ფეხბურთი

10:11 | 23.08.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა: "ნაპოლი" ვარჯიშით ჯგუფშია , "სევილია" - ვაი-ვაგლახით (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაკომპლექტებამდე ერთი დღე და 5 გუნდი დარჩა. პლეი-ოფის პირველ სათამაშო დღეს საუკეთესო 32 გუნდში ადგილი შემდეგმა გუნდებმა მოიპოვეს:

“ნაპოლი”, “სელტიკი”, “მარიბორი”, “ოლიმპიაკოსი” და “სევილია”.

სასწაული არ მოხდა: ყაზახურმა “ასტანამ” გლაზგოში 0:5 წაგების შემდეგ ბუნებრივია, რომ “სელტიკს” ჩამორჩენა ვერ ამოუქაჩა და ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპით მოუწევს დაკმაყოფილება. არადა, ყაზახებმა ერთი ხანობა თითქოს გაიბრძოლეს და 4:1 ამარცხებდნენ მეტოქეს, მაგრამ კლასში სხვაობა მაინც იგრძნობოდა. საბოლოოდ, შოტლანდიის ჩემპიონმა მეორე თამაში საპატიო ანგარიშით დათმო – 3:4. ორი მატჩის ჯამში კი უპრობლემოდ მოხვდა ჯგუფურ ეტაპზე.

იგივე ითქმის “ნაპოლის” შესახებაც – იტალიელები ფრანგულ “ნიცაზე” ერთი თავით მაღლა რომ იდგა, ერთი კვირის წინ ნეაპოლშიც გამოჩნდა. სურათი არც “ალიანც რივიერაზე” შეცვლილა. “ნაპოლი” ფეხბურთს თამაშობდა, “ნიცა” – წვალობდა. საბოლოოდ, იგივე ანგარიში დაფიქსირდა, რაც პირველ მატჩში – 0:2. ამჯერად ხოსე კალეხონმა და ლორენცო ინსინიემ მოახერხეს ფრანგების დამწუხრება და “ნაპოლი” ჯგუფშია.

პირეოსის “ოლიმპიაკოსმა” ხორვატიის ჩემპიონ “რიეკას” მეორე თამაშიც მოუგო. განსხვავება ის იყო, რომ ბერძნებმა ამჯერად მშრალად, 1:0 იმძლავრეს. გამარჯვების გოლი გერმანელმა მარკო მარინმა პირველი ტაიმის შუაწელს შეაგდო.

ისტორია დაწერა სლოვენიის ჩემპიონმა “მარიბორმა” – დიდი ხანია ეს გუნდი ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას ლამობს, მაგრამ აქამდე სწორედ პლეი-ოფში მარცხდებოდა ყოველთვის. თუმცა, უსიამოვნო ტრადიცია დაირღვა. ბეერ შევას “ჰაპოელს” სლოვენიელებისთვის შინ 2:1 კი ჰქონდა მოგებული, მაგრამ გასვლაზე გოლი ვერ გაიტანა და მე-15 წუთზე ვილერის გოლმა არათუ მეორე შეხვედრის, არამედ მთლიანად ორრაუნდიანი დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა. “მარიბორი” ჩემპიონთა ლიგის, “ჰაპოელი” ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

და ბოლოს, ყველაზე საინტერესო პაექრობა ესპანურ “სევილიასა” და თურქეთის ვიცეჩემპიონ “ბაშაკშეჰირს” შორის შედგა. სტამბულში ესპანელებმა 2:1 მოიგეს და ბუნებრივია ფავორიტებადაც ითვლებოდნენ. თუმცა, ახალბედა “ბაშაკშეჰირი” საფეხბურთო სასწაულთან ძალიან ახლოს იყო, სანტიმეტრები დააკლდა. დიახ, 90-ე წუთზე, მაშინ, როდესაც ტაბლოზე საყაიმო ანგარიში ფიქსირდებოდა და თურქებს გასამარჯვებლად გოლიც ჰყოფნიდათ, ვეტერანმა ემრე ბელოზოღლუმ ჯარიმა ძელს გაარტყა. თორემ, “სევილია” ჩემპიონთა ლიგას ხელს დაუქნევდა.

იქამდე კი, ანაგრიში ელჯერო ელიამ გახსნა. ჰოლანდიელმა პირველი მატჩის მსგავსად ისევ დაამწუხრა სერხიო რიკო. სხვათა შორის, თურქეთში სევილიელთა მხრიდან გოლები ესკუდერომ და ბენ იადერმა გაიტანეს და სწორედ მათ მოახერხეს საპასუხო შეხვედრაშიც თავის გამოჩენა. 83-ე წუთზე “ბაშაკშეჰირი” თამაშში ვიშჩამ დააბრუნა, ბოლოს რაც მოხდა, უკვე გიამბეთ.

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო 5 მონაწილეც გვეცოდინება, ხოლო სექტემბრის შუა რიცხვებში ჯგუფური ტურნირი, ანუ, ნამდვილი ჩემპიონთა ლიგა დაიწყება.

“ასტანა” (ყაზახეთი) – “სელტიკი” (შოტლანდია) 4:3 – ორი მატჩის ჯამში: 4:8 VIDEO

გოლები: 1:0 აიერი (26, ა.გ), 1:1 სინკლერი (33), 2:1 მუჟიკოვი (48), 3:1 ტვუმასი (49), 4:1 ტვუმასი (69), 4:2 ნტჩამი (80), 4:3 გრიფიტსი (90)

“მარიბორი” (სლოვენია) – “ჰაპოელი” (ისრაელი) 1:0 – ორი მატჩის ჯამში: 2:2 (“მარიბორი” ჯგუფურ ეტაპზე სტუმრად გატანილი გოლით გავიდა) VIDEO

გოლი: 1:0 ვილერი (15)

“ნიცა” (საფრანგეთი) – “ნაპოლი” (იტალია) 0:2 – ორი მატჩის ჯამში: 0:4 VIDEO

გოლები: 0:1 კალეხონი (48), 0:2 ინსინიე (89)

“რიეკა” (ხორვატია) – “ოლიმპიაკოსი” (საბერძნეთი) 0:1 – ორი მატჩის ჯამში: 1:3 VIDEO

გოლი: 0:1 მარინი (25)

“სევილია” (ესპანეთი) – “ბაშაკშეჰირი” (თურქეთი) 2:2 – ორი მატჩის ჯამში: 4:3 VIDEO

გოლები: 0:1 ელია (17), 1:1 ესკუდერო (52), 2:1 ბენ იადერი (75), 2:2 ვიშჩა (83)

0.476435