მონტევიდეოში, დიდი მატჩის მოლოდინია: ურუგვაი – არგენტინა. ამ შეხვედრაში არგენტინელთა მთავარი მწვრთნელის ხორხე სამპაოლის დებიუტი შედგება. ამჟამად მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს გარანტირებული არაფერი აქვს და ამას სამპაოლიც კარგად ხვდება.
მისი თქმით, მოახლოებული შეხვედრა გადამწყვეტი იქნება:
“როგორც არგენტინელი, ვგრძნობ, რომ ეს თამაში გადამწყვეტი იქნება მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის კუთხით – უნდა შევეცადოთ, რაც შეიძლება შორს იყოს ბურთი ჩვენი საჯარიმოდან, რადგან ურუგვაი ძალიან ძლიერია საჯარიმოში და მეორე სართულზე თამაშის დროს.
იკარდი? – არგენტინის ნაკრებს ასეთი თავდამსხმელი სჭირდება. მაურო არამარტო გოლეადორია, არამედ კარგად შეუძლია ბურთით სიღრმეში თამაშიც. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მესი და დიბალა კარგად შეთამაშდნენ”, - აღნიშნა სამპაოლიმ.
არგეტინისა და ურუგვაის ნაკრებთა მატჩი 1 სექტემბერს, თბილისის დროით 03:00 საათზე მონტევიდეოში ჩატარდება. ამ დროისთვის “ალბისელესტე” მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში მეხუთე ადგილზეა, თუმცა მეორეადგილოსან კოლუმბიას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.