კალათბურთი

10:00 | 6.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ილიას ზუროსი, რომელიც იგებს

საქართველომ ისრაელს ისრაელში მოუგო. რთული და დასრულებული მისია. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ისრაელთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგზე ემოციური იყო. ილიას ზუროსმა აიღო ის, რაც ეკუთვნოდა. ზუროსმა საქართველოს ერთ-ერთი უმძიმესი გამოცდა ჩააბარებინა. ამ გამოცდას მხოლოდ კაცები აბარებენ.

და ბრიფინგის შემდეგ მისტერ ზუროსს მინი-ბლიცის დროს გავესაუბრეთ.

- დღეს თავდასხმაში თითქმის იდეალური იყო თორნიკე შენგელია, რომელიც თავიდანვე მიაწვა ომრი კასპის. ეს თქვენი გეგმა იყო?

- კი, ეს გეგმა იყო. თოკო აგრესიული მოთამაშეა და ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო კასპისთვის თავიდანვე დისკომფორტის შექმნა. თორნიკე ამოდის პერიმეტრზე, ბრუნდება უკან, სამწამიანში და ნებისმიერი დამცველი ამ დროს მის წინააღმდეგ დიდ ენერგიას ხარჯავს. კასპი გამოცდილია, მაგრამ შენგელიამ მის წინააღმდეგ ძალიან კარგად გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა.

- ანუ, კმაყოფილი ხართ თორნიკეს თამაშით?

- ის დღეს კარგი იყო.

ზაზა?

- ზაზა კაპიტანია. ის არის ყველასთვის მაგალითი. ეს იცის ზაზამ და ეს იციან სხვებმა. დღეს გვქონდა ბევრი მოხსნა და ეს ზაზას, თორნიკეს, შერმადინის აგრესიულმა თამაშმა, ჩვენმა გეგმამ განაპირობა.

- არ დაიღალეთ?

- ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ამაზე ჯერ ვერ ვიფიქრებ. იტალიასთან თამაში მოდის.

- და იტალიის შემდეგ?

- იტალიის შემდეგ იტალიის შემდეგ დავილაპარაკოთ.

- თქვენ დღეს ძალიან ბევრი ქართველი გულშემატკივარი გეხმარებოდათ...

- ნაკრების ყველა წევრი ხედავს ამას და აფასებს. ჩვენ თქვენთვის ვთამაშობთ და ჩვენ თქვენთვის ვიგებთ. ყოველთვის ისე არ გამოდის, როგორც ყველას გვინდა, მაგრამ ჩვენ გვჯერა თქვენი და გვინდა, რომ თქვენ ბოლომდე ჩვენს გვერდით იყოთ. ჩვენთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.

და ილიას ზუროსი გავიდა ფანებთან. ილიას ზუროსი ჩაეხუტა ოჯახის წევრებს და სწრაფად მივიდა გულშემატკივრებთან. მწვრთნელი, რომელიც ყველაფერს ხედავს და აფასებს. და მწვრთნელი, რომელიც იგებს.

ჩვენი სპონსორია Crocobet.

საქართველოს ნაკრების ფან-კლუბის სპონსორია Crocobet.

ზურა თალაკვაძე თელ-ავივიდან, სპეციალურად worldsport.ge-სთვის

0.128986