ფეხბურთი

17:45 | 28.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ორი მესამედი

საქართველოს ეროვნულ ლიგაში 24 ტური მიილია. გავიდა ჩემპიონატის ზუსტად ორი მესამედი და ცხრილიდან შეიძლება დასკვნის გამოტანა, თუ ვის უჭირს და ვის ულხინს. გამოკვეთილია პირველადგილოსანი და გამოკვეთილია აუტსაიდერიც, თუმცა გარანტირებული არც თბილისის “დინამოს” აქვს ჩემპიონობა და ჯერ ქობულეთის “შუქურასაც” ნუ გამოვიგლოვებთ, მით უმეტეს, ბოლოსწინაადგილოსანი ფოთის “კოლხეთი” დასუსტდა კოვტალიუკისა და დაფის წასვლის შემდეგ.

სასიამოვნოა რამდენიმე ფეხბურთელის პროგრესი და ასე თუ ისე ნორმალური ლეგიონერების წინ წამოწევა, თუმცა სამწუხაროა, რომ მათგან საუკეთესოებმა მხოლოდ რამდენიმე თვე გაძლეს აქ და უცხოეთს მიაშურეს: “დილას” ლეანდრომ, “საბურთალოს” ვაგნერმა და “კოლხეთის” დაფმა.

რამდენიმე ახალი უცხოელი გამოჩნდა და მათ შორის “სამტრედიას” კოტდივუარელ ინტერს გიის გამოვარჩევთ. ველით, რომ გია ცეცაძის გუნდში კარგად ათამაშდება ნიგერიელი ფორვარდი მიკაელ ოლაიტანი, რომელიც “ოლიმპიაკოსში” გამოდიოდა. მეორე მხრივ, მინდორი გამოაჩენს ყველაფერს, თორემ ხშირად ხდება, ფეხბურთელი კარგი CV-ით მოდის და ცარიელი სახელია, არის საპირისპირო შემთხვევებიც.

გამოჩნდნენ ფეხბურთელები, რომლებმაც წლეულს საკმაო პროგრესი განიცადეს და ნაკრებებში მოხვდნენ. მაგალითად, ვინ იცოდა მეკარე ლევან შოვნაძე? ბათუმის “დინამოში” კარგი მატჩები ჩაატარა და 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელთა ყურადღებაც მიიქცია.

პროგრესი აქვს არაერთ ახალგაზრდას, მათგან კი განსაკუთრებით გამოვარჩევდით გიორგი ჩაკვეტაძესა და ბექა მიქელთაძეს. აღვნიშნოთ ირაკლი სიხარულიძეც, რომელიც 19 გოლით ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირია. სიხარულიძე ვლადიმირ ვაისის სიაშიც მოხვდა. და რადგან ლოკომოტიველი ვახსენეთ, ამ გუნდის ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის წინსვლაზეც – დავით სამურკასოვი გუნდის წამყვანი ნახევარმცველია, ვატო არველაძემ კი ჩემპიონატში რამდენიმე ლამაზი გოლი გაიტანა, განსაკუთრებით კარგად ლიდერ “დინამოსთან” ითამაშა.

საერთოდ, სათამაშო დონემ ვერ იმატა, რაც დაადასტურა ევროტურნირებმა. ხშირია მონაკვეთები, როცა გუნდები ორ პასს ვერ აბამენ ერთმანეთს და ტემპიც დაბალია, თუმცა რაც აშკარად შეიმჩნევა, სტადიონზე გულშემატკივართა რაოდენობა გაიზარდა. გაშუქებაზე არაფერს ვამბობთ, ისედაც ცხადია, რომ კარგად შუქდება და კიდევ, აღარ გვესმის საუბარი ჩაწყობა-მიცემაზე-დაწოლა-მიწოლაზე.

სტატისტიკაზე: 120 მატჩში გასულია 329 გოლი, ანუ საშუალოდ 2,74 ერთ მატჩში. თბილისის “დინამოს” უკვე 62 გოლი მოუგროვდა, რაც 20-ით მეტია ამ მხრივ მეორეადგილოსან “ლოკომოტივზე”. დინამოელებმა 18 თამაში მოიგეს და აქედან ნახევარი (9) დიდი ანგარიშით. ზოგადად, ამ 120 მატჩში 24-ჯერ დაფიქსირდა დიდი ანგარიში – სამი, ან მეტი ბურთით სხვაობა. მეტწილად მაინც დაძაბული თამაშებია.

კონკრეტულად გასულ ტურში თავიანთ გუნდებში სადებიუტო გოლი გაიტანეს ლევან კუტალიამ (“ტორპედო”), ლევან გეგეჭკორმა (“დინამო” თბ) და გიორგი ფანცულაიამ (“დილა”).

იმედია, დარჩენილ 12 ტურში კარგ თამაშებს ვნახავთ და მეტი საინტერესო ფეხბურთელიც გამოჩნდება.

0.110297