საქართველოსა და ავსტრიის (1:1) მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი გურამ კაშიამ გააკეთა. "ჯვაროსნების" ვიცე-კაპიტანმა განვლილი ორი შეხვედრა დადებითად შეაფასა. როგორც მან თქვა, შეიძლებოდა მეტი ქულის მოპოვებაც, მაგრამ არც ორი ქულაა ურიგო შედეგი.
კაშია მიიჩნევს, რომ პირველი ტაიმის ბოლოსკენ ფეხბურთელებს მეტი კონცენტრაციის გამოვლენა სჭირდებათ.
"ზოგადად ეს კვირა დადებითად უნდა შევაფასოთ. ორ თამაშში ორი ქულა ავიღეთ. შეგვეძლო მინიმუმ ოთხი აგვეღო, მაგრამ საბოლოოდ ასე მოხდა. საერთო ჯამში კმაყოფილები უნდა ვიყოთ. პროგრესი განვიცადეთ, უკეთესად ვითამაშეთ, ვიდრე აქამდე. უთამაშებელმა ფეხბურთელებმაც გამოიჩინეს თავი, ჯაბას დაბრუნება დაეტყო გუნდს.
რაც შეეხება თამაშს, პირველი ტაიმის ბოლოს ცოტა დავიღალეთ, მოვეშვით და გოლი მივიღეთ საკუთარ კარში. ეს რა თქმა უნდა დასანანია, სერბეთთანაც პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გავუშვით. ასეთი გოლების გაშვება ყოველთვის რთული და რა თქმა უნდა, მიუღებელია. აუცილებელია, რომ ასეთ მომენტებს თავი ავარიდოთ და მეტი აღარ გავუშვათ", - ციტირებს კაშიას სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს რვა ტურის შემდეგ ხუთი ფრითა და სამი მარცხით D ჯგუფში მეხუთე პოზიცია უკავია.