საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა აკროპოლისის თასის პირველ მატჩში მასპინძელი საბერძნეთი დაძაბულ ბრძოლაში, მინიმალური სხვაობით დაამარცხა (VIDEO).
ჩვენმა ნაკრებმა ცუდად დაიწყო და პირველი პერიოდი 8:18 დათმო, თუმცა შემდეგ თამაში საგრძნობლად გამოასწორა და პირველი ტაიმის ბოლომდე სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა – 33:37.
საქართველოს ნაკრები მესამე პერიოდშიც უპირატესობას ფლობდა და ბოლო პერიოდის წინ ერთი ქულით წინ გასვლაც მოახერხა, თუმცა შეხვედრის დასკვნითი მონაკვეთი ჩვენი გუნდისთვის მძიმედ დაიწყო და ბერძნებმა 9 ქულითაც კი მოახერხეს წინ გასვლა. საქართველომ ჩამორჩენის შემცირება მოახერხა, ხოლო შეხვედრის დასრულებამდე 17 წამით ადრე გიორგი ცინცაძემ შესანიშნავი 3-ქულიანი ჩააგდო, რომელიც ისტორიული გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა – 72:71.
ქართველთა რიგებიდან საუკეთესო იყო გიორგი შერმადინი, რომელმაც 23 ქულას, 8 მოხსნას და 1 გადაცემას მოუყარა თავი. შესანიშნავად ითამაშეს გიორგი ცინცაძემ (13 ქულა, 2 მოხსნა და 5 გადაცემა), მანუჩარ მარკოიშვილმა (9 ქულა, 2 მოხსნა და 1 გადაცემა) და თორნიკე შენგელიამ (14 ქულა, 11 მოხსნა და 4 გადაცემა).
მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კოსტას პაპანიკოლაი იყო, რომელმაც 15 ქულა, 4 მოხსნა და 2 გადაცემა მოაგროვა.
საქართველოს ნაკრების სასტარტო ხუთეული ასეთი იყო: შერმადინი, დიქსონი, შენგელია, მარკოიშვილი, ცინცაძე;
შეგახსენებთ, რომ აკროპოლისის თასის მეორე მატჩში დღეს, თბილისის დროით 19:45 საათზე, საქართველოს ნაკრები სერბეთს დაუპირისპირდება, რომელმაც იტალია 73:65 დაამარცხა.
მოთამაშეების სრული სტატისტიკა იხილეთ ფოტოკოლაჟში