საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი მაკარიძე ირლანდიასთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ Worldsport.Ge–ს გაესაუბრა და აღნიშნული შეხვედრა შეაფასა.
- საწყისი ოცი წუთის განმალობაში გაგიჭირდათ, სათამაშო რგოლებს შორის კავშირში აშკარად პრობლემა იყო, თუმცა შემდეგ ეს გამოასწორეთ. რით ახსნით თამაშის მძიმედ დაწყებას?
- ვფიქრობ, ცუდად დასაწყისშიც არ გვითამაშია. მთელი მატჩის განმალობაში თამაშს ვაკონტროლებდით. ალბათ სწრაფი გოლი იყო მიზეზი, რის გამოც პირველი წუთები უფრო სუსტად ჩავატარეთ, ვიდრე შეხვედრის დანარჩენი მონაკვეთი.
- როგორ ფიქრობთ, ირლანდიელთა გოლის დროს, იყო თუ არა თქვენს მიმართ თამაშის წესების დარღვევა?
- განმეორება ყველამ ერთად ვნახეთ და ვფიქრობ, რომ ჯარიმა იყო, თუმცა ხანდახან მსაჯები ცდებიან.
- მოსაგებად ყველაზე მეტად რა დაგვაკლდა?
- ირლანდია საკმაოდ ძლიერი გუნდია, თუმცა ნამდვილად კარგად ვითამაშეთ. ალბათ ბურთის ასეთი კონტროლის შემდეგ, უფრო მეტი მომენტი უნდა შეგვექმნა.
- ბოლოს თქვენი საკლუბო კარიერის შესახებ გკითხავთ, რჩებით “მორეირენსეში”?
დიახ, იანვრამდე “მორეირენსეში” დავრჩები. თუმცა, ვითამაშებ თუ არა ეს კლუბის პრეზიდენტზეა დამოკიდებული, რადგან “ბრაგასთან” მოლაპარაკებებისას, რაღაც პრობლემები შეიქმნა.