ფეხბურთი

22:50 | 2.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: “საქართველოს ნაკრების თამაშში პროგრესი იგრძნობა”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ირლანდიასთან (1:1) გამართული მატჩი შეაფასა. სლოვაკი სპეციალისტის აზრით, დაფიქსირებული შედეგი ლოგიკური გახლდათ და თამაშის სურათიდან გამომდინარე მოპოვებული ქულით კმაყოფილია.

ვლადიმირ ვაისის განცხადებით, მიმდინარე შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებმა საუკეთესო თამაში აჩვენა.

“რა თქმა უნდა, დღეს გვინდოდა, რომ მოგვეგო, მაგრამ თამაშიდან გამომდინარე კმაყოფილები უნდა ვიყოთ. სამწუხაროა, რომ ინდივიდუალური შეცდომები იყო, განსაკუთრებით გაშვებული გოლის დროს, მაგრამ ფეხბურთში ეს ხდება. მიმაჩნია, რომ შედეგი ლოგიკური გახლდათ, რადგან მეტოქესაც შეეძლო რამდენჯერმე გოლის გატანა. მადლობა ჩემს ფეხბურთელებს. ქვილითაიამ, კაშიამ, კვეკვესკირმა, კაკაბაძემ კარგი თამაში ჩაატარეს. ირლანდიის ნაკრები კი ძლიერი გუნდია და მისი ბირთვი მთლიანად პრემიერლიგიდანაა დაკომპლექტებული.

გაშვებულ გოლი ტელევიზორში არ მინახავს – ვფიქრობ, მეკარის ინდივიდუალური შეცდომა იყო და ის არ უნდა გამოსულიყო კარიდან. ჩვენ დამუშავებული გვქონდა სტანდარტები და სოლომონ კვირკველიას უნდა აეყვანა შეინ დაფი. შესაძლოა, ჯარიმაც იყო მაკარიძეზე, მაგრამ პირველ რიგში გოლი ჩვენი შეცდომის შედეგად გავუშვით.

ძალიან რთულია, როდესაც ფეხბურთელს კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, ნაკრებში 90 წუთი მაღალ დონეზე ითამაშოს. ირლანდია კი პირიქით – მათი მთავარი კოზირი ფიზიკური მოზადებაა. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ მიმდინარე შესარჩევ ციკლში საუკეთესო თამაში ვაჩვენეთ.

გიორგი მერებაშვილი ეფექტური ფეხბურთელია – შესაძლოა, ავსტრიაში ძირითად შემადგენლობაში იყოს, სრულიად შესაძლებელია. ამ შეხვედრამ კი, გვაჩვენა, რომ შეგვიძლია ორი ტაიმის თამაში, უბრალოდ ეს დამოკიდებულია ფიზიკურ კონდიციებზე. უბრალოდ მე სამი დღის განმავლობაში არაფერი შემიძლია შევცვალო ფიზიკური მონაცემების მხრივ, როდესაც ფეხბურთელი უთამაშებელია. მადლობა ვაკო გვილიასა და ჯანო ანანიძეს, რომლებიც გუნდებში არ თამაშობენ ხშირად. არ მესმის, ანანიძეს “სპარტაკში” რატომ არ ათამაშებენ, ის გენიალური ფეხბურთელია, მხოლოდ ფიზიკურად მომზადება აკლია.

გეთანხმებით, რომ ბევრ საგოლე მომენტებს ვანიავებთ და ეს პრობლემაა. ვფიქრობ, ორი მაღალი დონის მეკარე გვყავს, მაგრამ გიორგი მაკარიძემ დღესაც და მოლდოვაშიც შეცდომები დაუშვა. რაც შეეხება ხოჭოლავას, მისი მოედანზე გამოყვანა ტაქტიკური ცვლილება იყო – მეორე სართულზე უპირატესობა რომ მოგვეპოვებინა.

პატარა პლიუსია, რომ ირლანდიასთან ნავსი გავტეხეთ. დარწმუნებული ვიყავი, რომ არ წავაგებდით. რაც შეეხება ავსტრიასთან თამაშს, იქნება რამდენიმე ცვლილება შემადგენლობაში. გვიბრუნდება ჯაბა კანკავა, რომელიც საკმაოდ კარგ ფორმაშია. შედეგებზე რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ვარ, მაგრამ თამაშის მხრივ პროგრესი აშკარად იგრძნობა”, - ასე შეაფასა მატჩი ვლადიმირ ვაისმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მიმდინარე შესარჩევ ციკლში მომდევნო შეხვედრას 5 სექტემბერს, ვენაში, ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდს აქტივში 7 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზე იმყოფება.

0.119264