ფეხბურთი

12:33 | 28.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელის სემინარი ქართველი სპეციალისტებისთვის

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფიზმომზადების მწვრთნელმა რომან შვანტნერმა 26-27 აგვისტოს სასწავლო სემინარი ჩაატარა, რომელსაც ეროვნული ლიგის, ეროვნული ლიგა 2-ის, საფეხბურთო აკადემიებისა და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები დაესწრნენ.

მსმენელები დეტალურად გაეცნენ თანამედროვე ფეხბურთში დანერგილ მეთოდებს, ტრავმების პრევენციის, სარეაბილიტაციო პერიოდისა და ფეხბურთელთა სისწრაფე-გამძლეობის გასაუმჯობესებლად საჭირო ვარჯიშებს.

რომან შვანტნერმა პრეზენტაციის შემდეგ დამსწრეთა კითხვებსაც უპასუხა და მწვრთნელებს ქართულ ფეხბურთში არსებულ მოთამაშეთა სწორი აღზრდის პრობლემის მოსაგვარებელ გზებზეც ესაუბრა.

„უკვე საკმაო ხანია, საქართველოს ნაკრებში ვარ. ზუსტად ჩემთან მოდიან ის ბიჭები, რომლებიც აქ იზრდებიან და კარგად ვიცი, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ. პირველ პირში იმიტომ ვამბობ, რომ ახლა მე არ ვარ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი. მეც თქვენსავით საქართველოს წარმოვადგენ და ეს პრობლემა, რომელიც არსებობს, ხელისშემშლელია ყველასთვის ჩვენთვის. ცვლილებები აუცილებელია, რათა ქართულმა ფეხბურთმა სწორი განვითარება შეძლოს. თავიდანვე არასწორი აღზრდის, კუნთების არასწორი განვითარებისა და ტრავმების პრევენციის მეთოდოლოგიის არქონის გამო პრობლემები გვექმნება უკვე დიდ ფეხბურთში. ამიტომ მე მზად ვარ, ნებისმიერ დროს ნებისმიერი ქართული კლუბის მწვრთნელს დავეხმარო საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით. თუნდაც ის შედეგი, რაც ქართულ კლუბებს ჰქონდათ ევროთასებზე, არ არის გამოწვეული შემთხვევითობით, უპირველესად ეს ფეხბურთელთა არასწორი განვითარების ბრალია. მსოფლიო ფეხბურთის დინამიკა ძალიან სწრაფად იზრდება და ჩვენ ვეღარ გავუწევთ კონკურენციას, თუ დროული და სწორი მიდგომით არ ჩავერიეთ. სწორედ ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, იყვნენ პროფესიონალები, ათლეტურები და ის ტექნიკა, რაც ქართველებს ახასიათებთ, გამოიყენონ დინამიკაში. სხვაგვარად მას ფასი არ ექნება“ - ასე მიმართა საქართველოს ეროვნული ნაკრების სლოვაკმა მწვრთნელმა დამსწრეებს.

შეგახსენებთ, რომ წლეულს ეს უკვე მეორე სემინარია, რომელიც რომან შვანტნერმა საქართველოში ჩაატარა.

gff.ge

0.117203