუფლად ითამაშოს...

- ჩვენ გვაქვს მიზანი და გვინდა მაღალი დონის კალათბურთის თამაში. ჩვენ ჩვენი მოტივაცია გვაქვს.

და კაპიტანი ფანებთან მივიდა. რამდენიმე წუთი გულშემატკივრებთან. რამდენიმე წუთი ემოციებისგან დაცლილ, მაგრამ მაინც მაგარ ემოციურ ქართველებთან, რომლებიც ეპიზოდებში რამდენიმე ათასი ებრაელის ტალღას ფარავდნენ. ფანებთან მივიდა კაპიტანი, რომელიც ამ ნაკრების პულსია.

ფაჩულიას 19 ქულა, 11 მოხსნა ისრაელთან და კიდევ ერთი ეპიზ­­ოდი დაიხურა.

ზაზა ფაჩულიამ კიდევ ერთი ბრძოლა დაამთავრა. კაპიტანმა იტალიასთან უნდა გაქაჩოს.

კაპიტანი ყოველთვის იქ არის, სადაც უნდა იყოს.

ჩვენი სპონსორია Crocobet.

ჩვენი ფან კლუბის სპონსორია Crocobet.

ზურა თალაკვაძე თელ-ავივიდან, სპეციალურად worldsport.ge-სთვის

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.12307