ფეხბურთი

10:23 | 5.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მიზანი - გამარჯვება: რთული, მაგრამ შესაძლებელი

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის რიგით მერვე შეხვედრას დღეს, ვენაში, ავსტრიის ნაკრებთან გამართავს. ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსი დიდი ხანია დაკარგულია, მაგრამ “ჯვაროსნების” თამაშის ხარისხი მცირეოდენ იმედს მაინც აჩენს.

ირლანდიასთან ვლადიმირ ვაისის გუნდმა მართლაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მოგებაც შეიძლებოდა. თუმცა, ეს უკვე წარსულია და ახლა მთავარი ვენის თამაშია. საქართველო მოუგებლადაა და ყველა ამბობს, რომ დღევანდელი თამაში უნდა მოიგონ. რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ არც შეუძლებელია – ისიც ფაქტია, რომ ავსტრიის ნაკრები მაინც და მაინც ვეღარ ბრწყინავს. მარსელ კოლერის გუნდს ჯგუფში რთული მდგომარეობა აქვს და ჩვენთან შეხვედრაში მხოლოდ 3 ქულა სჭირდება – შესაძლოა, ესეც არ აღმოჩნდეს საკმარისი.

ავსტრიელების “გასაჭირი” იქეთ იყოს და ჩვენ, ჩვენი ნაკრების შესახებ ვთქვათ – ირლანდიასთან მატჩმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველოს ნაკრებს პოტენციალი გააჩნია. მთავარია, როგორ გამოიყენებს მას სამწვრთნელო შტაბი. სხვათა შორის, მარტინ ონილიც და ახლა უკვე მარსელ კოლერიც, მიიჩნევენ, რომ საქართველოს მეტი ქულა უნდა ჰქონდეს – ძნელია ამაში არ დავეთანხმოთ და სიმართლე რომ ვთქვათ, არამარტო დიპლომატიური განცხადებებია მატჩის წინ მეტოქე გუნდის თავკაცთაგან – რეალობასთან ახლოსაა.

ასეა თუ ისე, მთავარი პრობლემა მოუგვარებელი რჩება: გამარჯვებას დანატრებულნი ვართ. ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ მის გუნდს თამაშში ერთ გოლზე მეტის გატანა უჭირს და ფრეების მიზეზიც ესაა. მართალია სლოვაკი. შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ დამაგვირგვინებელ ფაზაში პრობლემაა – კარამდე მივდივართ და კარი გვეკარგება... იმედია, მალე ესეც გამოსწორდება.

ვაისმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე ისიც თვქა, რომ რთული მატჩი იქნება, რადგან მეტოქეს მხოლოდ გამარჯვება დაამშვიდებს, თუმცა დასძინა, აქ ვენის დასათვალიერებლად არ ვიმყოფებითო. თავის მხრივ, მარსელ კოლერი მეტოქეს უფრთხის – ავსტრიელთა თავკაცის თქმით, საქართველოს ნაკრები პროგრესის გზაზე დგას ბოლო მატჩებიდან გამომდინარე.

ისევ ვაისს დავუბრუნდეთ და შემადგენლობაში ცვლილებები გუშინაც და სხვათა შორის, ირლანდიასთან მატჩის მერეც ახსენა.

და მაინც, როგორ იქნება ჩვენი ნაკრების სასტარტო თერთმეტეული “ერნსტ ჰაპელის” სტადიონზე?

მეკარე – დიდი შანსია, რომ სლოვაკის ნახსენები ცვლილება სწორედ კარის დარაჯს შეეხოს. ვაისმა ირლანდიასთან მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე გიორგი მაკარიძის გარჯა დაიწუნა, როგორც იმ მატჩში, ისე მოლდოვურ დაპირისპირებაში. აქედან გამომდინარე, ადვილი შესაძლებელია, სლოვაკი ფსონს ძველ ფავორიტზე, ნუკრი რევიშვილზე ჩავიდეს.

დაცვა – აი, დაცვის ხაზში კი, ცვლილებებს არ უნდა ველოდეთ. ჯერ ერთი რომ, ირლანდიასთან უკანა ხაზმა მართლაც უშეცდომოდ ითამაშა და მეორეც, ამ ეტაპზე ამ ოთხეულზე კარგი ალტერნატივა საქართველოს ნაკრებში არ მოიძებნება: კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი.

ნახევარდაცვა – შუა ხაზში ტაქტიკურ ცვლილებას ველოდებით. თუ ირლანდიასთან გუნდმა ორი გამოკვეთილი საყრდენით ითამაშა, ამჯერად შესაძლოა, სამი ნახევარმცველი ვიხილოთ მოედანზე. ნიკა კვეკვესკირისა და ვაკო გვილიას გარჯა სამი დღის წინანდელ მატჩში მოსაწონი იყო, ახლა მათ წესით კაპიტანი ჯაბა კანკავა უნდა შეუერთდეს. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა დისკვალიფიკაცია მოიხადა და ძნელად სავარაუდოა, ვაისმა იგი თადარიგში დატოვოს.

