ფეხბურთი

10:00 | 2.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო VS ირლანდია: წარსულის ამოძახილი

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი დასასრულისკენ მიდის, საქართველოს ნაკრებს კი გამარჯვების გრაფაში ჯერაც 0 უწერია. იქნებ, ტრადიცია ახლა მაინც დაირღვეს?! და მაინც, თუ დარღვევაზე ვსაუბრობთ, მაშინ ტრადიციები უნდა დაირღვეს – მეტოქე ირლანდიის ნაკრებია, რომელთანაც ასევე მოუგებლად ვთამაშობთ ისტორიის განმავლობაში.

მოკლედ, საქართველოს ნაკრების წინაშე ბევრი გამოწვევაა – გაუძლებს კი გუნდი წნეხს? ფაქტია, რომ სხვა გზა მოჭრილია. გულშემატკივარი კიდევ ერთხელ იმედგაცრუებას ვერ გაუძლებს და შესაბამისად, მოედანზე გასულ 11 (პლიუს სამს შეცვლაზე) ფეხბურთელს ბოლომდე დახარჯვა და შესაძლებლობების მაქსიმუმის ჩვენება მოუწევს. ჩვენთვის ამ მატჩს სატურნირო ცხრილის მხრივ გადამწყვეტი მინშვნელობა არ აქვს, მაგრამ სამაგიეროდ ყველაფერი პირიქითაა მეტოქის ბანაკში – უცნაურია, მაგრამ ესეც იმედს სახავს: წარსულიდან ფაქტებს თუ მოვიშველიებთ, საქართველოს ნაკრებს კარის გაჯახუნება და მოტივირებული მეტოქის გზიდან გადაგდება სჩვევია.

გუშინ, ვლადიმირ ვაისმა და მარტინ ონილმა პრესკონფერენციები გამართეს. როგორც ასეთ შემთხვევაში ხშირად ხდება ხოლმე, მეტოქეს მწვრთნელებმა კომპლიმენტები უძღვნეს. ონილი ფიქრობს, რომ საქართველოს ნაკრების რეალურ ძალას სატურნირო ცხრილი და მოპოვებული 3 ქულა არ ასახავს. მრავლისმნახველი მარტინი დუბლინურ შეხვედრასაც იხსენებს და აღნიშნა, მაშინ გაგვიმართლა, თორემ ადვილი შესაძლებელი იყო საერთოდ ვერ მოგვეგოო. ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს და ძნელია არ დავეთანხმოთ – მართლაც ასე იყო. საპირისპიროდ, ვაისი მიიჩნევს, იმაზე აქცენტის გაკეთება რომ საქართველო კარგად თამაშობს, უადგილოა. სლოვაკმა განაცხადა, თამაში შედეგშიც უნდა აისახოს, ისე ყველაფერი უმნიშვნელოაო. პატივცემულმა ვაისმა სიტყვა ძირითად შემადგენლობაზეც ჩამოაგდო და აღნიშნა, რომ ხვალ მაქსიმალურად შეეცდება სასტარტოში იმ ფეხბურთელთა გამწესებას, რომლებსაც ბოლო პერიოდში სათამაშო პრაქტიკა მუდმივად აქვთ. უცნაურია, მაგრამ სლოვაკს ასეთი 11 ფეხბურთელის შერჩევა ძალიან გაუჭირდება...

ვის უნდა ველოდოთ მოედანზე?..

მეკარე – ეს, ის პოზიციაა, სადაც ბოლო დროს ნამდვილად არ უჭირდა, მაგრამ “ლხინი” აქაც არ დაგვცალდა. გიორგი ლორია ტრავმირებულია და საერთოდ არაა შეკრებაზე. გიორგი მაკარიძე – უთამაშებელი. სათამაშო პრაქტიკა ნუკრი რევიშვილსა და როინ კვასხვაძეს აქვთ საქართველოს ჩემპიონატიდან, მაგრამ ვაისს არჩევანის გაკეთება ძალიან გაუჭირდება. “ტორპედოს” კაპიტანს ასეთ დონეზე თამაშის გამოცდილების დეფიციტი აქვს, რევიშვილმა კი თამაში ახლახან დაიწყო და თანაც მას შეკრებაზე ყველაზე გვიან დაუძახეს. ბოლო ოფიციალურ მატჩში ძირითადი მეკარე მაკარიძე იყო და წესით ვაისი ფსონს ახლაც მასზე ჩავა.

დაცვა – მარჯვენა მცველის პოზიციაზე ოთარ კაკაბაძე უალტერნატივოდ მოსჩანს. ახალგაზრდა ქართველს ტარაგონას “ხიმნასტიკში” მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს. იმის ფონზე, რომ ამ ფუფუნებას უჩა ლობჟანიძე დანატრებულია, ეს ვარიანტი კიდევ უფრო რეალური ხდება. საპირისპორო ფლანგზე არანაირ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ: გიორგი ნავალოვსკი ბოლო პერიოდში მუდმივი წევრია ნაკრების და რუსეთის პრემიერლიგაშიც რეგულარულად თამაშობს. კითხვის ნიშნები არც დაცვის ცენტრთან მიმართებაშია: გურამ კაშია და სოლომონ კვირკველია დღეს გუნდში მყოფ ფეხბურთელთაგან ყველაზე კარგ ფორმაში არიან.

ნახევარდაცვა – ვაისი ალბათ ბოლო დროს ნაცად ტაქტიკას არშეცვლის და ისევ ორი საყრდენით ითამაშებს. ამ შემთხვევაში ერთი კანდიდატურა გამოკვეთილია: ნიკა კვეკვესკირი. მისი მეწყვილის როლზე კი ვაკო გვილიას, გიორგი აბურჯანიასა და მურთაზ დაუშვილს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება. წესით, ფავორიტი გვილია უნდა იყოს, თუმცა მისი მთავარი პრობლემა ბოლო დროს უთამაშებლობაა.

