ჭადრაკი

11:16 | 4.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

პირველი სვლა ჩემპიონის პარტიაში საპატიო სტუმარმა გააკეთა

ვაჟთა შორის მსოფლიო თასზე, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, პირველ ტურში პირველი სვლა ფიდეს ვიცე-პრეზიდენტმა გეორგიუს მაკროპულოსმა გააკეთა. მსოფლიოს ჩემპიონის მაგნუს კარლსენის და ოლუვაფემ ბალოგანის (ნიგერია) პარტიაში. ჩემპიონმა იოლად მიიღო უპირატესობა მასზე თითქმის 600-მდე ნაკლები რეიტინგ-ქულის მქონე მეტოქესთან. დასაწყისშივე გაცვალა ლაზიერები და ენდშპილში დამაჯერებლად დაამარცხა მოწინააღმდეგე.

უბრძოლველად გადავიდა მეორე წრეში ალექსანდრ ონიშუკი. მისმა მეტოქემ, იორასლავ ჟერებუხმა ამერიკის ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ შესძლო ქვეყნის დატოვება და მსოფლიო თასზე მონაწილეობის მიღება.

როგორც ამბობენ მარტო რეიტინგით ვერ ვიმსჯელებთ თუ ვისი გამარჯვებით დასრულდება პარტია. ყოველთვის არსებობს მცირე ალბათობა მოულოდნელი შედეგის. პირველ ტურშიც დაფიქსირდა მოულოდნელი შედეგები.

ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა, მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ნომერ მეორე მოჭადრაკემ, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავმა ფრედ დაასრულა პარტია ტაჯიკეთის წარმომადგენელ, საერთაშორისო ოსტატ მუჰამად ხუსენხოიაევთან.

ასევე ფრედ დასრულდა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის სერგეი კარიაკინის და ტურნირის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილის ანტონ სმირნოვის შეხვედრა. გამოცდილმა კარიაკინმა შავებით აღარ გარისკა და უმცროსი კოლეგის შეთავაზებულ ყაიმს დათანხმდა.

მოულოდნელი იყო ძლიერი ინდოელი დიდოსტატის ჰარიკრიშნას მარცხი 200-სარეიტინგო ქულით ნაკლებ კუბელ დიდოსტატ იური ვიდალ გონსალესთან.

ყაიმით დაამთავრა პარტია ქართველი გულშემატკივარის ფავორიტმა ბაადურ ჯობავამაც.

სამწუხაროდ, გუშინ თამაში ვერ აეწყოთ დანარჩენ ქართველ მოჭადრაკეებსაც, იმედი ვიქონიოთ, რომ მომდევნო ტურში ჩვენები შესძლებენ მდგომარეობის გაუმჯობესებას.

თუმცა, საერთო ჯამში პირველი წრის პირველ ტურში მოსალოდნელი შედეგები დაფიქსირდა. დღეს, გადამწყვეტი ტურია და მოჭადრაკეები უშეღავათოდ იბრძოლებენ შემდეგი წრის საგზურის მოსაპოვებლად.

პირველი ტურის შედეგები

შეხვედრების ბადე

ტექნიკური მონაცემები

ასპარეზობის ოფიციალური ვებგვერდი

2017 წლის ფიდეს კალენდრის მთავარ ღონისძიებას - რიგით მე-15 მსოფლიო თასის გათამაშებას საქართველოს დედაქალაქი 2 სექტემბრიდან 28 სექტემბრის ჩათვლით მასპინძლობს. ტურნირში, რომელიც Chack in Georgia Sport-ის ფარგლებში ტარდება, 48 ქვეყნის 128 მოჭადრაკე მონაწილეობს, მათ შორის მსოფლიო საჭადრაკო რეიტინგ-სიის ტოპ-15 მოჭადრაკე.

gcf.org.ge

0.115809