შეიცვლის თუ არა კლუბს ეროვნული ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი? საუბარია "საბურთალოს" 21 წლის ნახევარმცველ გიორგი ხარაიშვილზე. არაერთხლ იყო მის მიმართ დაინტერესება და ახლაც ასეა. ვითარების გასარკვევად "საბურთალოს" აღმასრულებელ დირექტორს, კახა კაშიას დავუკავშირდით:
"ხარაიშვილს გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ორი გუნდი აკვირდება, მაგრამ მოლაპარაკებებამდე საქმე არ მისულა. ასე რომ, კონკრეტული ჯერ არაფერი მომხდარა და კლუბების დასახელებასაც მოვერიდებით. ვიცით, რომ 1 სექტემბერს საქართველო-პოლონეთის 21-წლამდელთა ნაკრებების თამაშზე ჩამოვლენ სკაუტები, მათ შორის, კონკრეტულად ხარაიშვილის სანახავადაც".
შევიტყვეთ, რომ უცხოეთიდან დაინტერესებაა "საბურთალოს" მარცხენა მცველ ლუკა ლაკვეხელიანის მიმართაც.
"19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის დასრულებისთანავე, ლაკვეხელიანის საკითხზე ბევრი შეგვეხმიანა. ჯერჯერობით, ესეც ინტერესის დონეზეა. აგენტები უფრო აქტიურობენ, კონკრეტულად რომელიმე კლუბს კი ჩვენთან მოლაპარაკება არ წამოუწყია" - განაცხადა "საბურთალოს" აღმასრულებელმა დირექტორმა.