ფორვარდს უკან – სამი შემტევიდან ორის ვინაობის გამოცნობა ძალზე ადვილია: ჯანო ანანიძე და ვაკო ყაზაიშვილი. ყაზაიშვილი ცალსახად შემტევ ფეხბურთელებს შორის ყველაზე კარგ პერიოდს განიცდის და ამერიკულ MLS-ში უკვე სამი გოლის გატანაც მოახერხა. იგივეს ვერ ვიტყვით ჯანოზე, მაგრამ იგი დღეს საქართველოს ნაკრებისთვის ფასდაუდებელი ფიგურაა. ტრიოს სავარაუდოდ ჯაბა ჯიღაური შევასებს. ჯერ ერთი, რომ “ვარდარის” ფეხბურთელს ვაისი ყოველთვის სწყალობდა და მეორეც, ჯაბა კარგ ფორმაში იმყოფება.

ფორვარდი – აი, აქ კი, ვაისს ბევრი ფიქრი არ დასჭირდება. გიორგი ქვილითაიას სახელი ფორვარდის პოზიციაზე გამოკვეთილია. კონკურენტი მხოლოდ ორია – ირაკლი სიხარულიძე და ვლადიმერ დვალიშვილი.

შესაბამისად, მივიღეთ შემდეგი სავარაუდო შემადგენლობა: მაკარიძე; კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი; კვეკვესკირი, გვილია; ჯიღაური, ანანიძე, ყაზაიშვილი; ქვილითაია

ლაზარეთი

დანაკლისს ვერც ახლა ავცდით – საქართველოს ნაკრები ბოლოს როდის შეიკრიბა ოპტიმალური შემადგენლობით ძნელი გასახსენებელია. ახლაც ასეა, დანაკლისი დიდია და თან, ძალიან. ირლანდიასთან მატჩში კაპიტანი ჯაბა კანკავა დისკვალიფიკაციას მოიხდის. ტრავმების გამო “ჯვაროსნებს” გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა გამოაკლდნენ, ხოლო ლევან მჭედლიძე და თორნიკე ოქრიაშვილი შეკრებაზე საერთოდ ვერ ჩამოვიდნენ.

ავადსახსენებელი ირლანდია

ამას უხერხული მეტოქეც აღარ ჰქვია – ირლანდიის ნაკრებთან ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს კატასტროფული ბალანსი აქვს. 8 თამაში და ყველა წაგება. ასეთ დადებით ბალანსს, ბარე-ორი ნაკრები ინატრებდა ნებისმიერი გუნდთან, მაგრამ ირლანდიას ჩვენთან სანატრლი არაფერი აქვს, სამწუხაროდ.

8 მატჩი, რვავე მარცხი, 4:16-ზე ბურთების შეფადრება. უშუალოდ დუბლინში კი გოლი ერთხელ გაიტანა ჩვენმა პირველმა გუნდმა: 2009 წელს, ალექსანდრე იაშვილმა პირველივე წუთზე. ბოლოს, დუბლინში, ერთი წლის წინ წავაგეთ, თუმცა, მაშინ შეიძლეობდა ქულაც წამოგვეღო. იმედია, ნავსი მეცხრე ცდაზე მაინც გატყდება, თორემ...

მეტოქის გასახდელი

ირლანდიის ნაკრები თბილისში სრული შემადგენლობით იმყოფება. ერთადერთი ჯონ უოლტერსის თამაში იყო საეჭვო, რომელსაც ტრავმა აწუხებდა, მაგრამ აქაც არ გაგვიმართლა. მარტინ ონილისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა უკვე ჯანმრთელადაა და დიდი ალბათობით “დინამო არენას” მინდორზეც ვიხილავთ. ერთადერთი, რომელიც ირლანდიის ნაკრებს დააკლდება სეამუს კოულმენია – განაპირა მცველი მწარედ გვახსოვს. სწორედ მისმა რეიდმა გადაწყვიტა დუბლინური შეხვედრის ბედი.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას – თუ საქართველოს ჯერაც არ მოუგია, ირლანდიას – არ წაუგია. “კელტები” სერბეთთან ერთად 12 ქულით ლიდერის პოზიციას იკავებენ და ადვილი მისახვედრია, რა დატვირთვა აქვს მათთვის თითოეულ თამაშსა და ქულას.

ბოლო 10 თამაში

საქართველოს ნაკრებმა უკანასკნელი 10 შეხვედრიდან მხოლოდ ორი მოიგო და ორივე ამხანაგური: ლატვიასთან (5:0), სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრებთან (3:0). 4 მატჩში ფრე ითამაშა, ხოლო დანარჩენი 4 წააგო. მათ შორის, ერთი სწორედ ირლანდიასთან, დუბლინში – 0:1.

რაც შეეხება მეტოქის უახლოეს წარსულს: 5 გამარჯვება - ურუგვაისთან, ავსტრიასთან, მოლდოვასთან, საქართველოსთან და ომანთან. 3-ჯერ ფრე ითამაშა სერბეთთან, ავსტრიასთან და უელსთან. ორჯერაც დამარცხდა, თუმცა ორივე შემთხვევაში ამხანაგურ შეხვედრაში – ისლანდიასთან (0:1) და მექსიკასთან (1:3).

მოკლედ, ახლა ასეთია ვითარებაა – საქართველოს ნაკრებს ბევრი ნავსის გატეხვა მოუწევს ირლანდიის დასამარცხებლად. დანარჩენს 90 წუთი გამოაჩენს, რომლის ათვლაც 20:00 საათიდან დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.164905