ძიუდო

19:59 | 30.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

შავდათუაშვილი სამეულს მიღმა დარჩა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ტიტულოვან წევრს, ოლიმპიურ (2012) და ევროპის (2013) ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილს მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი მედლის მოპოვებამდე სულ ცოტა დააკლდა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე 25 წლის სპორტსმენი 2017 წლის სეზონის უმთავრეს შეჯიბრებაზე რეპეშაჟის ფინალში დამარცხდა და მე-5 ადგილი დაიკავა.

ბუდაპეშტში მიმდინარე ჩემპიონატზე შავდათუაშვილმა ძირითად ბადეში ოთხი შეხვედრა ჩაატარა. შეჯიბრება ბრაზილიელ მარსელო კონტინისთან შეხვედრით გახსნა და 3 წუთსა და 13 წამში, უილეთოდ, 3 გაფრთხილებით იმარჯვა. გამბიელი ფაი ნჯი წუთსა და 52 წამში, შიდა ფეხით დასცა ბეჭებზე. მერვედფინალში სლოვენიელ მარტინ ჰოჟაკს "ოქროს დროში” შესრულებული ეფექტური ბრუნით და იპონით სძლია. მეოთხედფინალში კი, იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოსთან დამარცხდა. ბრძოლის ბედი გაფრთხილებებმა გადაწყვიტა. ქართველ ძიუდოისტს შიდოების ლიმიტი საფინალო გონგამდე 47 წამით ადრე ამოეწურა.

რეპეშაჟის ნახევარფინალში ლაშა შავდათუაშვილმა რუს დენის იარცევს აჯობა, "ოქროს დროში” აღებული ვაზარით. შეხვედრა შვიდწუთნახევარი გაგრძელდა და შავდათუაშვილმა გადამწყვეტი ბრძოლის წინ დიდი ენერგია დახარჯა. მერე მხოლოდ ოცი წუთი დაისვენა და "ბრინჯაოს ფინალში” მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორს – სამხრეთკორეელ ჩანგრიმ ანს დაეჭიდა. თავიდან ვაზარით ჩამორჩა და მეოთხე წუთზე გაათანაბრა.

"ოქროს დრო” ისევ მე-4 წუთამდე გაიწელა. უპირატესობას შავდათუაშვილი ფლობდა, მაგრამ მოულოდნელად კონტრ-ილეთზე წამოეგო და ჩანგრიმ ანი მსოფლიოს პოდიუმის მესამე საფეხურზე ზედიზედ მეორედ ავიდა.

დღესვე, საპრიზო სამეული ქალთა 57 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც შეივსო. საქართველოს სახელით მსოფლიოს კონკურენციაში მარიამ ჯანაშვილი ჩაება, მაგრამ პირველსავე შეხვედრაში, კანადელ კეტრინ ბუშემინ-პინართან ჭიდაობის დაწყებიდან ნახევარ წუთში ხელის ტრავმა მიიღო და მეტოქის წამოწყებულ შებოჭვას ვეღარაფერი მოუხერხა.

ხვალ საპრიზო სამეული მამაკაცთა შორის 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში შეივსება, ხოლო ქალებში – 63 კილოგრამში. საქართველოს სახელით კი მსოფლიო კონკურენციაში ზებედა რეხვიაშვილი (81 კგ) ჩაერთვება.

ძიუდო

მსოფლიოს ჩემპიონატი

ბუდაპეშტი

30 აგვისტო

მამაკაცები

73 კგ

1 სოიჩი ჰაშიმოტო (იაპონია)

2 რუსტამ ორუჯოვი (აზერბაიჯანი)

3 ჩანგრიმ ანი (სამხრეთ კორეა)

3 ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)

5 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

ქალები

57 კგ

1 სუმიია დორჯსურენი (მონღოლეთი)

2 ცუკასა იოშიდა (იაპონია)

3 ჰელენ რესევო (საფრანგეთი)

3 ნეკოდა სმიტ-დევისი (ბრიტანეთი)

0.112928