ფეხბურთი

14:05 | 5.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ბართომეუ: მესიმ “ბარსელონასთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა”

ევროპულ პრესაში ბოლო პერიოდში ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა “ბარსელონასა” და ლიონელ მესის შორის კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხია. გავრცელდა არაერთი ცნობა იმის შესახებ, რომ არგენტინელი კლუბთან თანამშრომლობის გაგრძელებას არ აპირებს და მომავალი წლის ზაფხულში კატალონიელთა რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებს “ბარსელონას” პრეზიდენტი - ხოსეპ მარია ბართომეუ ირწმუნება, რომ ახალი ხელშეკრულება გაფორმებულია და იმ მიზეზებსაც ასახელებს, თუ რატომ არ გამოცხადდა ამის შესახებ ოფიციალურად აქამდე.

“ყველაფერი შეთანხმებული და გაფორმებულია. კონტრაქტს ხელი ჯერ კიდევ ივნისში მოეწერა, ზუსტად იმ დღეს, როცა ლიონელმა იქორწინა. უბრალოდ აქამდე პრობლემები იყო განრიგთან დაკავშირებით - ზაფხულში “ბარსელონაში” დაბრუნებული ფეხბურთელი ჯერ იაპონიაში გაემგზავრა, შემდეგ ამერიკაში. ახლა ეროვნული გუნდის შეკრებაზეა, საიდანაც 7 სექტემბერს დაბრუნება და ოფიციალურ ფოტოსესიასაც მოვაწყობთ. ჩვენ შორის სამი ხელშეკრულება არსებობს: მესის ფონდთან, რომელიც ფეხბურთელის ძმასთან გაფორმდა, მეორე -საიმიჯო კონტრაქტი, რომელსაც ხელს ლიონელის მამა აწერს და მესამე - შრომითი ხელშეკრულება, ასევე ფეხბურთელის მამის ხელმოწერით. ორივე მათგანი ამ საკითხში უფლებამოსილია” - აცხადებს ბართომეუ.

ივლისის დასაწყისში ესპანურ პრესაში მართლაც გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მესიმ “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა, თუმცა ოფიციალურად არ დადასტურებულა და უფრო მეტიც, მაშინ ეს ცნობა კლუბის ერთ-ერთმა დირექტორმა უარყო.

0.125316