ფეხბურთი

1:51 | 6.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვენა და ფრეების ცვენა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მუნდიალის შესარჩევში კვლავ 1:1 ითამაშა. ამჯერად ვენაში, ავსტრიასთან. ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებთან, რომელიც ფიფას რეიტინგში 37-ე ადგილზეა, გასვლაზე ფრე ურიგო შედეგი არაა. კარგია მაქსიმალისტობა და რადგან ვიგებდით, გვსურდა, რომ ანგარიშიც შეგვენარჩუნებინა, თუმცა რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ – ავსტრიას საქართველოზე ძლიერი ნაკრები ჰყავს.

ვაკო გვილიამ პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა, ასისტენტობა კი ჯანო ანანიძემ გაუწია. ჯანომ ირლანდიასთან მიითვალა საგოლე პასი და ამჯერადაც კარგად ითამაშა, გვილიამ კი ოსტატურად დააბოლოვა: დანსო ცრუ მოძრაობით დააწვინა და შორეულ კუთხეში ტექნიკური დარტყმით დააწინაურა საქართველო.

ავსტრია ისედაც ვერ შეხვდა ამ მატჩს კარგ ხასიათზე, რადგან მუნდიალზე გასვლის რეალური შანსი რამდენიმე დღის წინ უელსში წაგებით დაკარგა. საქართველოსთან გაშვებულმა სწრაფმა გოლმა კი კიდევ უფრო აურია დავთრები მარსელ კოლერის გუნდს. აი, სწორედ ამ მომენტში უნდა გვეყოჩაღა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. დაახლოებით 15 წუთის შემდეგ კი მასპინძლები ათამაშდნენ, განსაკუთრებით კი არნაუტოვიჩმა გაილაღა.

გადავრჩით, როცა მარტინ ჰარნიკმა თავურით ხარიხას მოარტყა ბურთი, მერე კი არნაუტოვიჩმა, თითქოს ბულვარზეაო, ისე შეისეირნა ჩვენების საჯარიმოში და ოდნავ ააცილა, რასაც მისი კიდევ ერთი გარღვევა, დარტყმა და გიორგი მაკარიძის კარგი თამაში მოჰყვა.

ტემპი დაბალი იყო და მხოლოდ არნაუტოვიჩი ცვლიდა ხანდახან. ტაიმის ბოლოს კი ავსტრიელებმა გააძლიერეს შეტევები და “ნაცნობ წუთებზე” გაგვიტანეს კიდეც: სად იყო დაცვა, ძნელი სათქმელია, საბოლოდ კი შაუბმა დაამატა მაკარიძის მოგერიებულ ბურთს – 1:1. ლოგიკური იყო მასპინძელთა გოლი. ისე, მაკარიძე მინდორზე ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.

მეორე ნახევარში ავსტრია ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ ქართველებიც აღარ იყვნენ ისე მოშვებულები, როგორც პირველი ტაიმის ბოლო 15-წუთიან მონაკვეთში. შედარებით უკეთ ათამაშდა ჯაბა კანკავა, რომელიც პირველ ტაიმში სუსტად გამოიყურებოდა და ეს არც არის გასაკვირი: საქართველოს ნაკრების კაპიტანი უკლუბოდაა.

საერთოდ, ნაკრებს ვენაში აკლდა ის აგრესია, რაც ირლანდიასთან ჰქონდა. ალბათ იმოქმედა დაღლილობამაც, რადგან არაერთი ისეთი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც კლუბში პრაქტიკა აკლიათ. ეგეც არ იყოს, გასვლითი მატჩი გასვლითი მატჩია.

საინტერესოა, როგორ დაასრულებს საქართველოს ნაკრები შესარჩევ ციკლს. 6 ოქტომბერს უელსს ვუმასპინძლებთ, ხოლო 9 ოქტომბერს, ჯგუფის ბოლო ტურში სერბეთთან გველის გასვლითი მატჩი. ჯერჯერობით კი მოგების გარეშე ვართ. ფრეები კი საკმაოდ დაგვიგროვდა – ხუთი. აქედან ზედიზედ მესამე.

5. 09. 2017. ვენა. ერნსტ ჰაპელი

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი

ავსტრია – საქართველო 1:1 (1:1)

ავსტრია: ლინდნერი, ბაუერი, დრაგოვიჩი, დანსო, ჰინტერეგერი, ალაბა (შაუბი 38), გრილიში (ილსანკერი 80), ბაუმგარტლინგერი, კეინცი, არნაუტოვიჩი, ჰარნიკი (იანკო 68)

მწვრთნელი: მარსელ კოლერი

საქართველო: მაკარიძე, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი, კანკავა, კვეკვესკირი, ანანიძე, გვილია (მერებაშვილი 69), ყაზაიშვილი (ხოჭოლავა 90+2), ქვილითაია (დვალიშვილი 88)

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გოლები: 0:1 გვილია (8), 1:1 შაუბი (43)

გაფრთხილება: კეინცი (53), დანსო (78), ქვილითაია (82)

მსაჯი: გრინფილდი (ისრაელი)

1. სერბეთი 8 5 3 0 17:7 18
2. უელსი 8 3 5 0 12:5 14
3. ირლანდია 8 3 4 1 9:6 13
4. ავსტრია 8 2 3 3 10:10 9
5. საქართველო 8 0 5 3 8:12 5
6. მოლდოვა 8 0 2 6 4:20 2

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127256