ძიუდო

16:50 | 1.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ერთი ბრინჯაოს შანსი და ორი მოხსნა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი უშანგი მარგიანი (90 კგ) ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას. 23 წლის ქართველმა სპორტსმენმა ძირითად ბადეში გამოსვლა მეოთხედფინალში დაასრულა სერბ ნემანია მაიდოვთან "ოქროს დროში” წაგებით. იქამდე მარგიანმა ბოსნიაჰერცეგოვინელი ტონი მილეტიჩი, ალჟირელი აბდერაჰმან ბენამადი და დავიდ კლამერი ჩამოიშორა. "ბრინჯაოს ნახევარფინალში” კი უნგრელი კრიშტიან ტოთისა და აზერბაიჯანელი მამადალი მეჰდიევის მეოთხედფინალურ წყვილში წაგებულს დაეჭიდება.

დღესვე, საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და ნინო ოძელაშვილიც (70 კგ) ჩაებნენ, მაგრამ ჩემპიონატს ორივე დილის პროგრამაში გამოეთიშა. თან ისე წააგეს, არც ილეთზე დაცემულან და არც სამ-სამი შიდო მიუღიათ. ორივე მსაჯებმა მოხსნეს.

ღვინიაშვილმა მერვედფინალში, სლოვენიელ მიხაელ ჟგანკთან შეხვედრის მეორე წუთზე, მეტოქის წამოწყებულ ილეთზე ჰაერში ისეთი მოძრაობა გააკეთა, მძიმე ტრავმის რისკის წინაშე აღმოჩნდა. ეს კი ტურნირიდან მოხსნით ისჯება. მსაჯმა გამარჯვებულად ჟგანკი გამოაცხადა. სლოვენიელთან დაპირისპირებამდე ბექა ღვინიაშვილმა ყირგიზი აზამატ ბეკტურსუნოვი ჩამოიშორა.

ნინო ოძელაშვილის შემთხვევა კი გაცილებით უცნაური იყო – ქართველი ძიუდოისტი ნიგერიელ ვინიე გოფიტს ვაზარით უგებდა, როდესაც აღმოჩნდა, რომ ჭიდაობის წინ ჯვრის მოხსნა დაავიწყდა. ტატამის მსაჯმა შეხვედრა შეაჩერა და ქართველი ძიუდოისტი შეჯიბრებიდან მოხსნა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.143876