შეტევა – შეტევაშიც იგივე იქნება, როგორც თბილისურ მატჩში: ვაკო ყაზაიშვილი და ჯანო ანანიძე დღეს საქართველოს ნაკრებში შეუცვლელთა კატეგორიაში გადიან, ხოლო გიორგი ქვილითაია ცენტრფორვართაგან ახლა უალტერნატივოა. მოგეხსენებათ, ნიკა კაჭარავა და ლევან მჭედლიძე ტრავმების გამო დაგვაკლდნენ. გარდა ამისა, ქვილითაია ვენი “რაპიდის” წევრია და წესით, მისთვის ნაცნობ ქალაქში თამაში ორმაგი მოტივაცია უნდა იყოს.

აქვე გეტყვით, რომ ირლანდიასთან მატჩის წინ, WORLDSPORT.GE-ს შემოთავაზებული სავარაუდო შემადგენლობა სრულად გამართლდა და ვლადიმირ ვაისმა არჩევანი სწორედ იდენტური არჩევანი გააკეთა. ვნახოთ, რა იქნება ამჯერად...

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა: რევიშვილი; კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი; კანკავა, კვეკვესკირი, გვილია; ანანიძე, ყაზაიშვილი; ქვილითაია

ლაზარეთი

ლაზარეთი და დანაკლისი საბედნიეროდ უცვლელია და ირლანდიასთან მატჩის შემდეგ არავინ შემატებია. ლევან მჭედლიძე, ნიკა კაჭარავა, გიორგი ლორია და თორნიკე ოქრიაშვილი ამ შეკრებაზე ვერ დაგვეხმარნენ. დისკვალიფიკაციის შემდეგ კი, ჯაბა კანკავა რომ გვიბრუნდება, უკვე გამცნეთ.

წარსული მეტოქესთან

ავსტრიის ნაკრებთან თამაში აქამდე ერთხელ მოგვიწია და ისიც ბუნებრივია, რომ მიმდინარე შესარჩევ ციკლში. ზუსტად ერთი წლის წინ, მარსელ კოლერის გუნდმა მოგვიგო. 2016 წლის 5 სექტემბერს, “დინამო არენაზე” ავსტრიელებმა მარტინ ჰინტერეგერისა და მარკ იაკოს გოლებით პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობა მიღეს. ჯანო ანანიძის ლამაზი გოლი დაგვიანებული და პრესტიჟის გამოდგა.

მეტოქის გასახდელი

ავსტრიის ნაკრები, რომელიც ევრო 2016-ზე წაუგებლად გავიდა, მუნდიალის მიღმა დარჩენის რეალური საფრთხის წინაშეა – საქმე ისაა, რომ ჩვენს დღევანდელ მეტოქეს 7 ტურში მხოლოდ 8 ქულა აქვს და თუ საქართველოს ვერ დაამარცხებს, მომავალი ციკლისთვის მოუწევს მზადების დაწყება. ყველაფერთან ერთად კოლერს საკადრო პრბლემებიც აქვს. უკვე ცნობილია, რომ უელსთან მატჩების შემდეგ გუნდმა ორი ლიდერი, მარსელი ზაბიცერი და სებასტიან პრიოდლი მოისაკლისა. სხვა მხრივ, შემადგენლობა თითქმის ოპტიმალურია. მთავარ საფრთხეს რა თქმა უნდა, დავიდ ალაბა და მარკო არნაუტოვიჩი წარმოადგენენ. აქვე გეტყვით, რომ წარუმატებელი შედეგების გამო, კრიტიკის ქარცეცხლშია მოქცეული მარსელო კოლერი და არავინ იცის, შესაძლოა, საქართველოსთან ვერმოგება აღარ აპატიონ...

ბოლო 10 თამაში

საქართველოს ნაკრებმა უკანასკნელი 10 თამაშიდან ორი მოგიო და ორჯერვე სპარინგი. თუმცა, ხშირად არ აგებს – სამი წაგება. დანარჩენ ხუთი შეხვედრაში კი, ფრე დაფიქსირდა. რაც შეეხება ავსტრიის ნაკრების ბოლოდროინდელ შედეგებს: კრიტიკას მართლაც ვერ უძლებს – ორი გამარჯვება, ერთი თბილისში და მეორე მოლდოვასთან. 4 ფრე და 4 მარცხი. მათ შორის ბოლო, სამი დღის წინ, კარდიფში, უელსის ნაკრებთან.

მოკლედ, როგორც ხედავთ, ავსტრიას საუკეთესო პერიოდი სულაც არ უდგას. იქნებ, ეს საჩვენოდ გამოვიყენოთ და ჩვენსავე წისქვილზე დავასხმევინოთ წყალი – ცალსახაა, რომ გამარჯვების დროა. რთული იქნება, მაგრამ შესაძლებელი!

ავსტრიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა შეხვედრა ერნსტ ჰაპელის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. ვენიდან მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი განახორციელებს.

0.167773