ჭადრაკი

3:10 | 3.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო საჭადრაკო სამყაროს ცენტრშია

2 სექტემბერს, 16:00 საათზე ფუნიკულიორზე ჭადრაკის მსოფლიო თასის გახსნის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

აღნიშნული ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნითა და ასევე ფიდეს ჰიმნით გაიხსნა. ფუნიკულიორზე დამსწრე საზოგადოება დიდად მოიხიბლა ქართული ცეკვებით თუ სიმღერებით. უცხოელი მოჭადაკეები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და არც აპლოდისმენტებს იშურებდნენ.

გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ ფიდეს პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი და ტურნირში მონაწილე 48 ქვეყნის 128 მოჭადრაკე, მათ შორის მსოფლიოს საჭადრაკო რეიტინგის ტოპ 25 მოჭადრაკე.

დღევანდელ დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას მატებდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, მაგნუს კარლსენის მონაწილეობა, რომელსაც კენჭისყრის შედეგას თეთრი ფიგურებით ასპარეზობა ხვდა წილად. მსოფლიო თასის გათამაშების ისტორიაში ეს პირველი შემთვევაა, როდესაც ტურნირში მოქმედი ჩემპიონი ასპარეზობს.

საქართველოს ღორსებას 4 მოჭადრაკე დაიცავს: ბაადურ ჯობავა, მიხეილ მჭედლიშვილი და ლევან ფანცულაია. აგრეთვე წესების თანახმად ვაჟთა ტურნირში მასპინძელი ფედერაციის ნომინაციით იასპარეზებს ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ნანა ძაგნიძე, რომელსაც WORLDSPORT.GE გაესაუბრა და მისგან წინასწარი შეფასებები მოისმინა.

“ტურნირი თავისი ფორმატიდან გამომდინარე არის უძლიერესი, მასში ჭადრაკის ლეგენდები იღებენ მონაწილეობას. მაგნუს კარსლენი, ვიში ანანდი, ვესლეინ ტოპალოვი, ვლადიმირ კრამნიკი და სხვები. აქ დღეს მსოფლიო ჭადრაკის ლეგენების ნახვა შეგიძლიათ. განსაკუთრებით ქართული ჭადრაკის და ამ სპორტის მოყვარულთათვის ზეიმია, რაც ხვალიდან საქართველოში იწყება.

ვფიქრობ ამ დონის ღონისძიება საქართველოში ჯერ არ ჩატარებულა. ასეთი დონის მოჭადრაკეებს საქართველოში თავი არ მოუყრიათ.

შანსებს რაც შეეხება, მაქსიმალურად დავიხარჯებით. ჩვენი შესაძლებლობები ბოლომდე უნდა ვაჩვენოთ. თუ რეიტინგებს გადავხედავთ, მაღალ შედეგებს არ უნდა ველოდოთ, მაგრამ ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს გავაკეთებთ.

საქართველოსთან ერთად სამხრეთ აფრიკა იბრძოდა ამ ტურნირისთვის, თუმცა ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ასეთი დონის ტურნირი ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება”, - გვითხრა ნანამ.

ასევე ღონისძიება შეაფასა და მონაწილეებს წარმატება უსურვა ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გია გიორგაძემ.

“ეს არის მსოფლიო კალენდრის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, მთელი საჭადრაკო ელიტა არის საქართველოში ჩამოსული მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, მაგნუს კარლსენის ხელმძღვანელობით. ვისაც რაიმე პრეტენზია აქვს ამ სპორტში, ყველა აქ თამაშობს, მათ შორის ჰოუ ფანი, ჩინელი ვუნდერკინდი, ქალი მოჭადრაკე, რომელმაც ყველა ტიტული მოიგო ქალებს შორის და ახლა ვაჟებში გადავიდა. ასე, რომ ყოველმხრივ საინტერესო ღონისძიება არის. ფიდეს პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ეს ის ტურნირია, რომლის მოგებასაც წინასწარ ვერავინ ვერ განსჯის, თვით მსოფლიოს ჩემპიონიც კი, რადგან არ არის იოლი. რამდენ მიკრო მატჩში უნდა გაიმარჯვო?ამიტომ ძალიან კარგ ფორმაში უნდა იყო. ასე რომ გულშემატკივარს საინტერესო სანახაობა ელის მთელი თვის განმავლობაში და მე ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი ბიძგი იქნება ჭადრაკის განვითარებისათვის საქართველოში.

პირველი ტურის კენჭისყრის შედეგად ბაადურ ჯობავს ყავს ძალიან ძლიერი მეტოქე. ესპანელი ახალგაზრდა დიდოსტატი, თუმცა ბაადურ ჯობავა ორთაბრძოლაში ფავორიტად ჩაითვლება და მას სპეციალისტები შემდეგ ეტაპზე გასვლას უწინასწარმეტყველებენ. რაც შეეხება ნანა ძაგნიძეს, მას ეყოლება მეტოქედ ერთ-ერთი წამყვან მოჭადაკე, სხვათა შორის ის ჩვენი სიძეა, სოფო გურამიშვილის ქმარი, არიშ გირი, რომელიც მსოფლიოს ელიტარულ მოჭადრაკეებში შედის და ძალიან გაუჭირდება მასთან თამაში, თუმცა ნანას აქვს შანსი ძალიან კარგი თამაში აჩვენოს. ასევე ლევან ფანცულაია და მიხეილ მჭედლიშვილი. ისინი გაცილებით ძლიერ რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებს ეთამაშებიან, თუმცა მიკრო მატჩებში ყველაფერი შესაძლებელია და მჯერა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ”, - გვითხრა გიორგაძემ

ტურნირის მნიშვნელობაზე ისაუბრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმაც, რომელიც თვლის, რომ ეს ტურნირი ჭადრაკის მოყვარულთათვის ერთგვარი საჩუქარია.

“უმნიშვნელოვანესი ტურრნირია, გენერალური რეპეტიცია მომავალი წლის მსოფლიო ოლიმპიადის წინ და ძალიან კარგია, რომ საქართველოში მსოფლიოს გამორჩეული ვარსკვლავები ჩამოდიან. - პირველი ნომრები. ეს არის ერთგვარი საჩუქარი ჭადრაკის მოყვარულთათვის. საქართველო კვლავ სპორტული სამყაროს ცენტრშია და მიხარია, რომ ყოველწლიურად ახალი ტურნირებით ვამდიდრებთ ჩვენს სპორტულ ისტორიას. აქვე მინდა, რომ ქართველ მოჭადრაკეებს წარმატებები ვუსურვო”, - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირი ოფიციალურად ხვალ 3 სექტემბერს, 15:00 საათზე აიღებს სტარტს. მსოფლიო თასი Chack in Georgia Sport-ის ფარგლებში იმართება. ეს კი ერთგვარი წინამოსამზადებელი ღონისძიებაა ქვეყანაში მსოფლიო ოლიმპიადის წინ, სადაც 190 ქვეყნის ვაჟთა და ქალთა ნაკრები გუნდები მიიღებენ მონაწილეობას. ოლიმპიადა 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ბათუმში გაიმართება.

0.112998