მიმდინარე ზაფხულის მთავარი თემა ნეიმარის “ბარსელონადან” “პარი სენ ჟერმენში” გადაბარგება იყო. მას შემდგომ, “ბლაუგრანამ” შემცვლელის ძიება დაიწყო და კატალონიურ კლუბს ლამის ყოველდღე უკავშირებენ ფელიპე კოუტინიოს.
ამასობაში კი, ესპანური გამოცემა Marca საინტერესო ინტერვიუს იხსენებს – ნეიმართან და კოუტინიოსთან, რომელიც 2008 წლით თარიღდება. მაშინ ჯერ კიდევ პატარა ბიჭები სწორედ ესპანეთის ჩემპიონატში თამაშზე ოცნებობდნენ.
განსაკუთრებით კი, არა “ბარსელონა”, არამედ მადრიდის “რეალი” გახლდათ ოცნების მთავარი ორიენტირი. აღნიშნულ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ:
- რომელ გუნდში თამაშზე ოცნებობთ?
- კოუტინიო: “რეალი” – მსოფლიოში საუკეთესო გუნდია.
- ნეიმარი: “რეალი”.
- ბაძავთ რობინიოს?
- კოუტინიო: რობინიოს ტელევიზორში ვუყურებ და ვსწავლობ მისგან. მე ნამდვილად მომწონს “რეალი” და “ბარსელონა”. ლა ლიგაში ჩემი ფავორიტი გუნდები არიან.
- ნეიმარი: “სანტოსში” მივედი 7 წლის ასაკში, როგორც ის. შემდეგ წავედი “პორტუგუეზაში”, სანამ ისევ უკან დავბრუნდებოდი. რობინიოს ტელევიზორში ძალიან ხშირად ვუყურებ და ვცდილობ მივბაძო – განსაკუთრებით დრიბლინგებში. ესპანური ფეხბურთი ძალიან მომწონს. ლამაზი, სწრაფი და ხარისხიანი თამაშებია.
- მიზანი ლა ლიგაში თამაშია?
- კოუტინიო: დიახ. ესპანეთის ჩემპიონატში საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ. მაგალითად რონალდინიო და რობინიო.
- ნეიმარი: ესპანეთის ლა ლიგა ყველაზე ძლიერი და ლამაზი ჩემპიონატია, სადაც საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ.
ნეიმარმა ოცნება ნაწილობრივ უკვე აიხდინა: ესპანეთის ჩემპიონატში თამაში მოასწრო, მაგრამ არა “რეალში”, არამედ – “ბარსელონაში”. თუმცა, ვინ იცის, ბრაზილიელი ჯერ 25 წლისაა და იქნებ “სამეფო კლუბში” მაინც მოხვდეს. რაც შეეხება კოუტინიოს, იგი “ბარსელონაში” გადასვლასთანაა ახლოს. ყველაფერი ორ დღეში დაზუსტებით გვეცოდინება – სატრანსფერო ფანჯარა იხურება.